ივანიშვილმა მელაძეებს ორსართულიანი სახლი დაუნგრია

  12:29:29     18-01-2012

ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მეცენატობით იწონებს თავს, არაერთი ადამიანის ქონების მითვისებაშია მხილებული. ივანიშვილის ერთ-ერთი მსხვერპლი გახლავთ მელაძეების ოჯახი, რომელსაც ივანიშვილმა ორსართულიანი სახლი დაუნგრია და ტერიტორია იმდროისთვის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნინო ბურჯანაძის დახმარებით მიითვისა.    

ამ შემზარავ ფაქტს სტუდია ,,მონიტორმა’’, ევროკავშირის დაფინანსებით, ჟურნალისტური გამოძიება მიუძღვნა. ფილმში მელაძეები ყვებიან, რომ ახლობლის გასვენებიდან შინ დაბრუნებულებს სახლი დანგრეული დახვდათ, მეზობლები კი, რომლებიც ცდილობდნენ სახლიდან ავეჯი და ნივთები მაინც გამოეტანათ – ნაცემი.

,,ქართუ ბანკის’’ შენობიდან კარგად მოსჩანს წყნეთის ხევი, სადაც მელაძეები 1976 წლიდან ცხოვრობდნენ. მათაც, ისევე როგორც, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს იმდროისთვის მიწა დაუკანონებელი ჰქონდათ. ერთ მშვენიერ დღეს, როგორც ჩანს, ოლიგარქმა ივანიშვილმა საკუთარი აივნიდან წყნეთის ხევი შენიშნა და მოიხიბლა, 2006 წლის ზაფხულში კი ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მელაძეებს საკუთარი სიძე – დის ქმარი გია ჭანკვეტაძე მიუგზავნა.

სტუდია ,,მონიტორის’’ დოკუმენტურ ფილმში ქეთევან მელაძე იხსენებს, რომ 2006 წლის ზაფხულში, მათთან უცნობი მამაკაცი მივიდა და ჰკითხა ხომ არ გაყიდდნენ სახლს 10 000 დოლარად. მელაძეებს ეს წინადადება სასაცილოდ მოეჩვენათ და უცნობი უარით გაისტუმრეს. იგი მელაძეების ოჯახს კიდევ ორჯერ ესტუმრა. ბოლოს, როცა ქეთევან მელაძის მეუღლე ძალიან გაღიზიანდა და უთხრა ვის დაკარგვიხარ არ ვყიდი სახლს და რას გადამეკიდეო, უცნობმა უპასუხა: თქვენ მე ვიღაცა ხომ არ გგონივართ, მე გია ჭანკვეტაძე ვარ, ,,ქართუ ბანკის’’ ვიცე–პრეზიდენტიო. მელაძეებმა შემდეგ გაარკვიეს, რომ ,,ქართუ ბანკის’’ ვიცე–პრეზიდენტი გია ჭანკვეტაძე ბიძინა ივანიშვილის ცოლის დის ქმარი გახლდათ.

ივანიშვილმა სახლის კაპიკებად ყიდვაზე რომ უარი მიიღო, გადაწყვიტა თავისი მეთოდები აემოქმედებინა და მელაძეებისთვის, ისევე, როგორც თავის დროზე იაკობიშვილებითვის და ა.შ. ტერიტორია საერთოდ წაერთმია. საქმე რომ გართულდა მელაშვილების ოჯახმა, წყნეთის ხევის მოსახლეობასთან ერთად, ჭანკვეტაძეს უკვე თავად მიაკითხეს. როგორც ქეთევან მელაძე იხსენებს, ჭანკვეტაძემ ხელით მიუთითა ტერიტორიებზე, რომელიც მას აინტერესებდა, დანარჩენებს კი ურჩია სახლში წასულიყვნენ. ქეთევან მელაძეს მან დამცინავად უთხრა, აგეღოთ 10 000 დოლარი, მანქანას ხომ მაინც იყიდდითო.  მელაძეები აღნიშნულ საკითხზე ბიძინა ივანიშვილის ძმასაც დაუკავშირდნენ. მან თავიდან ივანიშვილის მათი ტერიტორიით დაინტერესება უარყო, მოგვიანებით კი, როცა მელაძეები კვლავ დაუკავშირდნენ და უთხრეს, ხელში გვაქვს საბუთი, რომ ჩვენი ტერიტორია თქვენი ძმის კომპანია ,,იუნიონმა’’ შეიძინაო, მაშინ ალეკო ივანიშვილმა უპასუხა, რომ მისი ძმის ბიზნესთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა და ვერ დაეხმარებოდა.

ნასახლარზე მელაძეებმა ერთი ოთახი ააშენეს და იქ განაგრძობდნენ ცხოვრებას. 2007 წელს, პრეზიდენტის ბრძანებულებით ამოქმედდა კანონი, რომელიც მოსახლეობას საშუალებას აძლევდა გაუფორმებელი მიწები დაეკანონებია. პროექტ ,,რაც შენია შენიას’’ ფარგლებში, მელაძეებმა ფართის დაკანონება გადაწყვიტეს. თუმცა აღმოჩნდა, რომ წყნეთის ხევში, 7000 კვ.მ ფართობი, მათ შორის მელაძეების კუთვნილი ფართიც, ივანიშვილის კომპანია ,,იუნიონს’’ უყიდია 1 235 050 ლარად და მასზე აქვაპარკის მოწყობის და მილიონიანი ინვესტიციის ჩადების ვალდებულება აუღია. შპს ,,იუნიონის’’ დირექტორი გახლდათ როინ მოცრაძე, ის ხელმძღვანელობდა კომპანია ,,ინტერსერვისსაც’’, რომელიც ივანიშვილის სოლოლაკის სასახლეს აშენებდა იაკობიშვილებისთვის წართმეულ მიწაზე. საცხოვრებელ მისამართად, საჯარო რეესტრში წარდგენილ დოკუმენტაციაში, მოცრაძეს მითითებული აქვს: ქ. ჭიათურა, სოფელი ითხვისი.

მელაძეებს ნასახლარის დაბრუნების საშუალება, საბოლოოდ წაართვა იმდროისთვის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ, რომელმაც, როგორც ჩანს, ივანიშვილის გულის მოსაგებად, 31 დეკემბერს გამოსცა პრეზიდენტის განკარგულება მიწის ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ და ივანიშვილს ყოველგვარი კომპენსაციისა და ფულის დახარჯვის გარეშე შერჩა მელაძეების ქონება.      

ოლიგარქის მიერ სახლის მიწასთან გასწორებას და ოჯახის უსახლკაროდ დატოვებას შეეწირა ქეთევან მელაძის მამამთილიც. ამ ამბის გაგების შემდეგ, მას ინსულტი დაემართა და დაინვალიდდა. მელაძეების საჩივარი სტრასბურგის სასამართლოშია შესული. საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს სოლიდური ფინანსური ჯარიმის გადახდა მოუწევს, ვინაიდან, განკარგულებას, რომელმაც მელაძეების ქონება ივანიშვილს გადააბარა, ხელს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო ბურჯანაძე აწერს.