ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ორ კვირაში ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების შესახებ ხმებს უარყოფს
10:50:34     19-01-2012
მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტების ნაწილის განცხადებით, ირანთან ომი, შესაძლოა, მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყოს, ისრაელის ხელისუფლების მაღალჩინოსნები მაინც პრობლემის მშვიდობიანად გადაჭრის გეგმებზე საუბრობენ და ირწმუნებიან, რომ ომი მხოლოდ უკიდურესი გადაწყვეტილება იქნება.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ეჰუდ ბარაკის თქმით, მათ ქვეყანაში, თვით ამ სიტუაციაშიც, ჯერ კიდევ ეძებენ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შანსებს, ხოლო ირანის ბირთვულ ობიექტებზე სამხედრო თავდასხმის განსახორციელებლად, მაინც ძალიან შორია.
„ასეთი გადაწყვეტილება არ მიგვიღია და მით უმეტეს, არანაირი თარიღი არ დაგვიდგენია“ - განაცხადა ბარაკმა ერთ-ერთ ებრაულ რადიოსთან ინტერვიუში. კითხვაზე, თუ როდის შეიძლება მოახერხოს ირანმა ატომური ბომბის შექმნა, მინისტრმა უპასუხა, რომ ეს, შესაძლოა, უახლოეს წლებში მოხდეს. მისი თქმით, სხვადასხვა მტკიცებულებების მიხედვით, ირლამურმა რეჟიმმა მსგავსი ჩანაფიქრი, სავარაუდოდ, დაახლოებით, წელიწადნახევარში შეიძლება განახორციელოს.
ისრაელის თავდაცვის პირველი პირი აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის, არმიის სხვადასხვა სცენარებისთვის მომზადება ხდება, თუმცა, ყველაფერი, საბოლოოდ, პოლიტიკოსების გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული და მას პროგნოზების გაკეთება მაინც უჭირს.
მიუხედავად თავდაცვის მინისტრის ასეთი გამოსვლისა, სპეციალისტები, ირანთან მიმართებაში, უახლოეს მომავალში, სიტუაციის მკვეთრ დაძაბვას მაინც ვარაუდობენ. ამ მოსაზრებებს ის ფაქტიც ამყარებს, რომ თავად ისრაელის ხელისუფლებაშიც, საკითხთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობაა. ეჰუდ ბარაკისგან განსხვავებით, გაცილებით უფრო საომარი ნოტების მქონე განცხადებები კეთდება, ქვეყნის სხვა მაღალჩინოსნების მხრიდან, რომლებიც უახლოეს პერიოდში, ისრაელის ირანზე თავდასხმის ვარიანტს არ გამორიცხავენ.