კატინის უკანასკნელი საიდუმლო ბელორუსში ინახება

  17:06:03     17-01-2012

კატინის ბელორუსული სია - ესაა დოკუმენტი, რომელიც 3870-ზე მეტი პოლონელის სახელია შესული, - მათი, ვინც  შინსახკომმა ბელორუსის ტერიტორიაზე 1940 წელს დახვრიტა. პოლონეთი ჯერჯერობით წარუმატებლად ედავება რუსეთს, რომ ეს სია „იპოვოს“. თუმცა მოსკოვი ამტკიცებს, რომ სია არ არსებობს. ისტორიკოსმა იგორ კუზნეცოვმა 16 იანვარს მინსკში გამართულ მრგვალი მაგიდის სხდომაზე -„პოლიტიკური რეპრესიები: ისტორია და თანამედროვეობა“ - განაცხადა, რომ ბელორუსის კატინის სია არსებობს.

მოსკოვთან ერთად სიის არსებობას უარყოფს  ბელორუსის პრეზიდენტიც. 23 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ალექსანდრე ლუკაშენკომ ამასთან დაკავშირებით განაცხადა: „ჩვენ დავძებნეთ არა მარტო „კგბ“-ს, არამედ ყველა სახელმწიფო სტრუქტურის არქივები. არცერთი პოლონელი ბელორუსის ტერიტორიაზე მოკლული და დახვრეტილი არ არის. ჩვენ აღმოგვაჩნდა მხოლოდ გადამგზავნი პუნქტები. პოლონელები, რომლებიც  ამ პუნქტებს გაივლიდნენ, ჩემი აზრით, კონცენტრირდებოდნენ ძირითადად რუსეთში, შესაძლოა, უკრაინაშიც. არცერთი პოლონელი მოქალაქე იმ დროს ბელორუსის მიწაზე არ მოუკლავთ“ - განაცხადა ლუკაშენკომ.

იგორ კუზნეცოვი კი ამბობს, რომ „ოფიციალურად რეაბილიტირებულთა შორის (მათგან, ვინც მინსკში დახვრიტეს) – 5772 გვარია, რომელიც ჩვენთვის ცნობილია. მათგან 20% პოლონელები არიან. ეს არის „კგბ“-სა და უმაღლესი სასამართლოს მონაცემები, ეს ის ადამიანები არიან, ვინც ოფიციალური რეაბილიტაციის პროცესი გაიარეს“. თუმცა დღეს ყველა დუმს ამაზე, 75 წლის შემდეგაც კი, რაც ისტორიკოსის თქმით, დაღუპულთა შეურაცხყოფას ნიშნავს. ამ ლოგიკით, გამოდის, რომ ბელორუსული სია საერთოდ არ არსებობს და არცერთი პოლონელი არ მოუკლავთ ბელორუსის ტერიტორიაზე. „მაგრამ დღეს ინფორმაციის დამალვა შეუძლებელია. არის უკრაინული სიები, რუსული. ბოლოს და ბოლოს, ტელეარხ „ბესლატისთვის“ ჩვენ შარშან შევქმენით ფილმი თვით „ფსბ“-ს დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომ ეს სია არსებობს. სად არის ის - მოსკოვშია თუ განადგურებულია ბელორუსში - ეს იმდენად მნიშვნელოვანი არაა, უნდა ვაღიაროთ თავად ფაქტის არსებობა“ - დასძინა კუზნეცოვმა.

პოლონური გაზეთი Rzeczpospolita არ დაეთახმა ლუკაშენკოს იმაში, რომ შინსახკომს ბელორუსის ტერიტორიაზე პოლონელები არ დაუხვრეტია. როგორც გაზეთი წერს, „ეს არის კატინის უკანასკნელი საიდუმლო. შინსახკომმა ბელორუსში 3782 პოლონელი მოკლა, რომლებიც მაშინ ბელორუსის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ციხეებში იმყოფებოდნენ. დღეს ამ ადამიანების მონაცემები უცნობია, ისევე როგორც მათი დახვრეტის ადგილი და საფლავები“ - წერს გაზეთი.

პროფესორმა ვოიცეხ მატერსკიმ პოლონურ გამოცემას განუცხადა, რომ „ეს არა მხოლოდ ტყუილია, არამედ უსაზღვრო ცინიზმიცაა. ლუკაშენკო პოლონურ ტრაგედიას მოსკოვთან თამაშში იყენებს. როცა ის ეჩხუბებოდა კრემლს, მაშინ მიანიშნებდა, რომ პოლონელებს სიას გადასცემდა. ახლა კი როცა მოელაპარაკა მოსკოვს, დაავიწყდა ეს სია.“

ბელორუსის პრეზიდენტის განცხადებას „სრულ სისულელეს“ უწოდებს კიდევ ერთი პოლონელი ისტორიკოსი ზბიგნევ სემაშკო. მისი თქმით, საბჭოთა დოკუმენტებიდან ცნობილია, რომ ბელორუსში დახვრიტეს პოლონელები, რადგან მინსკის შინსახკომმა მოსკოვიდან დახვრეტის ბრძანებები მიიღო.

„ითვლება, რომ ისინი დახვრიტეს და დაასაფლავეს კუროპატებში ან სხვა საიდუმლო ადგილზე. უკვე 20 წელია რუსეთის ხელისუფლებას არ სურს გადასცეს პოლონელებს ამ საქმის ამსახველი დოკუმენტები. ისტორიკოსები თვლიან, რომ ბელორუსში შესაძლოა ინახებოდეს ასლები. ამაზე უკრაინული მასალები მეტყველებენ: კიევში შემორჩენილია უკრაინული სიის ასლი, რომელიც ოფიციალურმა კიევმა გადასცა პოლონეთს. უფრო მეტიც, საბჭოთა შინსახკომი თავისი დანაშაულების ძალიან მკაცრ დოკუმენტირებას ახდენდა, ამიტომ ლუკაშეკოს სიტყვები ნდობას არ იმსახურებს“ - წერს პოლონური გაზეთი.