
„რესპების“ დაკრულზე აცეკვებული ივანიშვილი
11:11:27     23-01-2012
როგორც უკვე მრავალი სხვადასხვა ფაქტი ამტკიცებს, ბიძინა ივანიშვილის კარზე „აღლუმი“ „რესპუბლიკელებს“ მიჰყავთ: სწორედ ისინი წყვეტენ კადრების, პარტიების, პოლიტიკური პერსონების სვე–ბედს, მილიარდერის ხაზინის კართან ატუზულთა ვრცელი რიგებთან. არადა, რომ არა ოლიგარქი ივანიშვილი, „30 წლის ისტორიის მქონე“, ფაქტობრივად, ურეიტინგო პარტია, უკვე შეგუებულიც იყო სარდაფში მტვერწაყრილ მდგომარეობაში ყოფნას და აშკარად ხელიც ჩაქნეული ჰქონდა ქართულ პოლიტიკაში რაიმე სახის წარმატების მიღწევაზე.
მათი ღირებულებები, ტაქტიკა, ბრძოლის მეთოდები და სტილი და საერთოდ, რისი საშუალებითაც პოლიტიკური პარტია ჩვეულებრივ წარმატებას აღწევს, საქართველოს მოქალაქეებისათვის მისაღები არასდროს ყოფილა. ამას „რესპუბლიკელები“ საკუთარი განუზომელი ინტელექტით ხსნიდნენ, თითქოს „დაბალი დონის“ ამომრჩეველს მათი არ ესმოდა და მეშვიდე ციდან დასცქეროდნენ იმ ხალხს, ვისთვისაც წესით, როგორც ყველა ნორმალურ და წესიერ პარტიას, საკუთარი ღირებულებების სიავკარგე უნდა დაემტკიცებინათ. ამით კი კიდევ ერთხელ აყენებდნენ შეურაცხყოფას საქართველოს მოქალაქეებს.
თუმცა, ხალხი ბრძენია და არც ისე უინტელექტო, როგორც ეს „რესპუბლიკელებს“ მუდამ ეგონათ. რთულია ქართველ ამომრჩეველს არ შეენიშნა თუნდაც ის, რომ „პროდასავლურ“ „რესპებს“ მუდამ ფონად გასდევდა საბჭოთა კაგებეს თუ სუკის ბნელი ჩრდილი, ციხის და ყალბი დისიდენტობის ცნობილი ისტორიებით.
ანდაც შეუძლებელია იმავე ამომრჩეველს არასდროს შეენიშნა ის, რომ ამ დასავლური ღირებულებებით თავმომწონე პარტიაში მუდამ რუსული იდეების გამხმოვანებელი, საჭვო ფიგურები ტრიალებდნენ, რომელთა მოსაზრებები აფხაზეთ–ცხინვალის რეგიონის საკითხებზე და სხვა, პუტინის თუ ჟირინოვსკი–რაგოზინის მოსაზრებებთან წყლის ორი წვეთივით მოდიოდა თანხვედრაში.
ალბათ დიდი თავისმტვრევა არ სჭირდება იმის გამოცნობას, თუ რატომ დასჭირდა პოლიტიკურად მიცვალებული „რესპუბლიკელების“ ფერფლიდან აღდგენა ოლიგარქ ივანიშვილს. მხოლოდ მისი პოლიტიკური პარტნიორების შეხედვაც საკმარისია იმის მისახვედრად, თუ ვინ არის ის, რა მიზნები აქვს და საით მიდის.
როგორც ამბობენ, ოპოზიციაში სწორედ „რესპუბლიკელების“ აღზევებისა და განებივრების გამო, დიდი დრტვინვაა გამართული. არავის მოსწონს მათი წინა პლანზე და საერთოდაც, მილიარდერის კარზე ხილვა, თუმცა, იმავე მილიარდების ხათრით, ბევრი ამ უკმაყოფილების ხმამაღლა გამოხატვას ერიდება, მით უმეტეს, რომ მთელ ქართულმა ოპოზიციურმა სპექტმა მშვენივრად იცის, რა მალემრწმენი ადამიანია თავად ამ პარტიის ფანი ოლიგარქი, რომელსაც, როგორც ჩანს, საკუთართან შედარებით, „რესპუბლიკელების“ „ინტელექტი“ მართლა წარმოუდგენლად აღმატებულად ეჩვენება...
პ.ს.: რამდენიმე დღის წინ, ოლიგარქ ივანიშვილის კარი ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნანა დევდარიანმა დატოვა. ქალბატონმა დევდარიანმა საკუთარი გადაწყვეტილება სწორედ იმით ახსნა, რომ ჭორვილელი ოლიგარქი „რესპების“ გავლენიც ქვეშაა და „პარადი“ არა ივანიშვილს, არამედ „რესპებს“ მიჰყავთ ე.წ. „ქართულ ოცნებაში“.