ტიმოშენკო „სპეცსამსახურების საწამლავით“ - თალიუმით მოწამლეს?

  14:32:21     18-01-2012

იულია ტიმოშენკო იმავე ქიმიური ელემენტითაა მოწამლული, რომლითაც „ფსბ“-ს თანამშრომელი ვლადიმერ ლიტვინენკო მოწამლეს. ამის შესახებ მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, 50-წლიანი სტაჟის ექიმი-ტოქსიკოლოგი ვ. ბელოუსი წერს. „სტატიის დაწერა ტიმოშენკოს კრიტიკულმა მდგომარეობამ მაიძულა. უბედურების ნიშანი იყო გონების დაკარგვა 06.01.2012-ში, რაზეც სამედიცინო კომისიას რეაქცია არ ჰქონია“ - ამბობს ის.

ბელოუსი ამბობს, რომ ყველაფერი, რაც იულია ტიმოშენკოს ირგვლივ ხდება, ბადებს ეჭვს, რომ სასამართლოების გადაწყვეტილებები და ასევე ტიმოშენკოს მიმართ დაწყებული ახალი საქმეები შეკვეთილია, რათა მოწამვლის ფაქტი გადაიფაროს. „რომ თავისუფლებაზე ის მხოლოდ მკვდარი გამოვიდეს. სწორედ ამ მიზნით ინიშნება და „მოქმედებს“ მაღალი კლასის კომისიები, რომლებიც შორს დგანან ტოქსიკოლოგიისგან. ისინი აგრძელებენ რესპირატორული სინდრომის მკურნალობას, იძლევიან „მასაჟების და მეტი მოძრაობის“ რეკომენდაციებს და არ გამორიცხავენ ოპერატიულ ჩარევასაც კი. რისთვის? არავის უეჭვია მოწამვლა“ - აცხადებს სპეციალისტი.

თალიუმი და მისი მინარევები, რისკის დონის მიხედვით, მომწამვლელი ნივთიერებების პირველ ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებიც განსაკუთრებულად ტოქსიკური და საშიშია. ეს შხამი ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს ნებისმიერ აგრეგატულ მდგომარეობაში და მას ცოცხალი ორგანიზმების განადგურება შეუძლია. თალიუმი არის შენელებული მოქმედების მომაკვდინებელი შხამი, რაზეც ინტოქსიკაციის დაფარული პერიოდი და მომაკვდინებელი შედეგები მეტყველებს - თვით მისი უმცირესი დოზით მიღებისასაც კი. მას არ აქვს სუნი და გემო, მასთან კონტაქტისას ვერაფერს გრძნობ.

თალიუმს მზაკვარ შხამს უწოდებენ, რადგან ის ნელა ასნებოვნებს ადამიანს გამოხატული კლინიკური სიმპტომების გარეშე.

თალიუმი ორგანიზმში იონების ფორმით გვხვდება. იონები მთელს ორგანიზამს ითრევს პათოლოგიურ პროცესში. ნივთიერების აღმოჩენა შეიძლება თმაში, გულსა და  თირკმელებში.

ბელოუსი წერს, რომ თალიუმი ცნობილია, როგორც სპეცსამსახურების საწამლავი. ის ხშირად გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების გასანადგურებლად.  მაგალითად, თალიუმით მოწამლეს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, პოლიტიკოსი და ჟურნალისტი  იური შეკოჩიხინი. სიკვდილამდე 2 კვირით ადრე, ის ღრმად მოხუცებულს დაემსგავსა, გასცვივდა თმები, თითქოს, ტყავი გადასძვრა ტანიდან, შიდა ორგანოები ერთმანეთის მიყოლებით გაეთიშა.

თალიუმის მსხვერპლი გახდა რუსეთის ფსბ-ს თანამშრომელი ალექსანდრ ლიტვინენკოც.

თალიუმის საშუალებით უყვარდა თავისი ოპონენტებისა და გენერლების განადგურება ერაყის დიქტატორს სადამ ჰუსეინს. ის დაპატიმრებულ მოწინააღმდეგეებზე ცდებსაც კი ატარებდა.  სქემა ასეთი იყო: პოლიტმატიმარს მისცემდნენ შხამის მცირე დოზას, მოწამვლის ნიშნების გამოვლენისას კი მას „ამნისტიით“ ათავისუფლებდნენ. საზღვარგარეთ გაქცევის ორგანიზებაშიც ეხმარებოდნენ, სადაც მას პოლიტიკურ თავშესაფარს აძლევდნენ. შემდეგ კი მოწამვლის დიაგნოზს უსვამდნენ, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

თალიუმით მოწამვლისას, ფორმირდება შემდეგი სახის სინდრომები: ანგინა, სტომატიტი, დისბაქტერიოზი, ჰიპოვიტამინოზი, გახდომა, ცენტრალური ნერვული სისტემის, განსაკუთრებით ზურგის ტვინისა და პერიფერიული ნერვების დაზიანება. ორგანიზმი ალერგიული ხდება, ადგილი აქვს ლიმფოციტოზს, კარდიოდისტროფიას, შესაძლოა, მიოკარდის ინფარქტიც, ინსულტი…

ინტოქსიკაციის ადრეულ სტადიაში, განსაკუთრებით დაავადების პირველი 7-10 დღის შემდეგ, მოწამვლის ამოცნობა შეუძლებელია. ის შესაძლებელია მხოლოდ გვიან სტადიაში, როცა სიმპტომები პაციენტს აიძულებენ ექიმს მიმართოს.

ბელოუსი წერს, რომ ტიმოშენკოს დაავადება დაიწყო გაციების ნიშნებითა და ანგინით. ასე დაიწყო მოწამვლის გამოვლინება ადრეულ სტადიაში. ჯანმრთელობის მდგომარეობა ნელ-ნელა უარესდება. ფერმკრთალ კანზე წერტილოვანი სისხლჩაქცევები და სილურჯეებია, მას აწუხებს ცხივირიდან სისხლდენა, მკერდისმიერი ტკივილები. იზოლატორის სამედიცინო კამერიდან ნაჩვენები ვიდეომასალის მიხედვით, ავადმყოფი გარეგნულად დაავადებულ ლიტვინენკოს ჰგავს…

სწორედ ამიტომა, ბელოუსის მტკიცებით, იულია ტიმოშენკოს გონების დაკარგვის სიმპტომი ძალიან საშიში.

ბელოუსმა დიაგნოზიც დასვა: „საშუალო სიმძიმის მოწამვლა თალიუმით. ტოქსიკოგენური პერიოდის ორგანული სტადია მდგომარეობის ნელ-ნელა დამძიმებით“.

ასეთი ავადმყოფი კი სასწრაფოდ ტოქისკოლოგიური ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში უნდა გადაიყვანონ და მუდმივი დაკვირვების ქვეშ ჰყავდეთ.