
ივანიშვილის „სპეცჯგუფები“ „საეჭვო“ ჟურნალისტებზე მონაცემებს აგროვებენ...
13:54:42     27-01-2012
ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა რომ პოლიტიკური კარიერა შეცდომებით დაიწყო, ამას პოლიტოლოგებიც აღიარებენ და ის ადამიანებიც, ვინც დღეს მის კოალიციაში ირიცხება.
თუმცა ოლიგარქს, ირაკლი ალასანიას მიერ გამოცდილ–ნაცადმა ამერიკულმა პიარკამპანიამ ვერ უშველა. ივანიშვილი შეცდომების დაშვებას განაგრძობს.
„პრესა.ჯი“–სთვის ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენის, ასევე, მისი არასრულწლოვანი შვილის, ბერას მხარდამჭერ–თაყვანისმცემლებს დავალებული აქვთ „გააკონტროლონ“ სოციალური ქსელები და სხვადასხვა ინტერნეტ ფორუმები.
იმ ჟურნალისტებზე კი, რომლებსაც ოლიგარქის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ, მათი პირადი მონაცემების შეგროვება მიმდინარეობს.
რამდენჯერმე დაფიქსირდა კიდეც, რომ ჟურნალისტების სოციალური ქსელის პირადი გვერდიდან აღებული ფოტოები, უხამსი მინაწერებით სხვადასხვა ინტერნეტ გვერდზე თავსდება. ყველაზე „ყოჩაღები“ კი ფორუმ.ჯი–ზე „მუშაობენ“.
ადამიანებს კი, ვინც ამ ფოტოებს ავრცელებენ „ფრენდებში“ ბერა, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი, ბასა ჯანიკაშვილი და ოლიგარქის გარემოცვის სხვა წევრები ჰყავთ.
ამას გარდა, ისინი ბერა ივანიშვილის „ფეისბუქის“ გვერდსაც აკოტროლებენ და თუ ვინმე მის გვერდზე მათთვის მიუღებელ კომენტარს დადებს, მაშინვე „ზარი შუშის სასახლეში“ ხორციელდება. გვაქვს ინფორმაცია, რომ ბიზნესმენის „დამხმარეების“ საშუალებით, მისთვის „ფეისბუქიდან“ ჟურნალისტთა ფოტოები, პირადი მონაცემები (ინფოში რაც არის მითითებული) ინახება, „საჭირო დროისთვის.
ბიძინა ივანიშვილის, სოციალურ ქსელებსა და ჟურნალისტებზე „დაგეშილი ჯგუფების“ შექმნაში ვერავინ დაადანაშაულებს, ვიდრე კონკრეტული ფაქტები არ იქნება, თუმცა არსებობს მაგალითი, რომლის გამოც ეჭვს, რომელიც ჟურნალისტურ წრეებში ვრცელდება, არსებობის უფლება აქვს.
„ფეისბუქზე“ შეიქმნა გვერდი „გავიცნოთ ბიძინა ივანიშვილი“. ოლიგარქის ოფიციალურ გვერდზე „ფეისბუქში“ კი სასწრაფოდ გაჩნდა განცხადება, რომ ყველამ, ვისაც ეს გვერდი აქვს მოწონებული, „unlike“ მისცეს. ოლიგარქის პირად გვერდზე (სადაც მხოლოდ ბიზნესმენის განცხადებები, გეგმები და პოლიტიკური საქმიანობის ამსახველი ვიდეომასალა იდება) ეს განცხადება რამდენჯერმე გავრცელდა, ამას გარდა დაიდო ფოტოები მითითებით, თუ როგორ უნდა მოახერხოს მომხმარებელმა გვერდის დატოვება.
ადამიანები კი, ვინც ოლიგარქის „სოციალურ პიარკამპანიაში“ არიან ჩართული, ჟურნალისტების პირად შეურაცხყოფას არ ერიდებიან, სადაც კი ამის საშუალება მიეცემათ.