
აფხაზები შიშობენ, რომ რუსეთი მათ „ქვეყანას“ დააკარგვინებს
20:46:23     24-01-2012
„მეგობარი“ რუსეთის დახმარებით „განებივრებული“ აფხაზები, ბოლო პერიოდში, სულ უფრო ხშირად წუხან იმაზე, რომ თვითმყოფადობას კარგავენ და სხვა ხალხებს შორის ითქვიფებიან. აფხაზი ავტორი ესმა აშბა, რომელიც გაზეთ „ნუჟნაიაში“ ამ პრობლემაზე წერს, ამბობს, რომ აფხაზები დილემის წინაშე დგანან - „შევინარჩუნებთ თუ არა აფხაზეთს?“ და ამ პრობლემაში რუსეთის „წვლილზე“ მიუთითებს.
აშბა შენიშნავს, რომ აფხაზეთში ჩასული რუსები, ერთგულების დასტურად, მათი „ისტორიული მეგობრობის“ შესახებ იხსენებენ ხოლმე, მაგრამ „რატომღაც არავის ახსენდება ის, რატომ გაყარეს ჩვენი თანამემამულეები თურქეთში“.
მოსკოვის მიერ აღებული კურსი - აფხაზეთის ხალხის დახმარება, სულაც არ ნიშნავს, რომ ეს დახმარება აფხაზი ხალხისთვისაა განკუთვნილი, რომელიც მოზღვავებულ სხვა ეროვნების წარმომადგენლებში დღეს ისე ჩაიკარგა, რომ მალე აფხაზები ამ „ქვეყანაში“ ვეღარაფერს გადაწყვეტენ.
„მადლობა მას, ვინც იმიტომ გეხმარება, რომ ესმის შენი პრობლემები, მაგრამ როცა ეხმარები იმისთვის, რომ გამორჩენა გქონდეს, ეს დახმარება არ არის. ჩვენ თავზე ხელს გვისვამენ, გვაქებენ და ჩვენც ტაშს ვუკრავთ. მაგრამ ხომ გვესმის, თუ რა დახმარებაა ეს, როცა ჩუმად, რამდენიმე თვეში, როგორც სოკოები, მთელი ქალაქები იზრდება აფხაზეთში. აღწერამ კი აჩვენა, რომ ჩვენ ცოტანი დავრჩთ, პლუს ის „დევნილები“, რომლებსაც არჩევნების დროს პასპორტები დაურიგეს. რა მოხდება, თუ ამ მასაში გაითქვიფება აფხაზი ხალხი, მოკვდება ენა? ეს არ ესმით ჩვენს კეთილისმყოფელებს? ესაა ჩვენი დახმარება? ინტელიგენციის ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ ჩვენი ახალგაზრდობა კლავს ენას, როცა არ საუბრობს, არ კითხულობს ამ ენაზე, მაგრამ რამდენი წიგნიც არ უნდა გამოუშვან ამ ენაზე, ის იკარგება და ახალგაზრდობა არაფერ შუაშია. თუ ბავშვი გადის ეზოში და არამშობლიურ ენაზე კონტაქტობს, მას არ ეცოდინება ეს ენა. და თუ ხვალ ვინმე თავს მოგვახვევს რეფერენდუმს, ჩვენ, ძირძველი მოსახლეობა, ვერაფერს გადავწყვეტთ, ჩვენს ნაცვლად სხვები გადაწყვეტენ. ამის მაგალითი სამხრეთ ოსეთია. საერთოდ, რატომ დადგა იქ რუსეთში შესვლის საკითხი? ე.ი. აღიარება მხოლოდ ხაფანგია?“ - წერს ეშბა.
როგორც ჩანს, აფხაზეთში უკვე დაფიქრდნენ იმაზეც, რომ ეს ტერიტორია რუსეთის ერთ დიდი სამხედრო ბაზად გადაიქცა, როცა ზედიზედ იხსნება სამხედრო ობიექტები, აფხაზი ჩინოვნიკები კი იძულებულნი არიან, - ზოგიც, ნებაყოფლობით, - ტაში დაუკრან ამ „წინსვლას“.
„ჩვენ კლოუნებად ვაქციეთ საკუთარი თავები… შედეგად, ხანგრძლივი დროით აღმოვჩნდებით დიდ ორმოში, საკუთესო შემთხვევაში, ჩვენ შვილიშვილები და შვილთაშვილები აგებენ ამაზე პასუხს… აფხაზეთისთვის არახელსაყრელ ფასებში გაყიდულია 22 ობიექტი, ცხვირწინ აგვაცალეს სანატორიუმი „სოხუმი“, გადაუჭრელია სოფელ აიბღას საკითხი, კიდევ ეს მსოფლიო სავაჭო ორგანიზაცია… ვყიდით ქვიშასა და ქვას კოდორიდან, რა კრასნოდარის მხარეში არ არის მდინარეები? მაგრამ რატომ გაიფუჭებენ თავის ლანდშაფტს, ეკოლოგიას, როცა აქ „ტუგადუმების“ ქვეყანაა?
როდემდე ვაძლიოთ ტერიტორიები, ეხლა აიბღა, მერე გაგრა და რიწა, და რა დარჩება აფხაზეთისგან ?“ - მოვლენათა ასეთი განვითარების რეალურ საფრთხეს არა მხოლოდ ეშბა ხედავს.
გასული წლის ზაფხულში, ძლივს ჩააცხრეს რუსი ჟურნალისტების ნაწილის „პუბლიცისტური შტურმი“ „ხეპრე, უზრდელ“ აფხაზებზე, რომლებმაც „სიკეთის დაფასება არ იციან“.
მაგრამ აფხაზებს ეხლაც აინტერესებთ, „რატომ უნდა გვლანძღავდნენ ვიღაც თავხედები ინტერნეტით, რომ ისინი ჩვენ გვაჭმევენ?“.
შესაძლოა, ესმა აშბას ასეთი პუბლიკაცია მისი ოპოზიციური შეხედულებებით ახსნან, მაგრამ მისი ხედვა დიდად არ განსხვავდება აფხაზი ბატალ შუშანიას ხედვისგან, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და წერს, რომ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ინტერვიუ ყაბარდო-ბალყარეთს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხასეს“ თავმჯდომარისა და აფხაზეთის ომში მონაწილე ჩერქეზი მოხალისეების მეთაურის იბრაგიმ იაგანოვის ინტერვიუში (რომელიც „პრესა.ჯი“-მაც შემოგთავაზათ), ძალიან ბევრი სიმართლეა ნათქვამი. კერძოდ ის, რომ აფხაზეთი, რუსული კოლოსალური ფულადი დახმარების მიუხედავად, ფაქტობრივად, წინ ვერ წავიდა. და მის წინსვლაზე, მაინცდამაინც, არც „მეგობარი“ რუსეთი ზრუნავს.
„კარგით, ფული ჯერ მოდის რუსეთიდან, მაგრამ როდემდე? ამ ფულს ვხარჯავთ დაუნანებლად, განსხვავებით საქართველოსგან, რომელიც აშშ-ის მიერ კრედიტით გაცემულ ფულზე, კერძო ინვესტიციებით, კონკურენტუნარიან ეკონომიკას აშენებს.
აფხაზეთის გარკვეულ წრეებში მართლაც მუსირებს ხმები საქართველოს ეკონომიკის მიღწეევების შესახებ, ამას ყვებიან ადამიანები, საქართველოში მყოფი აფხაზები, ბევრი მათგანი საქართველოში სამედიცინო დახმარებისთვის იყო ჩასული და ისინი ამ დახმარებას უფასოდ იღებენ. როცა აფხაზეთის მცხოვრები ავად ხდება, თუ ფული აქვს, რცხვენია საქართველოში წასვლა და მიდის რუსეთში, ვისაც ფული არ აქვს, კვდება ან მიუფურთხებია სირცხვილისთვის და მიდის საქართველოში, სადაც უფასოდ იღებს სამედიცინო დახმარებას“ - წერს შუშანია.
ზოგიერთი აფხაზისათვის, და ასეთები ერთეულები ნამდვილად არაა, რუსეთის „უანგარო“ მხარში დგომა მხოლოდ მითია, საიდანაც მოსკოვი მხოლოდ და მხოლოდ გამორჩენას მოელის. ამიტომაც უკვე ღიად მოითხოვენ, მოსკოვმა პატივი სცეს „მეზობელ სახელმწიფოს“ და ფული გადაიხადონ აფხაზეთში სახელმწიფო აგარაკებით, გუდაუთის სამხედრო აეროდრომით, ენგურზე ბაზებით სარგებლობისთვის… ამას ამბობს ბესლან კობახია, რომელიც სხვათა შორის, არ იზიარებს იბრაგიმ იაგანოვის მიერ გამოთქმულ შეხედულებებს, მაგრამ აშკარად ატყობს, რომ რუსეთი, აფხაზეთს, საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს.