
ივანიშვილი ღლონტს და კიკაბიძეს ემუქრება
12:05:09     20-01-2012
ბიძინა ივანიშვილის ცოლი ,,ტელევიზიონშიკი" ხდება! ყოველ შემთხვევაში, მას ქართულ ტელე-სივრცეში ასე მოიხსენიებენ, როგორც ღლონტს, აქუბარდიას და სხვა ტელევიზიის ხელმძღვანელებს. ,,იგრიკა" ბიძინა ივანიშვილის ცოლის საკუთრება დაფარულ ვითარებაში გახდა და ახალმა მესაკუთრეებმა ის, სულ რაღაც 20 000 ლარად იყიდეს.
ეს მხოლოდ ოფიციალური ციფრია. როგორც წესი, ღლონტები და მისი ხელის ბიჭები ტელევიზიებს ასე იაფად და ბითუმად არ ჰყიდიან, თუმცა ამჯერად საქმე ბიძინა ივანიშვილის ფულს ეხებოდა. არაოფიციალურად კი, როგორც თავად ივანიშვილის გარემოცვიდან ხმა გამოდის, ბიძინას თითქმის მილიონამდე თანხა გადაუხდია. ამას ,,იგრიკას`` აწ უკვე ყოფილი მფლობელი ილია კიკაბიძე არა ადასტურებს, თუმცა როგორც წესი, ასეთ გარიგებებს ხმამაღლა არავინ შიფრავს. არც კიკაბიძე, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის მეუღლის კომპანია ,,აქცეპტს`` ტელეკომპანია, ფაქტობრივად აჩუქა. საჯარო რეესტრს კი, ,,აქცეპტის`` ახალმა დირექტორმა და ივანიშვილის ფულების ერთ-ერთმა ხაზინადარმა კახა კობიაშვილმა 17 იანვარს მიმართა.
კობიაშვილი ამავე კომპანიის 10 პროცენტს ფლობს, ხოლო 80 პროცენტი, სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, ეკა ხვედელიძის საკუთრებაა. დღემდე გაურკვეველოა, რატომ ,,მოტეხეს`` სიტუაციიდან ივანიშვილის კარზე მიღებული, ამავე კომპანიის ყოფილი დირექტორი ლაშა შონია. როგორც ამბობენ, ივანიშვილის ცოლსაც ქმარივით პათოლოგიური აკვიატებები სჭირს და ამოჩემება სჩვევია. მისი ერთ-ერთი ბოლო კაპრიზი, ტელევიზიის მფლობელი გახდეს, ქმარს უკვე დაუჯდა მილიონამდე.
ხვედელიძეს ეს სურვილი ჯერ კიდევ მაშინ გასჩენია, როცა რამაზ ჩხიკვაძის პანაშვიდზე მისულებს ტელე-კამერებით ჟურნალისტები დახვევიან. „მაგათი უფროსი უნდა ვიყო, რომ ჭკუა ვასწავლოო“ - უთქვამს კამერების წინ პოზიორობის შემდგომ, ივანიშვილის მეუღლეს.
თუმცა, ,,იგრიკას`` ირგვლივ აგორებული სკანდალი, ასე მარტივად არ ამოიწურება. ეროსი კიწმარიშვილი სასამართლოს მიმართავს და ზიანის ანაზღაურებისთვის კიკაბიძის პირად ქონებაზე, მათ შორის შპს ,,იგრიკაზე`` ყადაღის დადებას მოითხოვს. როგორც იურისტების ნაწილი განმარტავს, მნიშვნელობა არ აქვს ვინაა ,,იგრიკას`` ახალი მეპატრონე, თუ ამ ტელემაუწყებლობის ან ძველი მფლობელის მხრიდან, კანონის დარღვევას ჰქონდა ადგილი, კეთილსინდისიერ მყიდველსაც კი შესაძლოა ქონება ჩამოერთვას.
ეროსის საჩივრის გამო კი, „შუშის სასახლეში“ სერიოზული ვნებათაღელვაა, ივანიშვილი ღლონტსა და კიკაბიძეს ემუქრება, ტყუილად თუ გადამახდევინეს ამხელა თანხები, ეგენი აღარ დამანახოთო!