ატენის სიონი (ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიიდან)

  07:04:07     23-01-2012

ატენის სიონის ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (24X19 მ, სიმაღლე 22 მ.), ტეტრაკონქის (ე.წ. „მცხეთის ჯვრის“) ტიპის, ნაგებია მომწვანო-მონქცრისფრო ქვიშაქვის თლილი კვადრებით, გამოყენებუია სხვა ფერის ქვებიც. შესასვლელები სამხრეთით და ჩრდილოეთითაა. ტაძრის გეგმის საფუძველია ტეტრაკონქი, რომლის წამყვან კომპოზიციურ ბირთვს წარმოადგენს გუმბათქვეშა კვადრატი. მასზე აღმართულია სფერული გუმბათის რვაწახნაგა, ოთხსარკმლიანი ყელი, რომელიც აფსიდების შვერილებს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა  ფორმით, სამ წყებად განლაგებული კონუსური ფორმის ტრომპების საშუალებით ხდება. გუმბათის სფეროში გამოსახულია რელიეფური ჯვარი. გუმბათქვეშა სივრცე ოთხმხრივ გახსნილია აფსიდებით – ისინი გეგმაში ჯვარს ქმნიან. ჯვრის მკლავებს შორის, ყოველ კუთხეში, თითო ოთახია, რომლებიც მცირე, წრის სამი მეოთხედი მოხაზულობის სათავსებით უკავშირდებიან ტაძრის ცენტრალურ სივრცეს. საკურთხევლის აფსიდის მიმდებარე ოთახები სამკვეთლო და სადიაკვნეა, ხოლო დანარჩენი ორიდან სამხრეთ-დასავლეთი საქალებოა. ამ სათავსს დამოუკიდებელი შესასვლელი ჰქონდა სამხრეთიდან. გუმბათქვეშა საბჯენი თაღები ოდნევ ნალისებრია. საკურთხეველი ამაღლებულია ორი საფეხურით. აღმოსავლეთი აფსიდის შუა სარკმლის ქვეშ დგას ტრაპეზის ქვა, რომლის ორივე მხარეს დასაჯდომი საფეხურებია ღვთისმსახურთათვის. ტაძარი ოთხსართულია ცოკოლზე დგას, რომლის ქვეშ ფართო და დაბალი ცოკოლია. შენობის ძირითადი მასები გუმბათქვეშა კვადრატიდან საფეხურებათ იშლება. გუმბათი ფართო და დაბალია, გუმბათის ყელი – მასიური. გუმბათქვეშა კვადრატის ფუძეს საკმაოდ ამაღლებული კუთხეები აქვს. კვადრატის კუთხის კედლები არასწორადაა ამოყვანილი – ზევით ვიწროვდება (ჩანს შეკეთების კვალი). კვადრატის ყელის მეტი ნაწილი თავიდანაა ამოყვანილი და თანაც ამაღლებულია ერთი კვადრით.

სახურავის სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ კუთხეებში ცხვრის თავის გამოსახულებებია, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მინიატურული ტაძრის გუმბათი. გუმბათის ყელი და მთლიანად შენობა მასიურობისა და სიმძიმის შთაბეჭდილებას ქმნის. განსაკუთრებით მორთულია აღმოსავლეთი და სამხრეთი ფასადები.

აღმოსავლეთი ფასადის წინ ვიწრო გასავლელია დატოვებული, რაც აძნელებს სარკმლების ზემოთ მოთავსებული სკულპტურული გამოსახულებების აღქმას. სარკმლები შემკულია დეკორატიული რელიეფური სათაურებით. საკურთხევლის სარკმლებს ზემოთ შვიდი რელიეფური გამოსახულებაა. აღმოსავლეთი ფასადის შუა წახნაგზე გამოსახულია ქრისტე დასალოცად აწეული ხელით, გვერდით წახნაგებზე – ორ-ორი ფრონტალურად მდგომი ფიგურა, ხოლო ქვემოთ – ცხოველები და ფრინველები.

ტაძრის მთავარი სამხრეთი შესასვლელი (აქ კარიბჭე მდგარა) მორთულია ორმაგი ბურთულებიანი კაპიტელებით, ბაზისებეთ და დეკორატიული ნახევარსვეტებით. სამხრეთ ფასადზე რელიეფური ფიგურებია გამოსახული. ჩრდილოეთ ფასადზე კარის ტიმპანზე გამოსახულია ორი ირემი, აფსიდის გვერდის ლავგარდნის ქვეშ – წმინდანი და მის წინ მდგომი ქტიტორი, ხოლო მარცხენა ნიშში ორი რელიეფური სცენაა წარწერებით: დავით გარეჯელის მოწაფე ლუკიანე ირემს წველის და სამსონის ლომთან შებრძოლება.რელიეფები, აღმოსავლეთის გარდა (აგრეთვე ჩრდილოეთ კარის) თითქმის ყველა ადგილშენაცვლებულია, პერანგი (გარე) – დიდწილად გამოცვლილი.

დასავლეთის ფასადზე შეკეთების შედეგად რელიეფებს შეცვლილი აქვთ ადგილი. ფასადის მარცხენა ნაწილში, სარკმლის ქვემოთ შემორჩენილია რელიეფური კომპოზიციები: სამსონის ლომთან შებრძოლება, წინასწარმეტყველი ამბაკუმი ანგელოზს მიყავს ორმოში მყოფ დანიელთან, ნადირობის სცენა და სხვა.

ტაძრის ინტერიერში ბათქაშის ჩამოცვენის შედეგად, ქვის ზედაპირზე გამოვლინდა უძველესი დეკორის ფრაგმენტები: წითელი საღებავით შესრულებული არქიტექტურული წყობის იმიტაცია, ასეთივე საღებავით შემოხაზული ჯვარი გუმბათში. ტაძარში გაირჩევა აგეთვე პირველ ფენასთან ქრონოლოგიურად ახლო მდგომი, უფრო გვიანდელი დეკორი, რომელიც არაუგვიანეს VIII საუკუნის I ნახევარს მიეკუთვნება – აფსიდის რვა შვერილზედა სამსხვერპლოს კარის ზემოთ, ნაცრისფერი ბათქაშით დაფარულ კედელზე, თეთრი და წითელი საღებავებით გამოსახულია დამცველობითი ფუნქციის ჯვრები.

ტაძრის ინტერიერი მთლიანად მოიხატა XI საკუნის II ნახევარში. წერის მანერის და ტექნიკური ხერხების მიხედვით გაირჩევა რამდენიმე მხატვრის ხელი. მიუხედავად ამისა, მხატვრობის იკონოგრაფიული და მხატვრული ჩანაფიქრი ერთიანია. მოხატულობის იკონოგრაფიული სქემა  ნაწილობრივ იმითაც განისაზღვრება, რომ ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა. მეორე ფენის კომპოზიციები მკაცრი და მონუმენტურია. კოლორიტი აგებულია ცისფრის სხვადასხვა ტონებზე – ბაცი მონაცრისფროდან სუფთა კობალტამდე და ამ ფერების მოვერცხლისფრო მწვანესთან, წითელსა და იისფერთან შეხამებაზე. სახეები მოდელირებულია ბაცი, ოდნავ მოყავისფრო ტონის ფართო მონასმებით. ატენის ტაძრის მოხატულობა ქართული მონუმენტური მხატვრობის მნიშვნელოვანი ნიმუშია.

ატენის სიონის ტაძრის კომპლექსი სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი არის მოქმედი და მიმდინარეობს მისი რესტავრაცია.

„ძეგლები.ჯი“