
პუტინის ოჯახური ტირანია: სად არის ლუდმილა პუტინა?
22:21:31     17-01-2012
უკვე მერამდენე ახალი წელია ჭორაობენ: სად არის ლუდმილა პუტინა? ის თვით ქრისტესშობის ღამესაც კი არ გამოჩენილა ქმრის გვერდით, მაშინ, როცა პრეზიდენტი მედვედევი საშობაო ღვთისმსახურებას მაცხოვრის ტაძარში მეუღლესთან, სვეტლანასთან ერთად დაესწრო, მისი თავისუფლებისმოყვარე მეგობარი უკვე მეორედ გამოცხადდა ასე კენტად…
მეორე წელია, პუტინი უმთავრეს მართლმადიდებლურ დღესასწაულს ოჯახურ წრეში კი არა, გასვლითი ღონისძიებებით ხვდება, - ხაზგასმით, ლუდმილას გარეშე. შარშან, მაგალითად, დღესასწაულის აღსანიშნავად მარტო გაემგზავრა სოფელ ტურგენევოში, სადაც, თურმე მისმა მშობლებმა დაიწერეს ჯვარი. მანამდე მას შობის ღამეს სანთლებით ხელში ხან იაკუტიაში, ხან კარელიაში უჩვენებდნენ.
აქ ორი ახსნა შეიძლება იყოს, - წერენ ცნობისმოყვარე გაზეთები, - ქალბატონ პუტინას ან არ სურს თავის „მოსეირნე“ ქმართან ერთად საზოგადოებაში გამოჩენა, მით უმეტეს, უფალი ჩვენის - იესო ქრისტეს წინაშე, ანდა, რომელიღაც მშვენიერმა ქალბატონმა გადაწყვიტა ბოლო მოეღო მოტრფიალე ხელისუფალის ოჯახური იდილიისთვის და მას ტაძარში მარტო გამოცხადება უბრძანა.
ლუდმილა პუტინას დაბადების დღე 6 იანვარსაა. რატომ მიემგზავრება ქმარი ამ დროს სახლიდან? იმიტომ ხომ არა, რომ არ გაატაროს კანონიერ მეუღლესთან ერთად ეს დღე, არ მიულოცოს, არ უთხრას ნაზი სიტყვები? - ეს კითხვები დღემდე აწუხებთ რუსეთში და ასკვნიან, რომ ქრისტეს შობის დღესასწაული პუტინისთვის ნამდვილ ხსნად იქცევა ხოლმე: „ამით მას საშუალება ეძლევა ჭეშმარიტი ქრისტიანის მანტიით სოფლის ეკლესიაში გაასულელოს დამსწრენი, ეს კი, თავისთავად, უფრო მეტი უზნეობა და მკრეხელობაა.“
ლუდმილა პუტინას თუ ვლადიმერ პუტინის ამ „განმარტოების“ მიზეზები, შესაძლოა, აწ უკვე აკრძალულ წიგნში „ვლადიმერ პუტინი: გზა ძალაუფლებისკენ“ იდოს, რომელშიც, პრემიერის მეუღლის გულწრფელი მოგონებებია აღწერილი. „გულწრფელ აღიარებას“ ზოგიერთი „საშინელ აღიარებებსაც“ უწოდებს, რადგან მათში ქმრის გამო უბედური ქალის განცდები იკითხება.
მაგალითად, აი, ასეთი:
„ჩვენი ურთიერთობები თანაბრად ვითარდებოდა, შეიძლება ყოველთვის ცისარტყელასავით არ ბრწყნავდა, მაგრამ სტაბილური იყო. მასში იყო საოცარი კანონზომიერება: 2 თვე ნორმალური, მერე ნეგატივი, მერე ისევ ნორმალური…“
„ პაემანზე არასოდეს ვაგვიანებდი, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი კი მუდმივად. როგორც წესი, ნახევარი საათით. ვფიქრობ, ლენინგრადმა თავისი დაღი დატოვა მასზე. აქვს ჩემს მეუღლეს რაღაც დახურული მხარე, რაც სხვათა შორის, მის მშობლებსაც ახასიათებდათ… ერთხელ წვეულებაზე წავედით, მე ვცეკვავდი, ვმხიარულობდი, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს ეს არ მოეწონა და მე ძალიან გარკვევით მითხრეს, რომ ჩვენი მომავალი ურთიერთობა შეუძლებელი იყო. მე მივხვდი, რომ უნდა წავსულიყავი. წავედი, არ დავმალავ, ძალიან მეტკინა…“
„მთელი ერთობლივი თანაცხოვრების მანძილზე ის მე მცდიდა. ყოველთვის მქონდა შეგრძნება, რომ ვიღაც თვალს მადევნებდა - გავუძლებდი თუ არა ამ გამოცდას.“
„ცოლად გავყევი გაცნობიდან 3 წლის შემდეგ, 1983 წლის 28 ივლისს. სიტყვამ მოიტანა და მას შემდეგ ქორწინების თარიღი არასოდეს აღგვინიშნავს.“
„დღემდე სულ ველოდები. სხვაგვარად მოქცევა არ ვიცი. თავის სამუშაოზე არასოდეს არაფერს ყვებოდა. თავად არც უთქვამს, რომ „კგბ“-ს ოფიცერია. როცა გავიცანით ერთმანეთი, მითხრა, რომ მუშაობს ძებნის განყოფილებაში და ეს მჯეროდა წელიწადნახევარი. მერე მისი მეგობრის ცოლმა მითხრა, ვფიქრობ, მისივე დავალებით. ასეთი ინფორმაციის შემდეგ შეგრძნებები არცთუ სასიამოვნო იყო…“
„არასოდეს ვბრაზობდი მის სამსახურზე, მაგრამ ვბრაზობდი, რომ არასოდეს რეკავდა. მე რაღაც გეგმები მქონდა საღამოსთვის, ის კი არასოდეს დარეკავდა, რათა გავეფრთილებინე, რომ დაიგვიანებდა. ამიტომ, თუ იტყოდა, რომ მოვიდოდა 10-ზე, მე სახლში 12-ზე მივიდოდი, რადგან ადგილს ვერ ვპოულობდი. ველოდები, ვნერვიულობ, ვბრაზობ, ათასი ემოცია მოდის ასეთ დროს. მაგრამ თანაცხოვრების ამდენი ხნის მანძილზე მაინც ვერ მივეჩვიე გადავერთო სხვა საქმეებზე, ისევ იმას ვაკეთებ, რომ მას ველოდები. სხვაგვარად - არ ვიცი.“
„სადილების კეთება არ მიყვარს. არიან ქმრები, რომლებიც მადიანად შეექცევიან, შეაქებენ და მერე დამატებას ითხოვენ. ყოველთვის ვოცნებობდი, ასეთი ქმარი მყოლოდა, ეთქვა, რა გემრიელია… ყოველთვის მშურდა ქალების, ვისაც ასეთი ქმრები ჰყავთ.
ჩვენს ოჯახში სხვაგვარად ხდებოდა:
მოდის, ვთქვათ, სადილზე. ვუშლი მაგიდას. ჭამს. გასუსული ველი რეაქციას. ის არ ჩანს.
- როგორია ხორცი? - ვეკითხები ისევ მე.
- მშრალია, - მპასუხობს.
ეს ჩემთვის გულში დანის ჩარტყმას ნიშნავს. ისე ვცდილობდი, ხორცის საყიდლად სპეციალურად წავედი, შემდეგ მოვამზადე, მთელი სული და გული ჩავაქსოვე და… მშრალია… ისე, ხომ ნათქვამია, არ შეაქო ქალი, რათა არ გააფუჭო. ასე რომ, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი ყოველთვის მავარჯიშებდა, ასე ვთქვათ, ტონუსში ვყავდი.“
ეს წიგნი, რომელიც ოლეგ ბლოცკის მიერაა დაწერილი და პუტინის ცხოვრების 1975 წლიდან 1999 წლამდე პერიოდს მოიცავს, გაყიდვაში 2002 წელს გამოვიდა, თუმცა ის მალევე გაქრა მაღაზიებიდან, სავარაუდოდ, სწორედ, ლუდმილა პუტინას ზედმეტად გულახდილი მოგონებების გამო, რომლებიც მისი უკვე პრეზიდენტი ქმრის იმიჯს „ტირანულ“ ჩრდილს აყენებდა.