შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან

  11:56:59     26-01-2012

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია დღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ელჩები, სამხედრო ატაშეები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე 2011 წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მუშაობა შეჯამდა. სტუმრებს საშუალება მიეცათ 2012 წლის მინისტრის ხედვის გეგმას გაცნობოდნენ და მის საბოლოო ჩამოყალიბებამდე საკუთარი შეხედულებები და შენიშვნები გამოეთქვათ. საუბრის ძირითადი თემები იყო: სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტები, თავდაცვის შესაძლებლობების მთავარი ასპექტები, სამხედრო განათლება და წვრთნები, საქართველოს მიერ ნატოსთან აღებული ვალდებულებები, ISAF-ის მისია, თავდაცვის დაგეგმვისა და მართვის სისტემის მიმდინარე ტენდენციები და თავდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივები.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებისთვის კომენტარებიც გაკეთდა, სადაც თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ აღნიშნა - ”ამ ეტაპისთვის გვაქვს მეტ-ნაკლებად სერიოზული პროგრესი იმ მიმართულებაზე, რასაც ქვია ტრანსფორმაცია შეიარაღებული ძალების. ამაში რა თქმა უნდა უდიდესი წვლილი აქვს სწორედ იმ კონსულტაციებს და დახმარებებს, რასაც ჩვენ ვღებულობთ ჩვენი ნატოელი მეგობრებისგან. პრინციპში ახლა შეიძლება ითქვას, რომ ვართ ერთსულოვანი იმაში, რომ მივდივართ სწორი გზით, შესაბამისად ვფიქრობ, რომ წლევანდელი წელი იქნება ბევრად უფრო წარმატებული, ვიდრე წინა წელი.”

ჟურნალისტებისთვის კომენტარი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმაც გააკეთა: “დღეს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა და გავეცანით თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტებს მომავალი და შემდგომი წლებისათვის, მოვისმინეთ თუ როგორ აპირებს თავდაცვის სამინისტრო გააძლიეროს თავდაცვითი შესაძლებლობები და ჩამოაყალიბოს თანამედროვე და გამჭვირვალე თავდაცვის უწყება, რომელიც მზად უნდა იყოს გაუმკლავდეს მის წინაშე მდგარ საფრთხეებს და დარწმუნდეს, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები სათანადოდ არის მზად ამისთვის. მე ვფიქრობ, რომ ინფორმაცია რომელიც დღეს მივიღეთ არის იმ დიალოგის ნაწილი, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთან გვაქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებისა და გაღრმავებისათვის.” 

mod.gov.ge