გურანდა გაბუნია თეატრის ფულს ფლანგავდა?

  11:13:25     26-01-2012

 მსახიობი გურანდა გაბუნია - უმწიკვლო სახით, ქართული ინტელიგენციის ნაღებად შერაცხული თეატრალური ელიტის ცნობადი სახე, რომელიც  ხან  საზოგადოებას ასწავლის ჭკუას, ხანაც - მთავრობას, ამჯერად ბიძინა ივანიშვილის  შუშის სასახლეში  ძველი დამფინანსებლისა და ახალი  პოლიტიკური კერპის  ოჯახურ სუფრებზე დაიარება. 

გურანდა გაბუნიას რომ საბჭოთა რუსეთის ნოსტალგია  ხშირად აწვება, მისსავე  საუბარშიც ვერ მალავს. თუმცა ბიძინას თამასუქები ერთადერთი დაფინანსება  არ გახლავთ. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს მოსკოვი რომ გულზე ესალბუნება და  სანატრელი „ველიკაია დერჟავას“ დედაქალაქიდან მოწვევებს იღებს, ეს ოფიციალური დოკუმენტაციებითაც დგინდება. 

ფაქტები, რომლებიც კონტროლის პალატის 2006 წლის ნომერ 224/47 შემოწმებაშია ასახული, მსახიობ გურანდა გაბუნიას ფაქტობრივად, თანხების მითვისებაში ამხელს. 

მაკონტროლებელმა უწყებამ მაშინ მარჯანიშვილის თეატრის მიერ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კანონიერება შეამოწმა.  ივანიშვილის ფავორიტ მსახიობს კონტროლის პალატა თითქმის  ფინანსურ  აფიორაში  ადანაშაულებდა. 

ციტატა სარევიზიო აქტიდან: „სამივლინებო თანხებიდან მსახიობ გურანდა გაბუნიაზე გაცემულად ნაჩვენებია 2950 ლარი. მათ შორის: 2004 წლის 28 აპრილის ნომერ 107 სალაროს გასავლის ორდერით 1350 ლარი ავანსად და 4 ივნისის ნომერ 138 სალაროს გასავლის ორდერით 1600 ლარი. 

უნდა აღინიშნოს, რომ მივლინების საფუძველს წარმოადგენდა  2004 წლის 27 აპრილის ნომერი 2/01-05 ბრძანება და სპექტაკლი „მიტევების დღე“.  ამ ბრძანებაში, მოსკოვში გასტროლებთან დაკავშირებით 5 პიროვნების მივლინებაზე (მათ შორის გურანდა გაბუნიაზე) იყო საუბარი. 

ბრძანების მიხედვით მგზავრობის თანხის ანაზღაურება მოხდებოდა თეატრის მიერ, ხოლო სამივლინებო ხარჯებს ფარავდა რუსეთის მხარე. მივლინებული თანამშრომლების სამივლინებო ბარათები სარევიზიო ჯგუფისთვის ვერ იქნა წარმოდგენილი, ამიტომ ვერ დგინდება მოწვევაში არსებული პირობა დანახარჯების წილობრივად გაწევის შესახებ. 

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების საფუძველზე გახარჯულია 5061 ლარი, მათ შორის 1511 ლარი აღებული ვალდებულების დარღვევით, მაშინ, როდესაც გასტროლებიდან ამონაგები თეატრის შემოსავალში დაფიქსირებული არ არის“.