ალექსანდრე ყაზბეგის „სამშობლოვ“ (დაბადების დღისადმი)

  15:20:03     20-01-2012

1848 წლის 8 (ახალი სტილით 20) იანვარს, სტეფანწმინდაში დაიბადა დიდი ქართველი მწერალი ალექსანდრე ყაზბეგი.

დიდი მწერალი ქვეყანას მოევლინა ხევის მმართველის, მიხეილ გაბრიელის ძე ყაზბეგისა (ჩოფიკაშვილის) და ელისაბედ თარხნიშვილის ოჯახში. სწავლობდა ტფილისში, ჯერ ჰაკეს (1859), შემდეგ კანონიჩის (1862) პანსიონებში, 1863 წლიდან კლასიკურ გიმნაზიაში. 1866 წელს მამა გარდაეცვალა. ამის მერე შეძლებულ ცხოვრებას მიჩვეულ ოჯახს გაუჭირდა. 1867-1870 წლებში სწავლობდა მოსკოვის სამეურნეო აკადემიაში. საკმაოდ უჭირდა. 1870 წელს დაბრუნდა საქართველოში, აკადემია არ დაუმთავრებია.

სამშობლოში დაბრუნებული ცხვარში წავიდა მწყემსად. „გადავწყვიტე მეცხვარეობა დამეწყო და ამ ხელობის შემწეობით მომევლო მთა და ბარი, გამეცნო ხალხი და გამომეცადა ის შიში და სიამოვნებით სავსე ცხოვრება, რომელიც მწყემსს განუშორებლად თან სდევს. მე თვითონ, როგორც მთის კაცს, მყვანდა რაოდენიმე ცხვარი, ცოტაოდენი კიდევ ზოგიერთს მიწებში გაცვლით მოვაგროვე, მივუმატე ჩემს ფარას, ავიღე ჯოხი და თოფი და ამგვარად შევიქენ მეცხვარე” („ნამწყემსარის მოგონებანი“). მას ხომ ძალიან უყვარდა ბუნება, მთები, ადამიანები. ერთ ლექში („მე მთიელი ვარ“) წერდა:

მე მთიელი ვარ, არ ვიცი
თქმა და უკუთქმა სიტყვისა;
სალსა კლდეს ფიქრი არა აქვს
არც წვიმის, არცა სეტყვისა.
ბევრჯელაც ზეცა დასჭექებს,
და ბევრჯელ მეხი დაჰკრავსო,
მაგრამ მთას გუდა-ნაბადი
თავისი ზედვე აკრავსო.
ვინც მიყვარს, მიყვარს ნამდვილად,
მისკენ მაქვს ფიქრი, გონება,
ცხადათა, ძილში, სიზმარში
გული მას დაეკონება.
მის ყოფნით მხოლოდ ქვეყანა
თვალს და გულს მოეწონება,
სულიცა გალაღებული,
თუნდ ზეცას აეწონება.
ედემში ლხინად რომ ვიყო,
გრძნობას ის მოეჩვენება,
თუნდ ჯოჯოხეთში ვიწოდე,
წინ ხატად დამესვენება.
უმისოდ ყველა ფუჭია -
ლხინიც კი მომეწყინება,
მთად ცვარსა მზე თუ განშორდა,
სიცივით გაიყინება.

ალექსანდრე ყაზბეგი ძალიან აფასებდა ამ პერიოდს თავის ცხოვრებისა: „თუ ჩემს ნაწერებს კითხულობს ვინმე, თუ პოულობს იმაში რასმე გულის გასართობს, თუ არა სწყინდება და ბოლომდე ჩადის, ყველა ამის მიზეზი ჩემი წარსულია, ჩემი მეცხვარეობა“. მან ხომ უბრალო ადამიანების ცხოვრება გაითავისა, მათი სიხარულითა და მწუხარებით ცხოვრობდა.

1873 წელს ტფილისში ჩამოვიდა და თავი მწერლობასა და თეატრს მიუძღვნა. ქართული თეატრის განვითარებაში ალექსანდრე ყაზბეგს დიდი წვლილი მიუძღვის, მან რამდენიმე ათეული პიესა დაწერა, თარგმნა თუ გადმოაკეთა. გამოდიოდა სცენაზეც. მაკო საფაროვა იგონებდა: „...სილამაზით იმ დროს ჩვენს დასში ვერავინ შეედრებოდა, ტანადი, დიდრონი მომცინარი ჟუჟუნა თვალები, მშვენიერი ტუჩები, ჩაცმული ხომ ისე იყო, რომ ჩვენს ღარიბ სცენას იმ ხანებში არ ჰყოლია ისეთი მორთული არტისტი“. თუმცა, არაკეთილმოსურნეები, კრიტიკოსები, ცილისმწამებლები ბევრი ჰყავდა, როგორც პიროვნებას, როგორც მსახიობს, როგორც მწერალს...

ჩვენს ეპოქაში მისი არაკეთილმოსურნეები არავის ახსოვს, ალექსანდრე ყაზბეგი კი ყოველი ქართველისათვის საამაყო მწერალია.

ალექსანდრე ყაზბეგი 12 წლის იყო, როცა მისი ლექსი „ნანა“ ივანე კერესელიძემ დაბეჭდა „ცისკარში“. ეს მოხდა 1861 წლის დეკემბრის ნომერში.

დიდი მწერლის ლექსების პატარა კრებული „ალ. ყაზბეგის დაუბეჭდავი ლექსები“ 1910 წელს დაბეჭდა გამომცემელმა გრიგოლ ჩარკვიანმა და დაურთო წინასიტყვაობა:

„ეს ლექსები გადმომცა მე ალ. ყაზბეგმა 1889 წელსა. იმ დროს მე მქონდა წიგნის მაღაზია სემინარიის პირდაპირ. მთხოვა, რომ გამომეცა, მაგრამ დროთა ვითარების გამო ვერ გამოვეცი. და რადგან არ გვინდა, რომ დაიკარგოს და უსარგებლოდ ჩაიაროს მის შრომამ, ამისთვის განვიზრახეთ და გემოვეცით ცალკე წიგნად.

სხვათა შორის განსვენებულს ვეღარ უჭრიდა თვალთ და მის ნაკარნახით დამაწერინა „ანდერძი“, რომლის დედანზეც უწერია ხელი“.

დიდი მწერალი ვერ მოესწრო ამ კრებულის გამოცემას. გენიოსებს ბედი ხშირად მწარედ დასცინის, მაგრამ დიდი ტალანტი ყოველთვის იმარჯვებს ბედისწერაზე, ეს მხოლოდ დროის ამბავია...

ალექსანდრე ყაზბეგის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ მის ლექსს „სამშობლოვ“, რომელიც 1889 წელს დაიწერა..

სამშობლოვ

სამშობლოვ, შენი ნაშობი
შენს წინ დავიხრი ქედსაო,
შენთვის სიცოცხლეს ვინატრებ,
შევებრძოლები ბედსაო.

შენს სადიდებლად კერაზედ
მსხვერპლად დავურთობ გულსაო,
შენივ ალერსი ახარებს
შენთვისვე დადაგულსაო.

თუმცა ამ დღეში მყოფელი
ვერ შევაქებდი ბედსაო,
რა მაფიქრებდა, სიცოცხლე
მბრძანებლად შემყრის ხელსაო.