
მოსკოვი საქართველოს მიერ „ოკუპირებული“ ყაზბეგის „დაბრუნების“ პროექტში ერთვება?
13:48:03     28-01-2012
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ყაზბეგის მიმართულებით“ გააქტიურდა. უწყების წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა შემაშფოთებელი უწოდა იმ გარემოებას, რომ „ჩრდილოეთ ოსეთის მოსახლეობას, რომლებსაც ყაზბეგში სახლები აქვთ და ნათესავები ჰყავთ, რაიონში შესვლა ეკრძალებათ“.
დიპლომატიური უწყების წარმომადგენლის განცხადება საკმაოდ ისტერიულია. ლუკაშევიჩი ოსების ყაზბეგში შესვლაზე აკრძალვას დისკრიმინაციას უწოდებს და ამბობს, რომ „ეს თბილისის იმ პოლიტიკის ნაწილია, რომლის კულმინაციადაც იქცა მიხეილ სააკაშვილის ბრძანება, 2008 წლის 8 აგვისტოს ცეცხლი გაეხსნათ ცხინვალის საცხოვრებელი კვარტლების მიმართულებით“. ის ამბობს, რომ ოსებს ყაზბეგის რაიონში „შერჩევის პრინციპით“ არ უშვებენ და რომ თბილისის ქმედება „შოვინისტურია“.
განცხადება საკმაოდ საყურადღებოა, თუ გავითვალისწინებთ მის შინაარსსა და დიპლომატის მიერ გამოყენებულ ტერმინოლოგიას.
საქმე იმაშია, რომ პრეტენზიებს, რომელიც რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ოფიციალურად გამოთქვა, უკვე დიდი ხანია აყენებს ორგანიზაცია „დარიალი“, რომელიც ყაზბეგის რაიონის „დიდი ოსეთისათვის“ მიერთების თემაზე საინფორმაციო-იდეოლოგიურ მუშაობას ეწევა.
პოზიციების დამთხვევა, ალბათ, შემთხვევითი არ არის, რადგან ეჭვი არავის ეპარება, რომ „დარიალი“ სწორედ რუსული პროექტია და საქართველოს მიმართ ახალ ტერიტორიულ პრეტენზიებსაც მოსკოვის ინტერესების გათვალისწინებით აჟღერებს.
„დარიალის“ ხელმძღვანელის, გაირბეკ სალბიევის შეხედულებები არაფრით განსხვავდება ლუკაშევიჩის მიერ გაკეთებული განცხადებისგან. კერძოდ, სალბიევი, საქართველო-რუსეთის სასაზღვრო პუნქტის გახსნის მომენტიდანვე აცხადებდა, რომ ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრებ ეთნიკურ ოსებს უნდა ჰქონოდათ თავის სახლში - ყაზბეგის რაიონში თავისუფალი შესვლის უფლება. ეს განცხადებები მაშინაც და დღესაც იმ ფონზე კეთდება, რომ „დარიალი“ ყაზბეგის რაიონს „სამხრეთ ოსეთის“ შემადგენლობაში ხედავს და აცხადებს, რომ ოსი ხალხისათვის „სხვადასხვა სახელმწიფოების საზღვრით გაყოფილ მშობლიურ მიწაზე“ ცხოვრება მიუღებელია, ისევე როგორც ის, რომ ამ კონტინგენტზე არ უნდა ვრცელდებოდეს ქართული კანონმდებლობა. სალბიევის თქმით, მის ორგანიზაციას სურს, რომ ყაზბეგის რაიონი „დაუბრუნდეს“ „სამხრეთ ოსეთს“.
ყაზბეგის „დაბრუნების“ პროექტი რომ მხოლოდ „დარიალის“ აკვიატება არ არის, იმითაც დასტურდება, რომ სალბიევის „ტერიტორიულ პრეტენზიებს“ რუსეთის ოფიციალური პირებიც იზიარებენ. მაგალითად, 2008 წელს, როცა „დარიალის“ იდეები განსაკუთრებით პროპაგანდირებული იყო და სალბიევი ედუარდ კოკოითს ყაზბეგის რაიონის მიერთებას სთხოვდა, კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი არსენ ფაძაევი, რომელიც, თურმე, კოკოითის მსგავსად, ყაზბეგის რაიონის მოსახლეობისგან ასეთი შინაარსის წერილებს იღებდა: „ვითხოვთ, სამხრეთ ოსეთის მსგავსად გადაწყდეს ყაზბეგის რაიონის საკითხი“.
გაირბეკ სალბიევის თანამოაზრეები, რომელთა რიგებსაც უკვე, როგორც ჩანს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და დეპუტატები ღიად უერთდებიან, მიიჩნევენ, რომ „დიდი ოსეთი“ დღეს დანაწევრებულია: „ჩრდილოეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაშია, სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელია, ყაზბეგის რაიონი კი, - ცენტრალური ოსეთის ნაწილი, საქართველოს მიერაა ოკუპირებული.“ „დარიალი“ იმედს გამოთქვამს, რომ ეს დროებითი მდგომარეობაა იმ „სამართლიანობის აღდგენამდე“, რასაც „რუსეთის შემადგენლობაში ოსეთის გაერთიანების დიადი მიზანი“ ჰქვია.