
ბერეზოვსკის წერილი “ვალოდიას”: „შენ, როგორც ტიპიურმა დიქტატორმა“…
20:17:34     18-01-2012
ლონდონში მყოფი ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი განაგრძობს უსტარულ ურთიერთობას მოსკოვთან. მას შემდეგ, რაც მან პატრიარქ კირილს მოუწოდა ხელისუფლების უსისხლოდ გადაბარება უზრუნველყოს, ბიზნესმენმა წერილი ვლადიმერ პუტინსაც გაუგზავნა:
„ვალოდია, სანამ შეგიძლია თავიდან აიცილო სისხლიანი რევოლუცია, არ დაუშვა რუსული სახელმწიფოს ნგრევა, - როცა ხალხი და ხელისუფლება საბოლოოდ დაკარგავს ერთმანეთთან კავშირს. საზოგადოების ინტელექტუალური ნაწილის მიერ გაჟღერებულია ორი მთავარი თეზისი: პუტინი უნდა წავიდეს; არ გვინდა რევოლუციის სისხლი;
ამ ორი შეუთავსებელი მოთხოვნის შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია. შენ, როგორც ტიპიურმა დიქტატორმა, არ შეგიძლია გადასცე ხელისუფლება არჩევნების გზით. მაგრამ ისტორიამ იცის გამონაკლისები.
გაიგე, თუკი დაიწყებენ ისინიც კი, ვინც დღეს მოედანზეა, პასუხის გაცემა მაინც შენ მოგიწევს. ავტორიტარული ხელისუფლება ყოველთვის აშინებს ხალხს რევოლუციის სისხლით, მაგრამ რევოლუციის სისხლი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და არა რევოლუციონერებისა.
ახლა შენ შეგიძლია წახვიდე ნებისმიერ პირობებში.
წაიღე იმდენი, რამდენის წაღებაც შეგეძლება. წაიღე შენთვის იმდენი დიდება, რამდენიც რუსეთს მოუტანე, წაიღე იმდენი ფული, რამდენადაც შენ აფასებ შენს შრომას გალერებზე, აიღე იმდენი გარანტია, რამდენიც შენ საკმარისად მოგეჩვენება.
უკვე დღეს, შენ არ შეგიძლია ენდო არცერთ ადამიანს: არა მარტო მათ, ვინც მოედანზეა, არამედ არცერთ შენს მეგობარს, რომლებიც შენ წარმოუდგენლად მდიდრები გახადე. შენ თავად მოიქციე თავი ამ ხაფანგში.
დაუჯერე მხოლოდ მას, ვისთანაც შენ მიდიხარ შობასა და აღდგომაზე. მხოლოდ რუსული მართლმადიდებელი ეკლესია შეიძლება გახდეს ხელისუფლების ცვლისა და შენი პირადი უსაფრთხოების მშვდობიანი გარანტი. მხოლოდ ეკლესიამ შეიძლება იხსნას რუსეთი შენგან, შენ კი - რუსეთისაგან.
მოხსენი შენი კანდიდატურა, გადადე არჩევნები, სთხოვე პატრიარქს, მოიწვიოს ეროვნული ხსნის კომიტეტი.
დაე, კომიტეტში იყო შენ, შენი პარტნიორები, შენი მოწინააღმდეგეები, მთავარია, რომ იყვნენ ისინი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია რუსეთის ინტერესები. ერთად მოამზადეთ თავისუფალი არჩევნები. არჩევნები, რომელზეც წარმოდგენილი იქნება თანამედროვე რუსეთის მთელი პოლიტიკური პალიტრა - გრიზლოვიდან და შოიგუდან ლიმონოვის, ნავალნის, ნემცოვის და უდალცოვის ჩათვლით, ჟირინოვსკიდან და ზიუგანოვიდან ხოდორკოვსკამდე და ლებედევამდე, არჩევნები, რომელსაც მიიღებს საზოგადოება.
ვალოდია, შენ ორ ცეცხლს შუა ხარ. ერთნი ბუნტაობენ, მეორენი საკუთარი ტყავის გადარჩენას ცდილობენ, ხოლო პასუხის გაცემა შენ მოგიწევს.“