
ბიძინა ივანიშვილის ფინანსური მაქინაცია
13:08:11     26-01-2012
როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა ფინანსური მაქიაციები არ მოიშალა. მიუხედავად იმისა, რომ მას შს სამინისტრომ ერთხელ უკვე ჩაუშალა მათ შავი ფულის დატრიალების მცდელობა და ამ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრება) ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ივანიშვილი მაინც ცდილობს კანონს გვერდი აუაროს. ,,საქართველოს ბანკის" სათაო ოფისთან „ბანკი ქართუს“ ინკასაციის მანქანიდან შს სამინისტროს მიერ ამოღებული 2 მლნ დოლარი და 1 მლნ ევრო სამართალდამცავებმა ივანიშვილს უკან დაუბრუნეს, თუმცა ახლა ივანიშვილის 1 100 000 ლარის ბედი დგება საფრთხის ქვეშ. ,,ქართული ოცნება’’ ფინანსურ მაქინაციაში, ამჯერად, კონტროლის პალატამ გამოიჭირა.
კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ნათია მოგელაძის, 25 იანვრით დათარიღებულ წერილში, რომელიც სავარაუდოდ ,,ქართულმა ოცნებამ’’ უკვე მიიღო, ნათქვამია: ,,2012 წლის 17 იანვარს, შპს ,,ელიტა ბურჯმა’’, მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი 2 მილიონი ლარიდან, 100 000 ლარი უკან გადაურიცხა მოძრაობა ,,ქართულ ოცნებას’’. აღნიშნული ფაქტიდან 3 დღეში, შპს ,,ელიტა ბურჯმა’’, 2012 წლის 20 იანვარს გაფორმებული ახალი ხელშეკრულების საფუძველზე, 100 000 ლარის გარდა, მოძრაობა ,,ქართულ ოცნებას’’ კიდევ 1 მილიონი ლარი დაუბრუნა ანგარიშზე.
ვთვლით, რომ სახეზეა მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების ნიშნები. ორივე ორგანიზაცია რეალურად ეკუთვნის ერთიდაიგივე ფიზიკურ პირს, მოძრაობა ,,ქართული ოცნების’’ გამგეობის თავმჯდომარე – ბიძინა ივანიშვილს და შესაბამისად, თავად არის დამკვეთიც, შემსყიდველიც და შემსრულებელიც. შპს ,,ელიტა ბურჯსა’’ და მოძრაობა ,,ქართულ ოცნებას’’ შორის გარიგება დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ შეთანხმებას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყოლოდა.
,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ’’ საქართველოს კანონის მიხედვით კი, ბათილია ყველა გარიგება, რომელიც მიზნად ისახავს კანონით დადგენილი წესებისა და შეზღუდვებისათვის თავის არიდებას. ამგვარი გარიგების საფუძველზე გაცემული და მიღებული ქონება მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში.
ამ შემთხვევაშიც მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ქმედებები განხორციელებულია ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის რეგულაციების გვერდის ასავლელად და მიზნად ისახავს იურიდიული პირისგან, კონკრეტულ შემთხვევაში შპს ,,ელიტა ბურჯისგან’’ მიღებული კანონით აკრძალული შემოწირულობისათვის კანონიერი სახის მინიჭებას.
საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური, ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონით მონიჭებული მანდატის საფუძველზე ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს კანონის რეგულაციების გვერდის ავლის ყველა მსგავს მცდელობაზე.’’
ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს დრო ,,შეცდომა’’ გამოასწოროს, ვინაიდან კონტროლის პალატა კანონით გათვალისწინებული სანქციების გამოყენების თავიდან ასაცილებლად სთავაზობს, მოძრაობა ,,ქართული ოცნების’’ ანგარიშზე იურიდიული პირის – შპს ,,ელიტა ბურჯის’’ მიერ ჩარიცხული თანხა – 1 100 000 ლარი შპს ,,ელიტა ბურჯის’’ ანგარიშზე დააბრუნოს.