ჯორჯ ბაირონი და თავის ქალისგან დამზადებული სასმისი
08:14:14     23-01-2012
1788 წლის 22 იანვარს, ლონდონში დაიბადა დიდი პოეტი ჯორჯ ბაირონი (George Gordon Byron). მისი ბიოგრაფია ჩვენ გამოქვეყნებული გვაქვს პრესა.გე-ს 19 აპრილის პუბლიკაციაში „სამართლიანობისთვის მებრძოლი ბაირონი“.
ჯორჯ ბაირონის ბიოგრაფია ძალიან საინტერესოა. მისი თავზეხელაღებული ცხოვრების ნირი, მისი დამოკიდებულება თავისუფლებისადმი, თავისუფლების მოყვარე ერებისადმი არა ნაკლებ ამაღელვებელია, ვიდრე მისი დიდებული პოეზია.
აღნიშნულ პუბლიკაციაში ვწერდი და ახლაც მინდა გავიმეორო:
„ბაირონი და დაჩაგრულ ხალხთა თავისუფლება ისეთი თემაა, რომლისთვისაც კრიტიკოსებსა და ბიოგრაფებს ათასობით ფურცელი მიუძღვნიათ, თუმცა მთლიანად ვერ გადმოუციათ ბაირონის ხასიათი, მისი სულისკვეთება თუ პატივისცემა თავისუფლების მოყვარე ერებისადმი, მისი დამოკიდებულება ტირანებისა და მჩაგვრელებისადმი. დარწმუნებული ვარ, ბაირონი რომ ჩვენი თანამედროვე ყოფილიყო 2008 წლის 8 აგვისტოს თბილისში ჩამოფრინდებოდა და რუსების წინააღმდეგ იბრძოლებდა, თუმცა მანამდე ჩეჩნეთის, კავკასიის მთებში მთებში ვიხილავდით მას, რომელსაც შორიდან ეთაყვანებოდა“...
დღეს გვინდა ერთი ამბავი გავიხსენოთ, რომელიც მის ცხოვრებაში მოხვდა და მოთხრობილი აქვს ჩვენს დიდ მწერალს, კონსტანტინე გამსახურდიას;
ეს ეპიზოდი სულაც არ მიანიშნებს ჯორჯ ბაირონის „ბოროტებას“, მიუხედავად იმისა, რომ უპატიებელი საქციელია. ეს გაუაზრებელი მოქმედება, ჩემი აზრით, იმდროინდელი ბრიტანეთის საზოგადოებაში არსებული სულიერი კრიზისის ბრალია. ბრიტანეთის საეკლესიო წრეებისა და არისტოკრატიის დიდი ნაწილი ყალბი მორალით ცხოვრობდა. ამან განსხვავებულად მოაზროვნე ახალგაზრდებს შორის პროტესტი გამოიწვია. გარდა ამისა, ბაირონი არისტოკრატების ოჯახში დაიბადა. ამგვარი რამ, ხანდახან ათავხედებს ადამიანს, რომელსაც ჰგონია, რომ ყველაფრის უფლება აქვს. ასეთებს შრომა რომ უწევდეთ და ოფლისღვრით საზრდოს მოპოვება, მსგავსი თავხედური საქციელისათვის დრო არ დარჩებოდათ. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, შემდგომში, ლორდი, დიდი ბრიტანეთის პერი, საბერძნეთის თავისუფლებისათვის ბრძოლის სურვილს შეეწირა და ამით ბევრი რამ გამოისყიდა. თავისი შემოქმედებით კი, თაობათა შორის, მარადიული ხსოვნა მოიპოვა.
კონსტანტინე გამსახურდია თავის წერილში „ჯორჯ ბაირონ“ (1932) წერს:
„დაიწყო ისევ გაუთავებელი ღრეობა, ნიშანში სროლა, ნადირობა, კრიტეკი, სეირნობა, აიკლეს მონადირეებმა ნჲუსტიდის სააბატოს ტყეები, მერეკებს და ბაზიერებს მოსვენება არა ჰქონდათ.
შეზარხოშებულმა ჭაბუკებმა სააბატოს ბერების სასაფლაოებიც გასთხარეს ახირებული ცნობისწადილის დასაკმაყოფილებლად.
მთელი ღამეები ისმოდა სროლა, სიმღერა და აურზაური ნჲუსტიდის კოშკიდან.
უსხდნენ ლონდონელი დენდები გაშლილ სუფრას და ადამიანის თავის ქალასგან გაკეთებული თასი, ლორდ ბაირონის უძვირფასი სასმისი, ხელიდან ხელში გადადიოდა. ჩვენს თანამედროვეებს გაეღიმებათ, როცა გავიხსენებთ, რომ ლორდ ბაირონი და მისი მეგობრები ერთგვარ ანტირელიგიურ ლაყბობასაც არ იშლიდნენ ნჲუსტიდის სააბატოში ქეიფის დროს.
ბერების ტანისამოსში გადაცმულები ათასნაირი ჯამბაზობით ახელებდნენ სააბატოს მართლმორწმუნე აზნაურებს, ბერებსა და მღვდლებს“.
ამ ამბავთან დაკავშირებულია ბაირონის ლექსი „წარწერა თავის ქალისგან დამზადებულ სასმისზე“, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ (ლექსი თარგმნა მერაბ მეტრეველმა). ლექსში პოეტის დამოკიდებულება კარგად ჩანს, „რა ხეირი გვაქვს თავებისაგან, ვიდრე ცოცხლები დავდივართ ქვეყნად?“...
წარწერა თავის ქალისგან დამზადებულ სასმისზე
ნუ შეშინდები მკვდარი ძვლისაგან!
სულმა დამტოვა; - სიცოცხლე მორჩა.
თუმც განსხვავებით ცოცხლებისაგან,
სისულელეებს მე აღარ ვროშავ.
მეც ხომ მიყვარდა; და მეც მართობდა
ცხოვრება. ძვლებს კი მიწა ეხვევა.
მიდი ამავსე! - შენი დათრობა,
ჯობია მატლის ტუჩის შეხებას.
ჯობია ვაზის ნაჟურით გავსონ,
ვიდრე ჭიების იყო საჭმელი;
ჯობია ისევ სასმისს გამსგავსონ;
დალიონ შენით ღმერთის სასმელი.
და სადაც ერთ დროს ბრწყინავდა ტვინი,
რომ ყოფილიყო სხვებისთვის მარგი,
სიცარიელე დარჩა და ღვინით
შეივსოს, ნუთუ, არ არის კარგი.
მიდი დალიე, ვიდრე ეს ძალგიძს
თორემ როდესმე ვინმე გარდაცვლილს
გიპოვის შენაც; დაგირღვევს წყნარ ძილს;
ერთ დღეს სუფრაზე გიხილავ დაცლილს.
რა ხეირი გვაქვს თავებისაგან,
ვიდრე ცოცხლები დავდივართ ქვეყნად?
ხოლო დახსნილნი მატლებისაგან,
გამოდგებიან უთუოდ მეტად..