ბიძინა ივანიშვილი სოლოლაკის სასახლეს ყიდის?

  16:27:17     28-01-2012

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პარტნიორებს ისეთი მადა აღმოაჩნდათ, რომ მათი დაკმაყოფილება თვით მილიარდერ ბიზნესმენსაც კი გაუჭირდა. ივანიშვილმა გასული წლის ბოლოსა და მიმდინარე წლის იანვარში კი დაურიგა ასიათასობით ლარი პოლიტპარტნიორებს, მაგრამ მადამოსულებს კვლავ მაღალი ანაზღაურება სჭირდებათ. ოლიგარქმა მოსკოვში არსებული ბიზნესის გაყიდვა გადაწყვიტა, ამით ივანიშვილი ორ კურდღელს დაიჭერდა, ნაღდი ფულიც გაუჩნდებოდა და ქართველ ხალხთანაც თავს იმართლებდა, რუსეთის აღმშენებლობას აღარ ვეწევი და მხოლოდ საქართველოსთვის მიძგერს გულიო. თუმცა ჯერჯერობით რუსული ბიზნესის გაყიდვას ვერ ახერხებს, როგორც ჩანს, რუსეთის მთავრობას, რომელიც ადგილობრივ ბიზნესს კარგად აკონტროლებს, არ სურს ივანიშვილი თავისი კლანჭებისგან გაათავისუფლოს. ამბობენ იმასაც, რომ საგონებელში ჩავარდნილმა ივანიშვილმა თავისი სოლოლაკის სასახლის გაყიდვაც კი გადაწყვიტა, იმისათვის, რომ ნაღდი ფული ჰქონდეს.

უცხოელი ჟურნალისტი - კრის სლეკი, რომელიც ივანიშვილმა საქართველოში ჩამოიყვანა, წერდა: დაცვა, რომელიც სასახლის შესასვლელში გვეგებება, ასე ესალმება სტუმრებს: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯეიმს ბონდის სახლში. მოკლედ, როგორც ჩანს, ჯეიმს ბონდი მზადაა საკუთარ სამფლობელოს დაემშვიდობოს. ივანიშვილის კუთვნილი ტერიტორია, საჯარო რეესტრის მონაცემებით: კოჯრის გზატკეცილზე, სტელა ,,თბილისის’’ მიმდებარედ, 28 901 კვ.მ-ზეა გადაჭიმული. სახლის მშენებლობა ოლიგარქმა 1998 წელს დაიწყო და ამ დროიდან გახდა ჭორვილელი ბიზნესმენი თბილისის ბინადარი. თუმცა ცნობილია, რომ პოლიტიკაში ჩართვამდე იგი საქართველოში ჩამოსვლისას ჭორვილაში უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს და შესაბამისად, მშობლიურ სახლს უფრო ხშირად სტუმრობდა. თუ მისი სასახლე გაიყიდება, ალბათ ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებს ისევ ჭორილადან უხელმძღვანელებს.

ის, რომ ბიზნესმენმა აღარ იცის ,,ქართულ ოცნებაში’’ ფულის აკუმულირება როგორც მოახერხოს, ორი დღის წინ კონტროლის პალატის მიერ გამოქვეყნებული ფაქტებითაც დასტურდება. კონტროლის პალატის  პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ნათია მოგელაძის,  25 იანვრით დათარიღებულ წერილში, რომლის ადრესატიც ,,ქართული ოცნება’’ გახლდათ, ნათქვამი იყო: ,,2012 წლის 17 იანვარს, შპს ,,ელიტა ბურჯმა’’, მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი 2 მილიონი ლარიდან, 100 000 ლარი უკან გადაურიცხა მოძრაობა ,,ქართულ ოცნებას’’. აღნიშნული ფაქტიდან 3 დღეში, შპს ,,ელიტა ბურჯმა’’,  2012 წლის 20 იანვარს გაფორმებული ახალი ხელშეკრულების საფუძველზე, 100 000 ლარის გარდა, მოძრაობა ,,ქართულ ოცნებას’’ კიდევ 1 მილიონი ლარი დაუბრუნა ანგარიშზე.

ვთვლით, რომ სახეზეა მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების ნიშნები. ორივე ორგანიზაცია რეალურად ეკუთვნის ერთი და იგივე ფიზიკურ პირს, მოძრაობა ,,ქართული ოცნების’’ გამგეობის თავმჯდომარე – ბიძინა ივანიშვილს და შესაბამისად, თავად არის დამკვეთიც, შემსყიდველიც და შემსრულებელიც. შპს ,,ელიტა ბურჯსა’’ და მოძრაობა ,,ქართულ ოცნებას’’ შორის გარიგება დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ შეთანხმებას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყოლოდა.’’ ივანიშვილს ფანდი არ გამოუვიდა, კონტროლის პალატამ მას აღნიშნული თანხის სახელმწიფოს სასარგებლოდ მიქცევის თავიდან ასაცილებლად, აღნიშნული თანხის ,,ელიტა ბურჯისთვის’’ უკან დაბრუნება ურჩია. კონტროლის პალატის ინფორმაციით: ,,საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ქართული ოცნება“ შეასრულა საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის კანონიერი მოთხოვნა და მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე, იურიდიული პირისაგან უკანონოდ მიღებული შემოწირულობა 1.100.000 (ერთი მილიონ ასი ათასი ლარი) ლარის ოდენობით - შპს „ელიტა ბურჯს“ უკან გადაურიცხა.

საქართველოს კონტროლის პალატა კარგად აცნობიერებს კანონით მონიჭებული მანდატის ფარგლებს. შესაბამისად, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც და მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქმიანობას პოლიტიკური დაფინანსების კანონიერებისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, რათა ხელი შეუწყოს ჯანსაღი და კონკურენტული პოლიტიკური-სარჩევნო გარემოს შექმნას და ყველა სუბიექტს, განურჩევლად მათი პოლიტიკური ხედვისა და სიმპატიებისა, მიეცეს საშუალება თანასწორუფლებიან პირობებში აწარმოოს პოლიტიკური საქმიანობა.

საქართველოს კონტროლის პალატა კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ კანონით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს და მოუწოდებს მათ, საქმიანობა განახორციელონ კანონის მოთხოვნების ფარგლებში, რადგან კანონის რეგულაციების გვერდის ავლის ყველა მსგავსი მცდელობა გახდება საჯარო საზოგადოებისათვის და გამოყენებულ იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.’’

მოკლედ, ივანიშვილს ფინანსური მაქინაციების საშუალებას ქართველი სამართალდამცავები არ აძლევენ. არადა რა ჰქნას ოლიგარქმა, რომლის გარშემომყოფებსაც ისეთი მადა აქვთ, რომ მათი დანაყრება თვით მილიარდერსაც კი გაუჭირდა?

,,პრესა.ჯი’’ ორი დღის განმავლობაში ცდილობდა ბიძინა ივანიშვილის პრესცენტრის ხელმძღვანელ, ირაკლი ტრიპოლსკისთან დაკავშირებას აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად, თუმცა იგი ,,გასულია მომსახურების ზონიდან’’. ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრი - ეკა ბესელია კი აღნიშნულ ინფორმაციას არ ფლობს. მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ივანიშვილის სასახლის გაყიდვის შესახებ არაფერი სმენია.