
გივი თარგამაძე: ვლადიმერ პუტინს ომის თავი არ აქვს . . .
13:12:00     21-01-2012
საქართველოში, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსებასთან დაკავშირებით ინფორმაციას, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუტატი გივი თარგამაძე რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის მოგონილ თემად მიიჩნევს. კანონმდებელის განმარტებით, ამ სისტემის ქვეყანაში განლაგებას, ქართული მხარე მიესალმება, მაგრამ ამ საკითხზე კონკრეტიკასთან მიახლოებული საუბარი არასოდეს ყოფილა. მისი თქმით, ვინაიდან, პუტინს ბუნდოვანი მომავალი აქვს, მსგავსი აგრესიული განცხადებები მოსალოდნელია, თუმცა, კრემლის მმართველს ომის თავი არ აქვს..
რატომ ცდილობს, ცივილიზებული სამყაროს დაშანტაჟებას ვლადიმერ პუტინი? სამხედრო ავანტიურის წამოწყების, რა შანსი აქვს კრემლს? ირანთან კონფლიქტში რა პოზიციას დაიკავებს საქართველო? – “პრესა.ჯი-ს” კითხვებს გივი თარგამაძე პასუხობს:
-ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოსთან რუსეთის შეიარაღებული დაპირისპირების ერთ-ერთი მოტივი, აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები იყო. ამ სისტემის საქართველოში განლაგების საკითხი განიხილება?
- საქართველოსთან მიმართებაში, ამ საკითხის განხილვა არ ხდება. საუბარია, რომ რაკეტსაწინააღმეგო სისტემა, აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში განთავსდეს, მაგრამ ეს საკითხი, იქაც საბოლოო ფაზაში არ არის გადასული. საქართველოსთან დაკავშირებით, კონკრეტიკასთან მიახლოებული ლაპარაკიც არ ყოფილა, ბუნებრივია, რომ იყოს, ჩვენ ამას მივესალმებით და დიდი სიამოვნებით დავთანხმდებით. პუტინის მიერ, ეს გამოგონილი თემაა, როგორც ჩანს, ის ამ განცხადებით, ყურადღების გადატანას ცდილობს, მაგრამ მას საქართველოზე ლაპარაკის მიზეზი, ახლა ნამდვილად არ აქვს. ზოგადად, რომ გითხრათ, ჩვენი მხრიდან, ამის სურვილი ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ლაპარაკი არ ყოფილა.
-პუტინმა საკითხზე საუბრისას, აღნიშნა, რომ რუსეთისთვის სულერთი არ არის, ეს სისტემა საქართველოში გამოჩნდება თუ არა. მან აქვე დასძინა, „ამ შემთხვევაში ჩვენ, ჩვენი თავდაცვითი სისტემები საქართველოს ტერიტორიისაკენ უნდა მივმართოთ’’. აშანტაჟებს თუ არა საქართველოს პუტინი?
- არ მგონია, რომ ვიღაცას, კრემლის სერიოზულად ეშინია. ბოლოს და ბოლოს ომი, ჩვენს თავზე გამოვცადეთ და მიუხედავად იმისა, რომ ბევრ შემთხვევაში, ეს ომი ტრაგიკული და არასასიამოვნო იყო, მაინც გადავიტანეთ. რუსეთს არ აქვს იმ ტიპის შეიარაღება, როგორ სურათსაც მოსკოვი ხატავს. შეიძლება ითქვას, რომ რაც რუსეთს ჰქონდა, ყველაფერი საქართველოსთან საომრად ჩამოიტანა, მთელ მსოფლიოსთან საომრად იარაღით თავის მოწონება სწორი საქციელი არ არის. პუტინის მხრიდან, ბაქი-ბუქი და ასეთი ტიპის განცხადებები წლებია გვესმის, მაგრამ მისი შეფასებები რეალურ საფუძველს მოკლებულია და ვფიქრობ, რომ ქვეყნები მის განცხადებას, სერიოზულად არ აღიქვამენ.
- რუსეთის პრემიერმა ეს განცხადება, მას შემდეგ გააკეთა, რაც ბარაკ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა დაანონსდა. პუტინი ამერიკას ემუქრება?
-ბოლო თვეების მანძილზე, რუსულ საზოგადოებაში თანხმობა შედგა, რომ პუტინს, როგორც პრეზიდენტს, მომავალი არ აქვს, მაგრამ სხვა საკითხია, რამდენხნიანი პროცესის შედეგად შეიძლება ის მთლიანად ამოიწუროს. ამიტომ, პუტინის აგრესიული განცხადებები მოსალოდნელია, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ განცხადებების მიღმა, იმის შესაძლებლობა დგას, რომ ეს აგრესია განხორციელდეს. ეს შესაძლებლობა არც რუსეთს და არც ამ გაურკვეველ ადამიანს არ აქვს.
- ცნობილია, რომ საარჩევნო პერიოდში, პუტინს სამხედრო ავანტიურების წამოწყება სჩვევია და ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?
- მას ამის შესაძლებლობა არ აქვს და თან, პუტინი მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ ძალიან კარგად ინფორმირებულია. რუსეთის პრემიერს ომის თავი არ აქვს. Aმას გარდა, ინფორმაცია გაგვაჩნია, რა ვითარებაა მათ შეიარაღებულ ძალებში, პოლიციაში, თავად მოსკოვში. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ კრემლმა მიყოლებით სასაცილო მარცხი, ისეთი მასშტაბის საქმეებში განიცადა, როგორიცა სამხრეთ ოსეთში არჩევნების ჩატარება. აქ მოსკოვმა უბრალოდ, ფიასკო კი არა, არამედ სრული კრახი განიცადა. იმის ნაცვლად, რომ საკუთარი დამარცხებული ე.წ. კანდიდატის შემდეგ, მხარი ჯიოევასთვის დაეჭირათ, მას ბრძოლა დაუწყეს, თუმცა, ვერც მოერივნენ, რაც ყველაზე საინტერესოა. ცხინვალის შემდეგ, იგივე დნესტრისპირეთში განმეორდა, სადაც მათი კანდიდატი მეორე ტურშიც ვერ გავიდა. ამ ფონზე, იმის თქმა, რომ ამ ხალხს რომელიმე ქვეყანაში ომის თავი აქვს, ძალიან რთული სათქმელია. ერთის მხრივ, რუსეთს ომის შესაძლებლობა არ აქვს და მეორეს მხრივ, რომ ჰქონდეს და ფაქტიურად, ამაზე წავიდეს, თავის პერიოდს, დღეეების ჩათვლით, მოისწრაფებს.
- რაც შეეხება 30 იანვრის შეხვედრას, რას ელით და ჩიკაგოს სამიტის წინ, ამ რანგის შეხვედრები, ხომ არ იქნება იმის განმსაზღვრელი, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა გაღრმავდეს?
-ხელმოწერილი ქარტია არსებობს, რომელშიც მოყვანილი საკითხები ავტომატურად საუბრის საგანი იქნება, მაგრამ შეიძლება თემებს გამოკვეთილად, მომავალი არჩევნები დაემატოს. საუბარი შეეხება ჩიკაგოს სამიტს, ავღანეთის მისიას და რუსეთის სიტუაციას. რაც შეეხება ჩიკაგოს სამიტს, საქართველო-ნატოს ურთიერთობაში წინსვლაა და თავად ატლანტიკური საბჭოსა და მისი გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი იმაზე მიანიშნებს, რომ პროგრესია, ასეთი რაღაცეები ტყუილად არ ხდება, ამიტომ, გარკვეულ პროგრეს ველით, მაგრამ რთული სათქმელია, ეს პროგრესი სიღრმეში რამდენად იქნება წასული. ფაქტია, რომ ამერიკის ზემოქმედების გარეშე ევროპული ქვეყნები რადიკალურად აზრს არ შეიცვლიან, მაგრამ საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო, ევროპაში აზრი შეცვლილია, კერძოდ, ვნახეთ, რომ რეაგირება სხვანაირია, იგივე ევროპარლამენტის, ბუნდესტაგისა და გერმანიის ომბუდსმენის განცხადებები მიანიშნებს, რომ აქაც უკვე პუტინის ატანა- არატანის საკითხი ზღვარზეა. უფლება გვაქვს, რომ სასიკეთო ცვლილებებს ველოდეთ, მაგრამ გარანტირებულად რაიმეს ვერ იტყვი.
-ამერიკა-ისრაელი-ირანის კონფლიქტში, საქართველოს ხელისუფლება ოქროს შუალედს დაიკავებს თუ დაძაბულ ურთიერთობაში ჩაერთვება?
- რუსული განცხადებები, რომ საზღვარს გაარღვევენ და ირანის ბაზას მოამარაგებენ, ისეთივე სისულელეა, როგორც ის, რომ ირანზე შეტევის შემთხვევაში, საქართელო მთავარი ძალა იქნება. დიდი ხანია, განვითარებულ სამყაროში ვცხოვრობთ და მეზობლობა საჭირო არ არის, რომ რომელიმე ქვეყანა დაბომბო. რუსებისგან განსხვავებით, ინფრასქტრუქტურულად ამერიკა სუპერ სახელმწიფოა, მას გრძელვადიანია დაგეგმარება აქვს. მას, რომ ირანის წინააღმდეგ ინფრაქტურქტურა სჭირდებოდა, ეს დიდი ხნის წინ აქვს განსაზღვრული და ის, რომ კონფლიქტის წინ, საქართველოში რაღაცა ინფრასტრუქტურის შექმნა მოხდეს, ეს ინფორმაცია ძალიან სასაცილოდ გამოიყურება. საქართველო, ამერიკის პარტიორი ქვეყანაა და ასეთი მჭიდრო ურთიერთობა ირანთან არ გვაქვს, აქედან გამომდინარე, ამერიკის, როგორც პარტნიორი ქვეყნის ერთგული ვიქნებით.