
ივანიშვილმა სოფო მოსიძე ვერ იყიდა
13:39:47     24-01-2012
ტელეკომპანია „იგრიკასთვის“ კადრების შერჩევა გრძელდება. ამ ეტაპზე გარკვეულია, რომ არხის ხელმძღვანელი „მე–9 არხის“ ყოფილი თანამშრომელი ლაშა შონია იქნება.
არხის საქმიანობაში ჩაერევა და სარედაქციო პოლიტიკას გააკონტროლებს ოლიგარქის პრესსპიკერი და „მე–9 არხის“ ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ტრიპოლსკიც. საინფორმაციო სამსახურს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი თანამშრომელი და „მოამბელი“ გოჩა ხუნდაძე გაუძღვება, პროდიუსერი კი მანანა მენთეშაშვილი იქნება. ცნობილია ასევე, რომ ლაშა შონიასთან ერთად, არხს რეჟისორი ნუგზარ ყიფიანი უხელმძღვანელებს.
„იგრიკას“ სახე იქნება გოგი ახალკაცი, რომელიც ამ არხზე პოლიტიკური თოქ შოუს წამყვანი იქნება. თუმცა კულუარული ინფორმაციით, არხისთვის ოლიგარქის გარემოცვა გამოცდილ ჟურნალისტებსაც „აგროვებს“.
ოლიგარქის სასურველი ჟურნალისტების სიაშია ტელე–ჟურნალისტი სოფო მოსიძეც.
სოფო მოსიძე „პრესა.ჯი“–სთან საუბრისას უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „იგრიკაში“ აპირებს გადასვლას. მოსიძე მის მიმართ შეთავაზებასაც უარყოფს.
„ არც შეთავაზება მქონია და არც არსად გადასვლას არ ვაპირებ. გავრცელდა ეს ინფორმაცია, მაგრამ სიმართლეს არ შეესაბამება“–აცხადებს ჟურნალისტი.
გავრცელებული ინფორმაციით, ოლიგარქის გარემოცვა მოსიძის „გადაბირებას“ მისი მეგობრის, ელდარ მდინარაძის საშუალებით ცდილობდა. სწორედ მდინარაძეს უნდა დაერწმუნებინა ჟურნალისტი „იგრიკაში“ გადასვლაზე.
ეჭვს იმის შესახებ, რომ მოსიძის დარწმუნებას მდინარაძე ცდილობდა, ისიც ამძაფრებს, რომ ტელეკომპანია „მზის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, ელდარ მდინარაძე ახლა ,,გურია TV“–ს პროდუსერია. მდინარაძე ,,გურია TV“–ს მთავარი პროდუსერი მას შემდეგ გახდა, რაც პრესაში დაიბეჭდა, რომ ამ ტელეკომპანიას ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ყიდულობდა. სწორედ ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ შევიდა ახალი ხელმძღვანელობა რეგიონალურ ტელევიზიაში, მდინარაძე კი ტელეკომპანიის მთავარ პროდიუსერად მოგვევლინა.
რაც შეეხება ტელეწამყვან ეკა ბერიძის მეუღლეს და ტელეკომპანია „მაესტროს“ ყოფილ გენერალურ დირექტორს კახა ბექაურს, მოსიძის მსგავსად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა „იგრიკაში“ რაიმე თანამდებობა დაიკავოს.
„ჭორია და არ მინდა ამ თემაზე საუბარი. არ ყოფილა შემოთავაზება და შესაბამისად მეც არ ვაპირებ „იგრიკაში“ მუშაობას“– ამბობს ბექაური.
თუმცა ბექაურს უჭირს პასუხის გაცემა კითხვაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს თუკი მას შესთავაზებენ....
„არ მქონია შემოთავაზება. თუ იქნება საუბარი და წინადადება ჩემს „იგრიკაში“ მუშაობაზე, აი შემდეგ დამირეკეთ და მკითხეთ რა გადაწყვეტილება მივიღე. ახლა წინასწარ, როგორ ვილაპარაკო ამაზე?“
გავარკვიეთ, რომ ადგილი „იგრიკას“ კვირის სამუშაო დღეების პროდიუსერის თანამდებობაზე, კვლავ ვაკანტურია, ვინაიდან მანანა მენთეშაშვილთან მოლაპარაკებები სრულყოფილი შედეგით არ დასრულდა.
„პრესა.ჯი“–სთან საუბრისას მენთეშაშვილმა დაადასტურა, რომ „იგრიკას“ ხელმძღვანელებსა და მას შორის მოლაპარაკება შედგა, თუმცა გარკვეული კორექტივებით. „მე დავთანხმდი მხოლოდ შაბათ–კვირის პროდიუსერობას. შემოთავაზება იყო კვირის სხვა დღეებზე, თუმცა მე ეს გადაწყვეტილება მივიღე“.
ჩვენ შეკითხვაზე, რატომ მიიღო მხოლოდ შაბათ–კვირის პროდიუსერობის გადაწყვეტილება, მენთეშაშვილმა განგვიცხადა, რომ ეს მისი არჩევანია და მას ასე სურდა.
მართალია ოლიგარქმა თვალი წამყვან ჟურნალისტებს დაადგა, თუმცა უმრავლესობამ „იგრიკაში“ მუშაობაზე უარი განაცხადა.
ჯერ უცნობია, ვინ დათანხმდება საბოლოოდ მაღალი ხელფასის სანაცვლოდ, 2012 წლის არჩევნებისთვის შექმნილ ტელევიზიაში მუშაობას. ისე კი, „იგრიკა“ სატელიტის საშუალებით „დღის სინათლეს“ მარტის ბოლოს იხილავს.