იოვანე საბანისძის „ჰაბოს წამების“ რამდენიმე იდეოლოგიური ნაწყვეტი
15:41:23     21-01-2012
8 (ახალი სტილით 21) იანვარს ქართული ეკლესია აღნიშნავს წმინდა აბო ტფილელის ხსენების დღეს.
ნეტარი აბოს ცხოვრება, გაქრისტიანება და ქრისტესთვის მოწამეობა დიდი მადლი იყო ქართველთათვის, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში იყვნენ. ის დიდი საჩუქარი იყო საქართველოსათვის.
არაბებს დაეპყროთ ჩვენი სამშობლო. მათი ბატონობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ასეული წლები გაგრძელდა.
ქართველობას უამრავი საფრთხე ელოდა. ამას მაჰმადიანობის საფრთხეც დაემატა, თანაც ძალიან სერიოზული. მაჰმადიანები დიდ შეღავათს აძლევდნენ გადასახადებში თუ ცხოვრების სხვა სფეროში ერთმორწმუნეს. თუ რომელიმე ქართველი გადავიდოდა მათ სარწმუნოებაზე, შეღავათების გარდა, წარმატებაც, დაწინაურებაც ელოდა, დამპყრობთა მხრიდან.
რა თქმა უნდა, ქართველების დიდი ნაწილი ერთგულებდა სარწმუნოებას, რაც ეროვნებისა და ღირსების ერთგულებაც იყო, მაგრამ, ბევრი მაინც ცდუნდებოდა („შეაცთუნნეს და გარდადრიკნეს“, „გარდაგულარძნნეს: რომელნიმე მძლავრებით, რომელნიმე შეტყუვილით, რომელნიმე სიყრმესა შინა უმეცრებით, რომელნიმე მზაკუვარებით.“).
ასეთ დროს ღმერთმა გამოგვიგზავნა ახალგაზრდა კაცი, არაბი მენელსაცხებლე ჰაბო, რომელმაც სამაგალითო გმირობა გამოიჩინა და ქრისტესთვის ეწამა 786 წლის 6 იანვარს. მისმა მაგალითმა გაამხნევა ქართველები.
ეს ამბავი გავრცელდა ხალხში... და დიდი რეზონანსი გამოიწვია. ქართველები მიხვდნენ, თუ ისმაიტელი ჭაბუკი კვდება ქრისტეანობისათვის, მაშასადამე ქრისტეს სჯული უკეთესია, თორემ პრივილეგირებული, დამპყრობელი ერის შვილმა რად მიიღო ქრისტიანობა?
„მაშინ იწყო სიმრავლემან ქალაქისამან ქრისტიანეთამან და განაგდეს შიში მძლავრთაჲ მათ და განვიდოდეს ყოველნივე ადგილსა მას, სადაცა დაწუნეს ჴორცნი იგი წმიდისა მოწამისანი. მოხუცებულნი მირბიოდეს კუერთხებითა თჳსითა, მკელობელნი ვლდომით, ვითარცა ირემნი, ჭაბუკნი სრბით, ყრმანი ჴდომით ურთიერთას, დედანი მსგავს იყვნეს წმიდათა მათ მენელსაცხებლეთა, რომელთა სრბით მიაქუნდა სულნელები იგი წმიდასა მას ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისა საფლავსა; ნანდჳლვე იყვნეს ესენიცა მსგავს მათა, რამეთუ რბიოდეს ცრემლითა და მიაქუნდა მათ თანა სანთლები და საკუმეველი ჴელითა თჳსითა. ყოველნივე სიხარულითა და მადლობითა ქრისტჱსითა მივიდოდეს და აღიღებდეს მიწასაცა მის ადგილისასა, და მრავალნი სენთაგან შეპყრობილნი მიჰყვანდეს და მასვე დღესა შინა განიკურნებოდეს. ხოლო ყოვლად ძლიერმან ღმერთმან უფროჲს გამოაჩინა ძალი თჳსი და პატივ-სცა თჳსსა მას მარტჳლსა და აჩუენა სასაწაული საკჳრველი, რაჲთა უწყოდიან ყოველთა, რამეთუ ქრისტჱს მოწამე არს“ (წერს იოვანე საბანისძე).
ქართლის კათალიკოსმა სამოელ VII-მ სთხოვა იოვანე საბანისძეს, რომელიც პირადად იცნობდა აბოს და მეგობრობდა მასთან, აღეწერა მისი ცხოვრება და მოწამეობა. მანაც მამფალის თხოვნა შეასრულა და დღეს ხელთ გვაქვს უბრწყინვალესი თხზულება.
იოვანე საბანისძე ძალიან დიდი მწერალი და იდეოლოგი გახლდათ. მან კარგად იცოდა აბო ტფილელის მოწამეობრივი ღვაწლის, საერთოდ ქრისტიანობის მნიშვნელობა ქართველთათვის და თავისი თხზულება და განსაკუთრებით, პირველი ნაწილი ამ თემას მიუძღვნა. იოვანე საბანიძე წარმოგვიდგება როგორც დიდი ბრძენი, რომელიც არა მარტო თანამედროვეებს, არამედ შთამომავლებსაც ასწავლის, როგორი უნდა იყოს „ჩვეულებისაებრ მამულისა სვლა“.
როგორც ვთქვით, მისი თხზულება 4 ნაწილისაგან შედგება:
„პირველი თავი: ღმრთის-მსახურთა და მარტჳლთ-მოყუარეთა კრებულისათჳს თხრობაჲ და მოძღურებაჲ და ახლისა ამის მოწამისა ჰაბოჲს ჴსენებაჲ.
მეორჱ თავი: ქართლად შემოსლვაჲ და ნათლის-ღებაჲ ნეტარისა ჰაბოჲსი.
მესამჱ თავი: მარტჳლობაჲ წმიდისა ჰაბოჲსი.
მეოთხჱ თავი: ქებაჲ სანატრელისა წმიდისა ჰაბოჲსი.
რა თქმა უნდა, შემდეგი ნაწილები თხზულებისა რა ნაკლებ მნიშვნელოვანია. ძალიან საინტერესოა აბოს ცხოვრების ისტორია, რომელიც უამრავ რამეს გვიამბობს იმდროინდელი საქართველოსა და საერთოდ მსოფლიო ისტორიის შესახებ.
მესამე ნაწილში მწერალი წარმოგვიდგენს მტკიცე ადამიანს, ჭაბუკს, ყოფილ მაჰმადიანს, ისმაელიტყოფილს, აწ ქრიატეანად მონათლულს, რომელიც დაუფარავად აღიარებდა ქრისტეს, არაბების მიერ დაპყრობილ ტფილისში და რომელსაც გადაუწყვეტია სარწმუნოებისათვის თავდადება.
მეოთხე ნაწილი თხზულებისა ჰიმნოგრაფიული ხასიათისაა და ერთ-ერთი უძველესი ნიმუშია ქართული ორიგინალური ჰიმნოგრაფიისა (ჟამთა სიავემ, ალბათ ბევრი რამ დაგვიკარგა). „შენ ძემან მამისა მიერ შეგიწყნარა და სულმან წმიდამან გადიდა!“ - წერს დიდი მწერალი და იდეოლოგი იოვანე საბანისძე.
წმინდა აბო ტფილელი ქალაქ თბილისის მფარველი წმინდანია. ის ჩვენი დიდი მოღვაწეა, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სარწმუნოების, ჩვენი ერის ნაწილი.
აბო ტფილელის ხსენების დღის აღსანიშნავად, გავიხსენოთ იოვანე საბანისძის შესანიშნავი თხზულების პირველი თავის ნაწყვეტი. მთელი ნაწარმოები დიდებული ენითაა დაწერილი და თანამედროვე ქართველთათვისაც გასაგებია, ძირითადად.
პირველი თავი
ღმრთის-მსახურებისათჳს შეკრებულთა მათ უწყებაჲ და მარტჳლთ-მოყუარეთა მათ სწავლაჲ და ახლისა ამის მოწამისა მოჴსენებაჲ წმიდისა ჰაბოჲსი
(ნაწყვეტები)
საყუარელნო მამისანო და მეგობარნო და მონანო ქრისტჱს, ძისა ღმრთისანო, და სამკჳდრებელნო სულისა წმიდისანო! გხედავ თქუენ, ვითარცა ღმრთივ-ცნობილთა და ღმრთისა მცნობელთა, ამისთჳსცა გარქუ თქუენ მონად და მეგობრად ქრისტჱსა. მონად ამის გამო, რამეთუ “პატიოსნითა სისხლითა მისითა სყიდულ ხართ” თქუენ, ხოლო მეგობრად ამისთჳს, რამეთუ მისნი შექმნულნი ვართ და დაბადებულნი და სიყუარულითა მისითა ნათელ გჳღებიეს.
აწ გლოცავ თქუენ ქრისტჱს მიმართ სურვიელითა გულითა: მომიპყრენით საჩინონი ეგე სასმენელნი თქუენნი და უფროჲსღა საცნობელნი ეგე ყურნი გულისა და გონებისა თქუენისანი განჰმარტენით სმენად და მასპინძელ ექმნენით სიტყუათა ამათ ჩემთა, - რამეთუ ქრისტჱსთჳს არიან და სანატრელთა მისთა მოწამეთათჳს, - შეიწყნარეთ კარავსა გუამისა თქუენისასა და სავანჱ განუმზადეთ. რამეთუ უფალსა ჰნებავს დამკჳდრებად ასოთა შინა თქუენთა...
... საყუარელნო, ნუ გეწყინებინ სმენად სიტყუათა ამათ, რაჲთა არა ცუდად დავშურეთ: მე სიტყჳთა და თქუენ სმენითა, - რაჲთა ერთობით მოგუცეს ჩუენ უფალმან სასყიდელი შრომათა ჩუენთაჲ.
და არა თუ ხოლო ჩემდა მარტოჲსა საძიებელ არს სმენად საწადელი ესე მარტჳლობაჲ წმიდისა ამის მოწამისაჲ, არამედ ყოველთაჲ ჯერ-არს თქუენდაცა დაკჳრვებად ჩემ თან, რომელნი ესე შემოკრებულსა ამას ჟამსა მეშჳდესა დარსა ზედა ვდგათ, რომლისა ჟამისათჳსცა უფალი იტყჳს, ვითარმედ “მრავალნი სცთებოდიან და მრავალთა აცთუნებდენ”;...
...რამეთუ რომელნი ესე ვართ ყურესა ამას ქუეყანისასა, სასტიკებისაგან და სივერაგისა, მანქანებითა მით საცთურებისაჲთა, ზედამდგომელთა ამათ ჩუენთა, მფლობელთა ამის ჟამისათა, ზაკულებითა მოძღურებისაჲთა, თჳთ თავით თჳსით შჯულის-დებისაჲთა, განდგომილთა ქრისტჱსგან, მრავალნი შეაცთუნნეს და გარდადრიკნეს გზისაგან სიმართლისა და ჭეშმარიტებასა ქრისტჱს სახარებისასა შეეცოდნეს რომელნი ხუთასის წლისა ჟამთა და უწინარჱსღა შჯულ-დებულ ყოფილ [არიან] წმიდითა მადლითა ნათლის-ღებისაჲთა.
მიერითგან და ვიდრე აქამომდე ნაშობნი ქრისტეანეთანი გარდაგულარძნნეს: რომელნიმე მძლავრებით, რომელნიმე შეტყუვილით, რომელნიმე სიყრმესა შინა უმეცრებით, რომელნიმე მზაკუვარებით. და სხუანი, რომელნი ესე ვართ მორწმუნენი, მძლავრებასა ქუეშე დამონებულ[ნი] და ნაკლულევანებითა და სიგლახაკითა შეკრულნი, ვითარცა რკინითა, ხარკსა ქუეშე მათსა გუემულნი და ქენჯნილნი, ძჳრ-ძჳრად ზღვეულნი, შიშითა განილევიან და ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა, არამედ ქრისტჱს სიყუარულითა და შიშითა, ჩუეულებისაებრ მამულისა სლვისა, ჭირთა მოთმინებითა. არა განეშორებიან მხოლოდ-შობილსა ძესა ღმრთისასა.
ესევითარსა ჟამსა შინა გამოჩნდა ახოვნად წმიდაჲ ესე მოწამჱ; არა თუ პირველითგანვე ჩუენგანი იყო, არამედ უმეცარი, სარწმუნოებისაგან ჩუენისა უცხოჲ, უცხოჲთა შჯულითა მოვიდა და ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, შეემეცნა, რომლისათჳსცა დღეს კუალად ახალმან ამან დღესასწაულმან და კრებამან წმიდისა და ახლისა მოწამისამან გჳრგჳნოსან-ყო ეკლესიაჲ, და ყოველი კრებული ქრისტეანეთაჲ ერთბამად განანათლა, და ყოველინივე პირნი ღირს იქმნნეს ამას დღესა გარდამეტებულისა მადლისა შეწირვად ქრისტჱს მიმართ, ჭეშმარიტისა ღმრთისა ჩუენისა...
... აჰა ესერა ქართლისაცა მკჳდრთა აქუს სარწმუნოებაჲ და წოდებულ არს დედად წმიდათა, რომელთამე თჳთ აქა მკჳდრთა და რომელთამე უცხოთა და სხჳთ მოსრულთა ჩუენ შორის ჟამად-ჟამად, მოწამედ გამოჩინებითა ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამჱნ.