
„რესპუბლიკელები“ და მამამარჩენალი არქიფო სეთური
09:32:02     27-01-2012
ბიზნესმენის კარზე როლების გადანაწილება დაწყებულია. კოალიციის წევრები, ახლა იმას ცდილობენ, „მუხლჩაუხრელი შრომით“ რომელი უფრო მოაწონებს და „შეაყვარებს“ თავს ბიზნესმენს.
ოლიგარქის კარზე პასიურობენ „კონსერვატორები“, „ალასანია“, დავითაშვილის გუნდი, სამაგიეროდ არ სძინავს თინა ხიდაშელს. ხიდაშელი კარის დაარაჯივით ჩასაფრებულია. ცალკე სოციალურ ქსელებს „აკონტროლებს“ და თავს იღლის ივანიშვილის ქება–დიდებით, თან მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან კომენტარებს აკეთებს. თემა შეუზღუდავია.
ოლიგარქის გუნდში მიმსვლელთა ან დროებით დასაქმების მსურველთა სიას ხიდაშელის „მახვილი მზერა“ ხვდება. სწორედ „რესპუბლიკური პარტია“ „დანარჩენებიც იშვიათად) აკონტროლებს და ურჩევს ოლიგარქს ვინ მიიღოს თავის „ოცნებაში“ და ვინ არა.
ყოფილმა სახალხო დამცველმა ნანა დევდარიანმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრის, მურმან დუმბაძის „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებას „რესპუბლიკელები“ უშლიან ხელს.
დევდარიანის განმარტებით, როცა „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ჩამოყალიბება ხდება, ხელმძღვანელი ამბობს, რომ ესა თუ ის კაცი ორგანიზაციისთვის არ ვარგა და მას უკეთესი კანდიდატურა ჰყავს. „ქართულ ოცნებაში“ ამგვარი ტიპის ჩარევებია. არ შეიძლება, კოალიციაში მხოლოდ საკუთარ კომფორტზე იფიქრო. ვფიქრობ, რომ მურმან დუმბაძე „ქართულ ოცნებაში“ არ არის, „რესპუბლიკელების“ ხელი ურევია – განაცხადა დევდარიანმა.
თავად დუმბაძე „პრესა.ჯი“–სთან საუბრისას ამბობს, რომ გადაწყვეტილბა ბიძინა ივანიშვილის მისაღებია და არა „რესპუბლიკელების“. თუმცა დუმბაძის შემთხვევა პირველი არ არის. ამ დრომდე „ხმალამოღებული“ იბრძვიან ალასანია და მისი ყოფილი ალიანსელები, რომ ე.წ. რადიკალური ოპოზიციის არცერთი ლიდერი არ „გააჭაჭანონ“ ოლიგარქის კარზე.
მათი არგუმენტი ის არის, რომ რადიკალებს არ აქვთ რეიტინგი და რომ ოლიგარქისთვის მათთან თანამშრომლობა არ იქნება მომგებიანი. თავის დროზე „ქრისტიან დემოკრატების“ ერთ–ერთმა ლიდერმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილს აქვს რეიტინგი, მისი კოალიციის რეიტინგი კი არის ნული. რაღაც ციფრს, რომ მივუმატოთ ნული, იგივე ციფრს მივიღებთ.
თუმცა ხიდაშელი–უსუფაშვილისა მაინც დარწმუნებულია, რომ მისი პოლიტიკური პარტია რეიტინგულია და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გამარჯვებაში ლომის თუ არა, რაღაც წილს მაინც შეიტანს.
თუ „რესპუბლიკური პარტიის“ უახლოეს ისტორიულ წარსულს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ოლიგარქმა ისინი მხოლოდ სარჩენად შეიკედლა და რეალურად მათი მხარდამჭერთა რაოდენობა იმაზე ნაკლებია, ვიდრე რომელიმე რადიკალური ოპოზიციური პარტიისა.
2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში „რესპუბლიკელებმა“, რომლებიც „კონსერვატორებთან“ ერთად მონაწილეობდნენ ბლოკით „დავითაშვილი - ხიდაშელი - ბერძენიშვილი“, ხმების მხოლოდ 8,6% მიიღეს. აქედან რამდენი იყო წილი „რესპუბლიკელებისა“, თავად განსაჯეთ.
2007 წლის შემოდგომაზე „რესპუბლიკური პარტია“, რომელსაც წინსაარჩევნოდ დამოუკიდებლად მოქმედება უჭირს ხოლმე, „ეროვნულ საბჭოში“ გაწევრიანდა. ახლა აღარ არის თინათინ ხიდაშელისთვის მოდური ქუჩის აქციები, თორემ 2007 წლის ნოემბრის აქციების ერთ–ერთი ორგანიზატორი სწორედ ეს პოლიტიკური ორგანიზაცია იყოს. სხვათა შორის ამ წელს, ოლიგარქი ივანიშვილი ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენი იყო და სხვადასხვა უწყებებს აფინანსებდა.
პარტიამ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა გადაწყვიტა და ხმების 3.8% მიიღო, შესაბამისად ვერც ბარიერი ვერ გადალახა.
შემდეგ იყო პოლიტიკურად წარუმატებელი 2009 წელის, შემდეგ კი ალიანსი. ალასანიასთან დამეგობრება, დაშლა,.
2010 წლის არჩევნებზე „რესპუბლიკელებმა“ კვლავ ვერ გაბედეს დამოუკიდებლად მონაწილეობა არჩევნებში ალიანსის სახელით ოპოზიციურ პარტიათა შორისაც კი ვერ გავიდა პირველ ადგილზე.
სწორედ ასეთი ბეგრაუნდის მქონე ხიდაშელს ჰგონია, რომ მისი პარტიის მხარდამჭერთა რიგები სავსეა და სხვა პოლიტიკურ პარტიებს არ ჰყავთ ამომრჩევლები. „რესპუბლიკელებს“ წელს სანერვიულო არაფერი აქვთ, ისევ გამოჩნდა ძალა, რომლის „კალთას ამოფარებული“ მიიღებენ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. შემდეგ კი, ისევ ახალი მარჩენალის ძიებას დაიწყებენ.