
რეზო ჭეიშვილი: ივანიშვილის აზრი, უმრავლესობით მოსვლაზე, გადამეტებულია
14:44:39     26-01-2012
წლების მანძილზე ივანიშვილი ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს აფინანსებდა. ისინი, ვინც ოლიგარქის წყალობას ყოველთვიურად „ქართუ ბანკის“ საშუალებით იღებდნენ, დღეს ოლიგარქის მხარდამჭერთა რიგებში არიან.
მსახიობები და რეჟისორები ბიზნესმენთან და ახლა უკვე პოლიტიკოსთან, შუშის სასახლეში ვახშმობაზეც არ ამბობენ უარს და ათას მიტინგს დასწრებულ–მოსწრებულები ახლა მილიარდერის ფულის ტომარას შესციცინებენ.
ოლიგარქის მიერ ფინანსდებოდა მწერალი და დრამატურგი რეზო ჭეიშვილიც. მწერალს ბიზნესმენთან შეხვედრა სურს და ამბობს, რომ უნდა პირადად გაიცნოს. ალბათ ივანიშვილისაც მოუწევს მწერლის გაცნობა, ვინაიდან სახეზეც ვერ სცნობს, რამდენად იცნობს მის შემოქმედებას, ეს უკვე აღარ არის ჩვენთვის ცნობილი.
მწერლისთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოში ხელისუფლებას ჰყავდეს ძლიერი ოპოზიცია, თუმცა ეჭვობს, რომ ოპოზიციის სიძლიერე მხოლოდ ფინანსებში არ გამოიხატება.
„შეუძლებელია გამარჯვება მხოლოდ ფინანსებით. კიდევ სხვა რამეა საჭირო. თუნდაც კარგი ავტორიტეტული ჯგუფის შექმნა. მის პოლიტიკურ კოალიციას პარლამენტში შესვლაზე, რომ პრობლემა არ ექნება ვიცი. შევა პარლამენტში გარკვეული რაოდენობით, თუმცა მეეჭვება უმრავლესობის მოპოვება შეძლოს. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, იქ გაუჭირდება ივანიშვილს. რთული იქნება და დიდი შანსია წააგოს“– ამბობს მწერალი.
ჭეიშვილი დარწმუნებულია, რომ ოლიგარქის კოალიციის წევრებს, ივანიშვილის პოლიტიკურ გეგმებსა და იდეებზე მეტად, მისი ფული აინტერესებთ. „ბევრს გაუჩნდა აზრი, რომ ბიზნესმენთან იმიტომ შეგროვდა ამდენი პოლიტიკოსი, რომ მათ ფინანსური დაინტერესება აქვთ. შეიძლება იყვნენ ისეთებიც, ვინც ეთანხმება პოლიტიკურ გეგმებს, მაგრამ 90%–ს რომ მისი ფული ხიბლავს, ამაში ორი აზრი არ არის“.
მწერლის პროგნოზი კი, ოლიგარქის გეგმებზე ასეთია: „მგონია, რომ უმრავლესობით მოსვლაზე ფიქრი ცოტა ზედმეტია. პოლიტიკური პარტია ან კოალიცია, არსებობის პირველსავე არჩევნებზე ვერ მოახერხებს ამდენს. ამის მიზეზი ისიც არის, რომ არის საქართველოში პარტიები, რომლებსაც მხარდამჭერები ჰყავთ. ამას გარდა არც ის უნდა დაავიწყდეთ, რომ ხელისუფლებას ჰყავს ბევრი მხარდამჭერი. საინტერესო პროცესებია და სჯობს დაველოდოთ შემოდგომას“–აცხადებს რეზო ჭეიშვილი.