ცხინვალში დღესაც ლენინის მზეს ფიცულობენ

  08:15:44     26-01-2012

რუსეთის ისტორული თარიღების აღნიშვნით ცხინვალი იმდენად გატაცებულია, რომ თვით მოსკოვში მივიწყებული ვლადიმერ ილიჩის გარდაცვალების დღის აღნიშვნაც არ ავიწყდებათ.

დიდი ბელადის გარდაცვალების თარიღი წელსაც გაახსენდათ. 21 იანვარს, ადგილობრივი ოფიციალური მედია მწუხარებით იუწყებოდა, რომ „დღეს, 21 იანვარს, ზუსტად 88 წელი გავიდა იმ მომენტიდან, რაც გარდაიცვალა რევოლუციის ბელადი, ბოლშევიკური პარტიის ლიდერი და საბჭოთა ხელისუფლების ლიდერი ვლადიმერ ილიჩ ლენინი. მისი ხსოვნა უკვდავყოფილია სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში“.

ალბათ, ლენინის გახსენება და მისდამი პატივის მიგება, ცხინვალის აზრით, ერთ-ერთი გზაა, ერთგულება დაუმტკიცონ რუსეთს, სადაც, სხვათა შორის, ლენინის თემა პერიოდულად იმ კუთხით გააქტიურდება ხოლმე, რომ ვერ გადაუწყვეტიათ, გაიტანონ თუ არა მისი ნეშტი მავზოლეუმიდან.

სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად, ბელადის ჩვეულებრივ სასაფლაოზე გადასვენებას „ედინაია როსიაც“ ემხრობა, თავის დროზე, დეპუტატი ვლადიმერ მედინსკი ამბობდა, რომ „ეს რაღაც წარმართულ-ნეკროფილური მისიაა წითელ მოედანზე. ლენინის აღარანაირი ნაწილი იქ აღარ არის, შენარჩუნებულია მისი სხეულის 10%. ბევრი შეურაცხყოფილია იმით, რომ ვასილევსკის დაღმართზე როკ-კონცერტები იმართება, მაგრამ ჩვენ არც კი დავფიქრებულვართ იმაზე, რომ ეს ორმაგი მკრეხელობაა - კონცერტები საფლავის ტერიტორიაზე ტარდება, ეს უკვე, რაღაც სატანიზმია“ - განაცხადა მედინსკიმ.

სამაგიეროდ, ცხინვალში არავინ ფიქრობს შეეხოს იმ „ისტორიულ მემკვიდრეობას“, რომელიც მოსახლეობას დიდი ბელადის  არსებობას შეახსენებს.

ასე მაგალითად, საიუბილეო 21 იანვარს ცხინვალის ერთ-ერთი გაზეთი სიამაყით წერდა, რომ ჯერ კიდევ 1934 წელს, ლენინის პატივსაცემად, სოფელ ახალგორსა და ახალგორის რაიონს ლენინგორი და ლენინგორის რაიონის ეწოდა „და, რა თქმა უნდა, სამხრეთ ოსეთის დედაქალაქში არსებობს ლენინის ქუჩაც და საკმარისი რაოდენობა ძეგლებისა, რომლებიც საბჭოთა დროიდან შემორჩა“ - წერს გაზეთი.