განდეგილის (დომინიკა ერისთავი-მდივანის) „ფიქრი იუდასი“ (გარდაცვალების დღისადმი)
13:12:31     28-01-2012
1929 წლის 29 იანვარს, თბილისში გარდაიცვალა ქართველი პოეტი და პროზაიკოსი ქალი განდეგილი (დომინიკა ერისთავი-მდივანი).
დიმინიკა ზურაბის ასული დაიბადა 1864 წლის 28 ოქტომბერს (ახალი სტილით 9 ნოემბერს) სოფელ სალომინაოში, იმერეთში.
მისი პირველი ლექსი „ბარათაშვილის ნეშთის გადმოსვენების გამო“ , 1893 წელს, „ივერიაში“ დაბეჭდა ილიამ და ავტორი მუდმივ თანამშრომლად მიიწვია. ის გახლდათ პირველი კორექტორი ქალი. „ივერიაში“ გამოქვეყნდა მისი მოთხრობა „მუნჯი“, მერე მოთხრობები „გოგია“, „იის კონა“, „გვირგვინი“, „საშინელი ღიმილი“, „ურწმუნო ბოშა“ და სხვა. აღიარება მოუტანა პატრიოტულმა მოთხრობამ „მარინე“ (1897).
იგი, გარდა „ივერიისა“, თანამშრომლობდა „ცნობის ფურცელში“, „სახალხო ფურცელში“, „კვალში“, „ფასკუნჯში“ და სხვა.
განდეგილმა დიდი ამაგი დასდო ქართველი ქალის უფლებების დაცვის საქმეს (წერილი „პატარა ერის დიდებულნი ასულნი"), რომელიც გამოქვეყნდა "სახალხო ფურცელში" (1926, # 478); მან ერთ-ერთმა პირველმა დაარსა ქალთა ორგანიზაცია - "ქართველ ქალთა საზოგადოება", რომლის თაოსნობითაც გაიხსნა სალონი-საჩაიე "ძმური ნუგეში" (შემოსავალს გადასცემდნენ I მსოფლიო ომში მონაწილეებს, ფრონტზე მყოფთ). სალონში იკრიბებოდნენ იმ დროის გამოჩენილი მოღვაწეები, მწერლები და პოეტები.
განდეგილის ლექსებისა და მოთხრობების კრებული გამოქვეყნდა 1910, ლექსების კრებული - 1918.
წერდა ლირიკულ და პატრიოტულ ლექსებს. მას თარგმნილი აქვს ჰაინეს, რილეევის, გორკის, ტურგენევის, კუპრინის, მარკიზ სონიესა და სხვათა ნაწარმოებები. განდეგილმა ასევე თარგმნა გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან", რომლის ნაწყვეტები იბეჭდებოდა „კვალში"(1898-1899). ცალკე წიგნად გამოვიდა 1902 წელს, წიგნის რედაქტორი იყო ილია. განდეგილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარებაშიც. მან დაწერა და თარგმნა და არა ერთი საბავშვო მოთხრობა.
დომინიკა ერისთავის გარდაცვალების დღის აღსანიშნავად მკითხველს ვთავაზობთ მის ლექსს „ფიქრი იუდასი“. ლექსში კარგადაა გადმოცემული იუდას, მოღალატის განცდები, ლამაზადაა დახატული უმანკო ტარიგის „მშვიდი და სათნო სახე, სხივ-მომფინარე თვალები“...
ფიქრი იუდასი
გათავდა ყველა... იგი შეიპყრეს...
ურიასტანი მორჩა განსაცდელს!
ძლიერი ტომი ისრაელისა
ხვალ განუცხადებს თავის განაჩენს!
ვერ მოატყუებს პილატე-მსაჯულს,
თვალს ვერ აუხვევ ცრუ ოინებით
და ვერ აიცდენს სასტიკ სატანჯველს,
გადაწყვეტილსა საერთო ნებით.
მაგრამ ის სახე, სათნო და მშვიდი,
და ის თვალები, სხივ-მომფინარე,
ვითა აჩრდილი, კვალდაკვალ დამდევს,
ვერ მიპოვნია გულის სიწყნარე!..
სად დავიმალო? ყოველის მხრიდან
მესმის ყვედრება, კრულვა და წყევლა,
და სამარცხვინო ცოდვისა ქსელი,
ვითა ეკალი, ირგვლივ მერევა!..
თვით ის ფულები, ღალატის ფასი,
ხომ მივუბრუნე ფარისეველებს!
და ეს რაღაა, სისხლით შეღებილ
ვერცხლში რომ ვურევ მთრთოლვარე ხელებს!?
ვინ მატანს ძალას? ჰე, თვალნო ჩემნო,
ნუღარ უყურებთ ნურც ვერცხლს, ნურც აჩრდილს!
დადექით ხელნო, სისხლს ნუ მოიცხებთ
ისრაელთაგან სამართლით დაღვრილს!
სამართლით დაღვრილს?.. ეს რა ხმა მესმის!
ვინ? ვინ მეძახის? – „შე, გამცემელო!“
მე ვარ გამცემი? არა და არა!
მოვინანიე, რითაც შემეძლო!
„მოვინანიე! - რაღას უშველის
აწ სინანული და შეკდემება?
ურწმუნო ერმა სცა მართლის ყვრიმალს,
ნერწყვით შეჰბღალა ქვეყნის დიდება“.
„ნერწყვით შეჰბღალა? დაღვარა სისხლი?
ოჰ, სისხლი, სისხლი თვალთ მეჩვენება!
ნუ ისმენთ, ყურნო, თვალნო, დაბრმავდით,
გამიწყვდიადეთ ზეცის მშვენება!
და ამ ფიქრებით გარემოცული
იგი, დევნილი, ჰგოდებდა, თრთოდა;
სული ცოდვილი და მოღალატე
ღამის წყვდიადში მარტო დაძრწოდა.
(„კვალი“. 1901 წ., # 14)