ამერიკულმა კრეისერმა შავი ზღვიდან კრემლი შეაშინა

  10:30:30     24-01-2012

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის კრეისერი შავ ზღვაში შემოვიდა და ოდესასა და სევასტოპოლში ვიზიტისთვის ემზადება. ეს ცნობა რუსეთში მორიგ გამოწვევად და „იარაღის ჟღარუნად“ აღიქვეს. გაზეთები წერენ, რომ ამერიკელები ისე გრძნობენ შავ ზღვაში თავს,  როგორც საკუთარ სახლში.

ამერიკული სარაკეტო კრეისერი „ველა გალფი“ შავი ზღვის აკვატორიაში  2 თებერვლამდე დარჩება. ის ეწვევა რუმინეთის პორტ კონსტანცას, ასევე, უკრაინულ პორტებს სევასტოპოლსა და ოდესაში. თუმცა მოსკოვში ყველაზე მეტად იმაზე ნერვიულობენ, რომ კრეისერი, შესაძლოა, საქართველოშიც შემოვიდეს. მათი ინფორმაციით, გემი, ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შემადგენელი სეგმენტის პოზიციას დაიკავებს.

თავის საზღვრებთან ნატო-სა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ხსენებაც კი მოსკოვში, როგორც ცნობილია, ისტერიამდე მისული აჟიოტაჟის საფუძველი ხდება.

ასეა ამჯერადაც. რუსეთს სტანჯავს იმის გაფიქრება, რომ შესაძლოა, მის „ბატონობას“ შავი ზღვის რეგიონში ერთხელაც, წერტილი დაესვას.
რუსი ექსპერტები აცხადებენ, რომ აშშ-ის მე-6 ოპერატიული ფლოტის გემების  რეგულარული ყოფნა შავ ზღვაში, დროშის დემონსტრირება და იარაღის გამოყენებისთვის მზაობა, ამერიკული გავლენის გამყარებისკენაა მიმართული, რადგან აშშ თვლის, რომ კავკასიისა და შავიზღვისპირეთის კონტროლი მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

აქედან გამომდინარე მოსკოვი პანიკაშია, თვლიან, რომ პრაქტიკულად, დაწყებულია ამერიკის გეგმის რეალიზება - შავი ზღვის ზონაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპონენტების განთავსება. გარდა ამისა, რუსეთში ფიქრობენ, რომ ამერიკა ცდილობს გააფართოოს ანტიტერორისტული ოპერაციის „აქტიური ძალისხმევა“ რაიონი შავ ზღვაში და მიაღწიოს მონტრეს კონვენციის გადახედვას, რათა გაუქმდეს შეზღუდვა, რომელიც ვრცელდება არაშავიზღვისპირეთის სახელმწიფოებზე და მათი საბრძოლო გემების შავ ზღვაში ყოფნას მხოლოდ 21 დღით უშვებს.

რუსი ექსპერტები იმასაც ვარაუდობენ, რომ კრეისერს,  შესაძლოა, ირანის შეშინება სურს: შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილიდან ამერიკული რაკეტები, რომლებიც ხომალდზე სულ 26-ია, ირანის მთელს ტერიტორიას „გადაცხრილავენ.“ ანტირაკეტებს კი შეუძლიათ გაანადგურონ ირანის ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც თურქეთში ამერიკულ ობიექტებზე იქნება მიმართული.

მოსკოვში დარწმუნებულები არიან, რომ ამერიკული კრეისერის შავ ზღვაში შესვლა შემთხვევით არ დაემთხვა ირანის წინააღმდეგ შესაძლო ომის დაწყების გაცხადებულ თარიღს, - ეს 30 იანვარია. მოსკოვი მოელის, რომ მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ მზადყოფნა გამოთქვა ირანული ნავთობის შესყიდვაზე ემბარგო დააწესოს, ვითარება რეგიონში უფრო დაიძაბება.

რუსებმა ამერიკული კრეისერის კედლებზეც საშიში დევიზი ამოიკითხეს „Move swiftly, strike vigorously“ - იმოქმედე სწრაფად, დაარტყი  გადამწყვეტად…

რუსული სამხედრო წყაროები მიიჩნევენ, რომ შავ ზღვაში ამერიკული გემების რეგულარული შესვლა შემთხვევითობა არ არის და ეს რეგიონის ათვისების მიზანმიმართული პროგრამაა. დათვლილიც აქვთ: 1990 წლიდან ამერიკული გემები შავ ზღვაში 200-ჯერ შევიდნენ.

ყველაზე გამაოგნებელი კი მოსკოვისთვის ისაა, რომ ჯერ კიდევ ვიქტორ იუშენკოს პრეზიდენტობისას ოდესისა და სევასტოპოლის დეპუტატები ნატო-ს სამხედრო მანევრების ჩატარების წინააღმდეგნი იყვნენ, თუმცა ამერიკული გემების ვიზიტები ვიქტორ იანუკოვიჩის დროსაც კი გრძელდება.

ამ კონტექსტში კი უკრაინა და საქართველო კრემლის მარადიული „თავის ტკივილია“: უკრაინა გვატყუებს და ჩრდილოატლანტიკურ სამხედრო სტრუქტურებში ინტეგრირებას ცდილობს, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინა ჩიკაგოს სამმიტზე მიიწვია, რასმუსენმა იანუკოვიჩს ნატო-ს შტაბ-ბინაში საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლა შესთავაზა, საქართველო ღიად მიისწრაფვის ალიანსის წევრობისკენ, ხოლო ავღანეთის კამპანიაში უკრაინელი სამხედროების როლის გაზრდით, „იანუკოვიჩს აქვს შანსი აჯობოს თავის კოლეგა მიხეილ სააკაშვილს“ - შიშობენ რუსეთში.

სამხედრო საქმის მცოდნენი ცდილობენ ნატო-ს, ამერიკისა და მისი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შიში მოუხსნან ვლადიმერ პუტინს, რომელიც, ამ საფრთხეების დემოსტრირებით, დროდადრო, ააღელვებს ხოლმე რუსეთის საზოგადოებას. თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ პრემიერს შიშის გრძნობა საპრეზიდენტო არჩევნებამდე კიდევ უფრო გაუმძაფრდება. „პუტინმა თავი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების ექსპერტად წარმოიდგინა. თანაც, მოხსენებები, რომ ეს სისტემები საშიშია, რეგულარულად ითხზვება გენშტაბში, „გრუ“-ს მონაცემებზე დაყრდნობით.

შედეგად, პუტინს ნამდვილი რაკეტოფობია განუვითარდა, თავდაცვითი ბიუჯეტი კი თვალსა და ხელს შუა იქცევა: ტრილიონები დაიხარჯება ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის საპირწონედ და რადგანაც ამერიკის მხრიდან სარაკეტო-ბირთვული ომის შანსი ნულის ტოლია, ახალი რუსული დანადგარები იდგება, იდგება და ბოლოს ჩამოწერა-უტილიზაციისთვის იქნება განწირული“ - დარწმუნებულია ზოგიერთი ექსპერტი, თუმცა იმაშიც დარწმუნებულები არიან, რომ ამ საყოველთაო ისტერიით, პუტინი, როგორც ყოველთვის, ორი კურდღლის დაჭერას შეეცდება - ფულს გააკეთებს, რითაც კიდევ უფრო მეტ რეზიდენციას აიშენებს და ისტერიას საპრეზიდენტო არჩევნებისთვისთვისაც კარგად გამოიყენებს.

თუმცა ამ მეორე კურდღლის ამბავი საეჭვოა, თანაც, ისევ რუსები აფრთხილებენ - გასაგებია, რომ „რათა დაემალოს პოლონეთიდან, რუმინეთიდან ან საქართველოდან დამიზნებულ რაკეტებს, ბევრი რეზიდენციის აშენება მისი სტრატეგიული ამოცანაა, მაგრამ სადამ ჰუსეინმაც აიშენა რამდენიმე ასეული სასახლე… თანაც, თვალთვალის მანია გადამდები რამეა“.