ჟერარ დე ნერვილის „ეპიტაფია“

  15:06:33     26-01-2012

1855 წლის 26 იანვარს გარდაიცვალა დიდი ფრანგი პოეტი და მწერალი ჟერარ დე ნერვალი (Gérard de Nerval). იგი თავად გამოეთხოვა სიცოცხლეს...

ჟერარ დე ნერვალი ფსევდონიმია, მისი ნამდვილი სახელი იყო ჟერარ ლაბრიუნი (Gérard Labrunie).

მომავალი პოეტი დაიბადა 1808 წლის 22 მაისს, პარიზში, ნაპოლეონის არმიის სამხედრო ექიმის ოჯახში. დედა პატარაობისას მოუკვდა. იზრდებოდა პროვინციაში. 1814 წელს მამამ პარიზში წამოიყვანა და სასწავლებლად შეიყვანა კარლოს დიდის სახელობის ლიცეუმში. ლიცეუმში შესანიშნავი განათლება მიიღო. იმ პერიოდში დაუახლოვდა პოეტსა და კრიტიკოს, რომატნიკოს თეოფილე გოტიეს.

ჟერარ დე ნერვალის პირველი წარმატება გახლდათ გოეთეს „ფაუსტის“ თარგმნა, რამაც კრიტიკოსების და თვით დიდი გოეთეს მოწონება დაიმსახურა. ძალიან მოსწონდა ვიქტორ ჰიუგო. მისი შემოქმედების გავლენით დრამაც დაწერა.

1830 წლის 27 ივლისს საფრანგეთში დაიწყო რევოლუცია, მეფე  კარლოს X-ის წინააღმდეგ, რომელიც კონსერვატიულ პოლიტიკას ატარებდა და ოცნებობდა, 1789 წლის რევოლუციამდელი ვითარება აღედგინა ქვეყანაში. 2 აგვისტოს მეფე იძულებული გახდა გადამდგარიყო. გაამეფეს მისი მოგვარე, ბურბონთა უმცროსი შტოს წარმომადგენელი, ორლეანის ჰერცოგი, რომელიც ტახტზე ავიდა ლუი-ფილიპე I-ის სახელით. რევოლუციონერებმა  მონარქს „მეფე-მოქალაქის“ ტიტული მიანიჭეს. ეს იმდროინდელი საზოგადოების მიერ წინგადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალა, რადგან კანონები უფრო ლიბერალური გახდა. სწორედ ამას მიესალმა ახალგაზრდა პოეტი ჟერარ დე ნერვალი. თუმცა, მალე აუცრუვდა გული.

იმ პერიოდში გაიცნო მსახიობი ქალი ჟანი კოლონი, რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდა. ქალი სხვას გაჰყვა ცოლად, მაგრამ პოეტისათვის ის მაინც აღტაცების, სევდისა და ნერვიულობის წყაროდ დარჩა, მისი პოეზიის მუზად, ერთგვარ მითოლოგიურ ქალღმერთად.

დაარსა ჟურნალი, რომელშიც მთელი თავისი ქონება დააბანდა, თუმცა ჟურნალი გაკოტრდა და ჟერარ დე ნერვალმა ყველაფერი დაკარგა.

იმავე პერიოდში გაიცნო ალექსანდრე დიუმა. მასთან ერთად ჟერარ დე ნერვალმა რამდენიმე პიესა დაწერა. ერთ-ერთი რომ სცენაზე დაიდგა,მისმა სათაყვანებელმა ჟანნი კოლონმა ითამაშა მთავარი როლი...

უყვარდა მოგზაურობა. იმოგზაურა ბელგიაში, ჰოლანდიაში, ინგლისში, გერმანიაში... თარგმნა ჰაინრიხ ჰაინეს, შილერის და სხვათა ნაწარმოებები. აღწერდა თავის მოგზაურობებს, წერდა ლექსებს, ნოველებს, პიესებს...

სიცოცხლის უკანასკნელი წლები სიღარიბეში გაატარა, 1841 წლიდან აწუხებდა ფსიქიკური პრობლემები, მკურნალობდა კიდეც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

როგორც ვთქვით, პოეტი გარდაიცვალა 1855 წლის 26 იანვარს... 

ჟერარ დე ნერვალის შემოქმედება მხოლოდ  შემდგომმა თაობებმა დააფასეს ჯეროვნად. მისმა შემოქმედებამ დიდად იმოქმედა სიმბოლისტებზე. ის შემდგომში თავის წინამორბედად გამოაცხადეს სიურრეალისტებმა. დაკრძალულია პარიზში, პერ ლაშეზის სასაფლაოზე.

ჟერარ დე ნერვალის გარდაცვალების დღის აღსანიშნავად გთავაზობთ მის სონეტს „ეპიტაფია“, რომელიც თარგმნა გივი გეგეჭკორმა.

„სონეტის დასრულება“ უმთავრესი მიზანია პოეტისათვის, რომელსაც სიკვდილმა მიუკაკუნა, სხვა ყველაფერი უაზრობაა, ცხოვრების გზა „განვლო და რისთვის?“

ეპიტაფია

(თარგმნა გივი გეგეჭკორმა)

ყოველდღიური არსებობის ჯვარზე გაკრული,
შოშიასავით უზრუნველი და მგრძნობიარე,
იგი ოცნებით იშუშებდა სულის იარებს
და ერთ საღამოს შემოესმა კარზე კაკუნი.

სიკვდილი იყო! და მან სტუმარს გაუბედავად
შესთხოვა: „სონეტს დავასრულებ, მაცალე წუთით,
მე ვიცი, მე ვარ ბინადარი იმ ცივი ყუთის,
რომელშიც უნდა იკანკალოს ჩემმა ცხედარმა“.

დაგვიმოწმებენ, რომ ზარმაცი იყო, ყველანი,
საწერ-კალამში უხმებოდა ხშირად მელანი,
ვერაფერს ჩასწვდა შემცნობელი ყოველი ნივთის.

და როცა ჟამმა დარეკა და ხმა აუთრთოლდა
და დააპირა განშორება ამ საწუთროსთან,
წაიჩურჩულა მიმავალმა: „განვვლე და რისთვის?“