მოსკოვი სირიის რეჟიმის აღჭურვას აგრძელებს
12:18:37     24-01-2012
რუსეთი სირიას 36 სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავ იაკ-130-ს მიაწვდის. როგორც გაზეთი „კომერსანტი“ იუწყება, მოსკოვმა და დამასკომ ახალ კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს და მისი შესრულები იმ მომენტიდან დაიწყება, რაც სირია რუსეთს ავანსს გადაურიცხავს.
ექსპერტები თვლიან, რომ სირიისათვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე გაფორმებულმა კონტრაქტებმა, შესაძლოა, იგივე ბედი გაიზიაროს, რაც ლიბია-რუსეთის ანალოგიურ პროექტებს დაემართა, როცა გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების გამო მოსკოვი იძულებული გახდა უარი ეთქვა ამ კონტრაქტებზე და პოტენციური 4 მილიარდი დოლარი დაკარგა.
წყარო „როსობორონპროექტიდან“ აცხადებს, რომ აღნიშნული კონტრაქტის წინა მოსამზადებელი სამუშაოები ჯერ კიდევ დეკემბერში დეკემბერში ჩატარდა, რის შემდეგაც დოკუმენტის საბოლოო ვარიანტს მოეწერა ხელი. კონტრაქტის ღირებულება 550 მილიონი დოლარია.
შეკვეთას ირკუტსკის ავიამშენებელი ქარხანა შეასრულებს, თანაც შემჭიდროებულ ვადებში.
„ეს კონტრაქტი ძალიან დიდი რისკის მატარებელია, - თვლის ტექნოლოგიებისა და სტრატეგიების ანალიზის ცენტრის დირექტორი რუსლან პუხოვი. - სირიაში არსებული არასტაბილური პოლიტიკური ვითარებისა და აშშ-ს მხრიდან ზეწოლის გამო ძნელია პროგნოზირება, რა იქნება მომავალში. ამჟამად მოქმედი ბაშარ ასადის რეჟიმი შეიძლება დაემხოს, რაც რუსეთს ფინანსებსა და იმიჯს დააკარგვინებს“ - აცხადებს ექსპერტი.
რუსეთს შეშფოთების საფუძველი ნამდვილად აქვს. იანვრის დასაწყისში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში სუზან რაისმა რუსეთის მიერ სირიისათვის იარაღის მიწოდების გამო შეშფოთება გამოხატა. „ჩვენ შეშფოთებულები ვართ სირიისათვის შეიარაღების მიწოდების გამო და გვინდა განვუმარტოთ ჩვენი პოზიცია ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც დამასკოს იარაღით უზრუნველყოფს. სამწუხაროდ, შეიარაღების მიწოდებაზე ემბარგო ჯერ არ არის დაწესებული, სიტუაციას უშიშროების საბჭოს ზოგიერთი წევრის, მათ შორის რუსეთის პოზიცია ართულებს, რომელსაც არ სურს არანაირი სანქციის დაწესება სირიის რეჟიმის მიმართ“ - განაცხადა რაისმა.
პასუხად, 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რომ რუსეთი არ თვლის საჭიროდ თავი იმართლოს, რადგან „არ არღვევს არანაირ საერთაშორისო შეთანხმებას თუ უშიშროების საბჭოს რეზოლუციას. ჩვენ ვვაჭრობთ სირიასთან მხოლოდ იმით, რაც საერთაშორისო სამართლით აკრძალული არ არის“.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ მოსკოვის მხარდაჭერა სირიისადმი აიხსნება არა მხოლოდ რუსეთის სურვილით, მხარში ამოუდგეს თავის ძველ პარტნიორს, არამედ იმითაც, რომ კრემლს მსგავსი პროტესტების თავისთან, - რუსეთში აგორების ეშინია.
„ვლადიმერ პუტინი, რომელიც მარტში პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებისკენ ისწრაფვის დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი სახალხო პროტესტი მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთსა და რუსეთში, თეთრი სახლის მიერაა შთაგონებული და მას სახელმწიფო დეპარტამენტი აფინანსებს“ - ამბობს მოსკოველი სამხედრო ანალიტიკოსი ალექსანდრ გოლცი. მისი თქმით, რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, ამ მიმართულებით კრემლი უფრო და უფრო მეტ „მტკიცებულებას“ მოიტანს, ხოლო ყველაფრის ამერიკაზე გადაბრალება, უკვე პუტინის საპრეზიდენტო კამპანიის მთავარ პუნქტად იქცა.
ამიტომ, მოსკოვი შეეწინააღმდეგება აშშ-ს სირიის საკითხშიც და ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების საკითხშიც, რადგან საპრეზიდენტო არჩევნების წინ აღკვეთოს რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევა.