
ბიძინატყაოსანი...
17:48:24     17-01-2012
კლოუნადა გრძელდება: მილიარდერი ოლიგარქის პოლიტიკური ბიოგრაფია ლოგიკურად ვითარდება. თუმცა, დასაწყისში მაინც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში მთელ ოჯახობას მორეკავდა. ამ მოკლე ხანში ცოლს თავი უკვე თეტჩერი თუ ბენაზირ ბხუტო ჰგონია, შვილს კი სულ მცირე - ემინემი. მოკლედ, ოჯახური კლანის ფორმირების პროცესით და ტემპებით, სახელისუფლო სავარძელზე მეოცნებე ივანიშვილმა, ჩრდილოეთ კორეას უკვე გადაასწრო.
მისმა მეუღლემ, ეკატერინე ხვედელიძემ კი მართლა დაიჯერა, რომ პოლიტიკოსია და კომენტარებს სერიოზული სახით იძლევა. ოჯახი ხელისუფლებაში მოსასვლელად ერთობლივად, დიდიან-პატარიანად ემზადება. რაც შეეხება გარემოცვას, ისიც ლოგიკურია თავისი შემადგენლობით და სხვანაირად წარმოუდგენელიც იქნებოდა. ივანიშვილმა საკუთარი ტყავის გასაძრობად მარგინალი პოლიტიკური ძალები თავად გამოიძახა, ნაწილი თავისი სურვილითაც მივიდა, მომზადებული კერძის სუნზე.
ახლა კი, სიტუაცია ასეთია: ნებისმიერ კადრში, რომელიც ოლიგარქს ეხება, ივანიშვილ-ხვედელიძის წყვილს, ქლესა ღიმილით უკან უსუფაშვილ-ხიდაშელის მეორე წყვილი მისდევს და მდებარეობის მიხედვით, თვალებში ან კეფაზე შესციცინებს. ისე კი, რა მუხთალია წუთისოფელი. ინტელექტუალმა ხიდაშელმა ამდენი ისწავლა, იშრომა, ამხელა გაქანება და პოლიტიკური ალღო შეიძინა და ახლა მილიარდერის მედდა მეუღლეს თვალ-წარბში უნდა უყუროს, იმ იმედით, რომ ორ ლუკმას გადმოუგდებენ.
თუმცა, თინიკოს ეს უღირს. 2 პროცენტიანი რეიტინგის მქონე პარტიის შეფი ცოლ-ქმარი, უცებ მთაწმინდის სასახლეში წამოიჭიმნენ და მომავალი ცხოვრების პერსპექტივაც გაეხსნათ. არა, განა არ იციან, პოლიტიკოსმა წყვილმა რომ პოლიტიკურად აბსოლუტურად გაუნათლებელი და ბეცი ივანიშვილი და მისი მეუღლე მათ მიერ მწვერვალების დაპყრობის გარანტი ვერასდროს იქნებიან, მაგრამ ფული ჯოჯოხეთს ანათებს და ვიდრე შანსი აქვთ, ქვებისათვის გვარიანი ულუფის მოხდას ცდილობენ.
ოლიგარქის ფულებზე დაგეშილთა მხრიდან, მისი გატყავების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ალასანია, ბურჯანაძის ბანდა, ინტელიგენციის ნაირ-ნაირი წარმომადგენლები, მავანი გაურკვევლი სფეროს ექსპერტები და ყოვლისმცოდნეები რიგში გამწკრივდნენ, და ერთმანეთს ეცილებიან, ვინ უფრო იოლად ხელმოსაჭიდ ადგილს იპოვოს ტყავის გაძრობის პროცესში. ცოლ-ქმარ ივანიშვილს კი არწმუნებენ, რომ მათი განუზომელი პოლიტიკური ალღოთი მოხიბლულნი არიან და ნათელი მომავლის სჯერათ. ხოდა, მალემრწმენ მილიარდერსაც სჯერა, რომ ხალხს სწორება მის ჯიბეზე კი არა, გვარზე აქვს, ამასობაში კი, დიდი შანსი უჩნდება, რომ არც ისე შორეულ მომავალში, სულაც საკუთარი ტყავის გარეშე დარჩეს.