შს სამინისტრომ გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

  15:35:38     20-01-2012

2010 წლის 30 დეკემბერს, თბილისში, კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, 1992 წელს დაბადებული თორნიკე გიგოლაშვილი დაკავებულია. 22 წლის გიორგი კენჭაძის შემზარავი მკვლელობა შს სამინისტრომ მალე გახსნა, თუმცა დამნაშავის ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობდა, ვინაიდან გიგოლაშვილმა მიმალვა მოახერხა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგოლაშვილს განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანა. მას თავისუფლების 21 წლით აღკვეთა აქვს მისჯილი.

საქმის მასალების მიხედვით, მკვლელობის მიზეზი ორ ახალგაზრდას შორის, გოგონას გამო დაწყებული უთანხმოება გახდა. მკვლელმა, გიორგი კენჭაძის მეგობრის დას შეურაცხყოფა მიაყენა, რისთვისაც მან დასახმარებლად გიორგის მიმართა. როგორც სასამართლო სხდომაზე, დაკითხვისას, აღნიშნულ დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულმა არასრულწლოვანმა განმარტა, მკვლელობის დღეს მან და გიგოლაშვილმა ბაკურიანში წასვლა გადაწყვიტეს. ფულის გამოსართმევად მეგობართან მივიდნენ, იქიდან გამოსულებს კი გზაში შემთხვევით შეხვდათ გიორგი კენჭაძე ორ პიროვნებასთან ერთად. ისინი კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე ლუდს სვამდნენ. გიგოლაშვილმა კენჭაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა,  შემდეგ კი მოულოდნელად ამოიღო იარაღი, დაუმიზნა და მოახდინა ერთი გასროლა მისი მიმართულებით. მკვლელობის შემდეგ ისინი გაიქცნენ, ხოლო იარაღი გიგოლაშვილმა ბუნკერში გადააგდო. ბრალდებულმა ასევე აღნიშნა, რომ ეს იარაღი ადრეც ჰქონდა ნანახი გიგოლაშვილის სახლის სარდაფში. ერთ-ერთმა მოწმემ, გარდაცვლილის მეგობარმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ გარდაცვლილსა და გიგოლაშვილს შორის არსებობდა კონფლიქტური სიტუაცია, ვიღაც გოგოსთან ურთიერთობის გამო. რომელსაც გიგოლაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მკვლელობამდე ორი კვირით ადრე, გარდაცვლილმა მეგობართან ერთად, გამეტებით სცემა გიგოლაშვილს, რომელიც დაემუქრა, რომ ამას არ აპატიებდა.

თორნიკე გიგოლაშვილი წარსულშიც ნასამართლევია. მის მიერ ჩადენილ დანაშაულს ისიც ამძიმებს, რომ თავი აარიდა სასამართლოს. ასევე სასამართლომ გაითვალისწინა, რომ მკვლელობა მოხდა ისეთ ადგილას, სადაც ხალხი მოძრაობს და მას მცირეწლოვანი ბავშვიც შეესწრო.

სასამართლო პროცესზე, გიგოლაშვილის მშობელი ამტკიცებდა, რომ მისმა შვილმა გიორგი კენჭაძეს არა მოკვლის, არამედ შეშინების მიზნით ესროლა. თუმცა აღნიშნული ჩვენება სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგებოდა სხვა მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც განმარტავენ, რომ გიგოლაშვილმა კენჭაძეს დამიზნებით ესროლა. გიგოლაშვილს, დანიშნული სასჯელების ერთობლიობით, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. შს სამინისტროს ინფორმაციით, გიგოლაშვილმა დაკავების შემდგომ ჩადენილი დანაშაული აღიარა.