
სოხუმისა და ცხინვალის აღიარების შემდეგ, ნიკარაგუა მოსკოვს 600 მილიონს სთხოვს
16:53:08     23-01-2012
მოსკოვი სასწრაფოდ გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთი, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის სანაცვლოდ აფრიკის ქვეყნებს ფულს სთავაზობს.
როგორც აფრიკის ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხში, დიმიტრი მედვედევის წარმომადგენელი, მიხეილ მარგელოვი აცხადებს, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება, შესაბამისი სახელმწიფოების მიერ რუსეთთან ორმხრივი კავშირებიდან გამომდინარე მოხდა და არა ფულზე გარიგების შედეგად.
თუმცა, ამის თავად რუსულ მედიასაც არ სჯერა. ასე მაგალითად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიკარაგუა რუსეთისაგან სოლიდურ თანხას მიიღებს, გაზეთებში ძირითადად ასეა დასათაურებული: „ნიკარაგუა, რომელმაც სოხუმი და ცხინვალი აღიარა, რუსეთს 600 მილიონ დოლარზე შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს.“ რა თქმა უნდა, ფული მოსკოვმა უნდა გადაიხადოს.
აღსანიშნავია, რომ ნიკარაგუასთან რუსეთის ურთიერთობების გააქტიურების ხანა , (საბჭოთა კავშირის დროინდელი კონტაქტების შემდგომ) სწორედ 2008 წელს ემთხვევა. პრეზიდენტის პოსტზე დანიელ ორტეგას მოსვლის შემდეგ, კონტაქტები უფრო გაღრმავდა, 2008 წელს, რუსეთის შემდეგ, სწორედ ნიკარაგუამ სცნო საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა, ხოლო იმავე წლის დეკემბერში, ორტეგა მოსკოვში ოფიციალური ვიზიტითაც ჩავიდა. რა თქმა უნდა, იქიდან ხელცარიელი არ დაბრუნებულა და გაწეული სამსახურის სანაცვლოდ კარგი დაფინანსებაც მიიღო.
თუმცა, ასეთი გარიგებების შემდეგ, მოსკოვი, ძირითადად, სიტუაციის ტყვე ხდება ხოლმე და აღიარების სანაცვლოდ ამღიარებელი ქვეყნები, სულ უფრო და უფრო მეტ ფულს ითხოვენ. ამჯერადაც, ნიკარაგუას 600 მილიონი დოლარი დასჭირდა, რის გამოც დელეგაცია მოსკოვში უკვე ორშაბათს ჩავა.
დაგეგმილია სხვადახვა სფეროებში შეთანხმებების გაფორმებაც, მათ შორის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, თევზის მრეწველობისა და ტურიზმის მიმართულებით. მოსკოვსა და ნიკარაგუაში კი მეგობრული კულტურის სახლები გაიხსნება.
ცოტა ხნის წინ რუსეთი „მარიონეტული რეჟიმებისთვის დამოუკიდებლობის ყიდვის“ პრაქტიკაში ავსტრალიამაც დაადანაშაულა. საუბარი სწორედ აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთზე“ იყო. ავსტრალიელმა პარლამენტარმა რიჩარდ მარლსმა, ამ ოკუპირებული რეგიონების ტუვალუს მიერ აღიარების შემდეგ განაცხადა, რომ რუსები ღიად იყენებენ ეკონომიკურ დახმარებას თავისი ინტერესების სასარგებლოდ და ფიქრი იმაზე, რომ „ამ გადახდების“ შესახებ წყნარი ოკეანის რეგიონში ვერავინ ვერაფრს შეიტყობს, რუსების მხრიდან გულუბრყვილობა იქნებოდა, - განაცხადა მარლსმა.
ტუვალუმაც და ნაურუმაც რუსული „გრანტები“ მას შემდეგ მიიღეს, რაც მოსკოვის წინადადებას დათანხმდნენ. ნიშანდობლივია, რომ ტუვალუს პრემიერ-მინისტრმა ვილი ტელავიმ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებიდან ორი დღის შემდეგ დაამყარა.