
საბერძნეთის პოლიციამ, ორი წლის წინ დაშვებული შეცდომა, ლაშა შუშანაშვილის დაკავებით გამოასწორა
14:20:58     23-01-2012
ე.წ. კანონიერი ქურდი, ლაშა შუშანაშვილი, საბერძნეთში, შვიდ თანამზრახველთან ერთად, ერთ–ერთ ფეშენებელურ სასტუმროში დააკავეს. როგორც ცნობილია, იგი ყალბი რუსული პასპორტით იმალებოდა. შუშანაშვილზე საქართველოს შს სამინისტროს ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ჰქონდა გამოცხადებული.
ლაშა შუშანაშვილს, ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223–ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილითა (კანონიერი ქურდობა) და 181–ე მუხლის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტით (გამოძალვა) დაუსწრებლად წარედგინა. სწორედ ამის შემდეგ გამოაცხადა მასზე ძებნა შს სამინისტრომ.
შუშანაშვილთან პრეტენზია ესპანელ სამართალდამცავებსაც აქვთ. ქართველი კრიმინალებით შეწუხებულმა ევროპამ, 2010 წლის გაზაფხულზე, შუშანაშვილისა და რამდენიმე ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის დასაკავებლად, მასშტაბური სპეცოპერაცია – JAVA ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში ჩაატარა. მაშინ ლაშა შუშანაშვილი ბერძენ სამართალდამცველებს ხელიდან დაუსხლტათ, რაც საბერძნეთისა და ესპანეთის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი გახდა. ესპანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ლაშა შუშანაშვილმა თავისუფლება 80 ათასი ევროდ შეიძინა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ესპანეთის პოლიცია აცხადებდა, რომ ძმები კახა და ლაშა შუშანაშვილები შავ ფულს უძრავ ქონებაში: ფეშენებლურ სახლებში, რესტორნებსა და კაზინოებში აბანდებდნენ. ისინი სოლიდურ თანხებს სძალავდნენ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც უცხოეთში მსხვილ ბიზნესს ფლობდნენ. ძმები შუშანაშვილები აკონტროლებდნენ კრიმინალურ დაჯგუფებებს, რომლებიც მოქმედებდნენ შვეიცარიაში, საბერძნეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, იტალიასა და საფრანგეთში.
წელს, ბერძენმა სამართალდამცავებმა შეცდომა გამოასწორეს და ლაშა შუშანაშვილის დაკავება მოახერხეს. თუ რომელ ქვეყანაში მოხდება დაკავებულის ექსტრადირება, ამას სასამართლო უახლოეს ხანში გადაწყვეტს.