მომაკვდინებელი პროგნოზი რუსეთისათვის: ნატო-ში არათუ საქართველო, სომხეთიც შევა

  15:48:44     19-01-2012

თანამედროვე ირანის შემსწავლელი ცენტრის გენერალურმა დირექტორმა რაჯაბ საფაროვმა განაცხადა, რომ თუკი ირანში აშშ-ის შეჭრა წარმატებული იქნება, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ნატო-ს წევრები გახდებიან.

„ირანზე კონტროლის დამყარებიდან ზუსტად 2-3 კვირის შემდეგ, ცენტრალური აზიის ყველა ქვეყანა ვაშინგტონზე იქნება ორიენტირებული. კასპიის რეგიონში ამერიკის ფლოტი გამოჩნდება. საქართველო 2 დღეში შევა ნატო-ში. აზერბაიჯანი, დასავლეთის  მიმზიდველი და მაცდური წინადადებების შედეგად, შეიძლება გაწევრიანდეს ალიანსში. რუსეთსა და ირანს  მოწყვეტილი სომხეთი კი თვითშენარჩუნების მიზნით უბრალოდ, მისცემს აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღს და ასევე გახდება ამ სამხედრო ბლოკის წევრი“ - განაცხადა ექსპერტმა.

რაჯაბ საფაროვის ეს პროგნოზი რუსეთში ნატო-საქართველოს ურთიერთობების განხილვის კიდევ ერთი საფუძველი გახდა. მართალია, საფაროვმა, რუსეთისაგან პრაქტიკულად, მთელი სამხრეთ კავკასიის მოწყვეტა იწინასწარმეტყველა, მაგრამ რუსული მედია ყველაზე მეტად საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივამ დააინტერესა.

რუსული გამოცემები ზედმიწევნით იხსენებენ, თუ რა თქვა ბოლო პერიოდში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოსთან დაკავშირებით. კერძოდ, იხსენებენ ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას, რომ საქართველომ ნატო-ოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე სერიოზულ წარმატებებსა და პროგრესს მიაღწია; რომ გენერალურმა მდივანმა ვერ დააკონკრეტა, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ჩიკაგოში საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

„სამი წლის წინ ბუქარესტში, ნატო-ს სამმიტზე მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ნატო-ს წევრობისათვის აუცილებელია ალიანსის კრიტერიუმების დაკმაყოფილება და ამ თვალსაზრისით საქართველომ შესამჩნევ პროგრესს მიაღწია. ეს პროგრესი ჩანს როგორც თავდაცვის რეფორმირებულ სფეროში, ისე კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით“ - ციტირებს რუსული მედია რასმუსენის განცხადებებს და არ ავიწყდება, რომ ალიანსის გენერალურმა მდივანმა კვლავაც მზადყოფნა გამოთქვა დაეხმაროს საქართველოს, რომ რეფორმების პროცესი გაგრძელდეს, რათა საბოლოო მიზნი მიღწეულ იყოს.

რაჯაბ საფაროვის პროგნოზმა მოსკოვს ფიქრები ისევ აუშალა. მისთვის საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვა სიახლე ნამდვილად არ იყო, თუმცა, საექსპერტო ანალიზის ამ მიმართულებას, რუსული მედია, რატომღაც უფრო მეტ ყურადღებას უთმობს, ვიდრე, ვთქვათ, სომხეთის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივას ან ზოგადად, საფაროვის მიერ გამოთქმული ვარაუდების კრიტიკას, - თუკი სომხეთის ნატო-ში შესვლა საღ აზრს მოკლებული პროგნოზია. თანაც რუსულმა გაზეთებმა საფაროვის შესახებ ინფორმაციაც კარგად მოიძიეს და გაარკვიეს, რომ ირანის საკითხში, რეიტინგის მიხედვით, ის მეოთხე ექსპერტია. 1998 წლის მონაცემებით კი, მსოფლიოს პოლიტოლოგებს შორის, პირველ პოზიციებს იკავებს.