
22 წლის ახალგაზრდამ მკვლელობაში საკუთარი ძაღლიც დაიხმარა
15:38:20     23-01-2012
მიმდინარე წლის 4 იანვარს წყნეთში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. შს სამინისტროს ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ჭიათურის რაიონის სოფელ წინუბანში, 21 წლის დავით მღებრიშვილი დააკავეს. მან თბილისი მკვლელობის ჩადენის შემდეგ დატოვა.
36 წლის ბადრი ჩაფრავას ცხედარი მისმა მეგობრებმა 5 იანვარს, სპორტულ მოედანზე აღმოაჩინეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის 4 იანვარს, დავით მღებრიშვილმა, შურისძიების მოტივით, მუცლისა და ზურგის არეში, ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1972 წელს დაბადებულ ბადრი ჩაფრავას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გარდა ცივი იარაღით მიყენებული სასიკვდილო ჭრილობებისა, გარდაცვლილს სხეულზე ასევე აღენიშნებოდა დავით მღებრიშვილის ,,პიტბულის' ჯიშის ძაღლის მიერ კბენის შედეგად მიყენებული ნაფლეთი ჭრილობები.
დავით მღებრიშვილი ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, წარსულში ის ძარცვისთვისაა ნასამართლევი. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მღებრიშვილს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.