
„ფორუმ.ჯი“ და ჭაობში ჩარჩენილი ქართული ინტერნეტ-საზოგადოება
13:07:45     17-01-2012
ქართულ ინტერნეტ სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საიტი - „ფორუმ.ჯი“ ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელს მასპინძლობს. ქვეყანაში მიმდინარე სპეციფიკური პროცესებიდან გამომდინარე, საიტის ყველაზე აქტიური და პოპულარული რუბრიკა, პოლიტიკის განყოფილებაა.
ვინც ქართულ ინტერნეტს კარგად იცნობს და უკანასკნელი წლების განმავლობაში აკვირდება მის დინამიკას, მისთვის განსაკუთრებით საინტერესო სწორედ ამ საიტის ეს კონკრეტული განყოფილებაა. ნებისმიერი მიუკერძოებელი დამკვირვებელი კი ნათლად შენიშნავდა, რომ განვითარებისა და პროგრესის ნაცვლად, უკანასკნელ ხანს, აქ სიტუაცია მნიშვნელოვანი რეგრესისაკენ წავიდა.
„ფორუმ.ჯის“ მომხმარებლებს ალბათ კარგად ახსოვთ, რომ ორიოდე წლის წინ, იუზერთა ერთმა ნაწილმა, საიტის ადმინისტრაცია, ფაქტობრივად, დაატერორა, რათა ყველაზე პოპულარული პოლიტიკის განყოფილების მოდერატორები თავიანთი მოვალეობის შესრულების ნაცვლად, პირადი პოლიტიკური შეხედულებისამებრ იღებდნენ გადაწყვეტილებებს - თუ რომელი იუზერი „დაესაჯათ“.
ძნელი სათქმელია, ამჯერად, რა პოლიტიკური მიმართულება გააჩნია საიტის ამა თუ იმ მოდერატორს, მაგრამ ფაქტია, რომ მათი უმრავლესობა აბსოლუტურად ტენდენციურია და მიჩენილ ფუნქციას სათანადოდ არ ასრულებს.
მსოფლიო საზოგადოებრივ აზრს, დღეს ინტერნეტი, სოციალური ქსელები, ფორუმები, ბლოგები და ასე შემდეგ, წარმართავს. ყველა განვითარებული ქვეყანა ამ მიმართულებას განსაკუთრებული სერიოზულობით ეკიდება. ქართულ ინტერნეტ სივრცეში სულ რამდენიმე სოციალური საიტია, რომელიც მომხმარებლებს შორის პოპულარობით სარგებლობს და საზოგადოებრივ აზრზეც თავისებურ ზეგავლენას ახდენს, თუმცა, ჩვენთან თვალშისაცემი ერთი მომენტია: წლები გადის, ინტერნეტ საზოგადოების გარკვეული ნაწილი კი ვერაფრით ახერხებს განვითარებას და იმის გააზრებას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ინტერნეტი, სოციალური ქსელი, ფორუმი და ასე შემდეგ.
სწორედ ამიტომაც, ქართველი იუზერების არცთუ მცირე ნაწილი, მსგავს საიტებზე არა სერიოზული დისკუსიის, სააზროვნო თემების განხილვის, რაიმე კონკრეტული მიზნით შემოდის, არამედ, უბრალოდ, იმ თავისუფალი დროის გასაყვანად და ცარიელი საათების შესავსებად, რომელიც როგორც ჩანს საქართველოში, მათი მენტალიტეტიდან გამომდინარე, ბევრისთვის დეფიციტური არ არის. ზოგს ეს უკვე ჩვევაშიც გადაეზარდა და სხვანაირად არსებობა ვერ წარმოუდგენია.
ამიტომ ყოველი სტატია, სხვა საიტზე, რომელიც „ფორუმ.ჯის“ ეხება, მათთვის ქილიკის და დაცინვის ობიექტი ხდება, ანუ ეს მომხმარებლები თავადვე ხვდებიან საკუთარი საქმიანობის არასერიოზულობას და ერთ-ერთი რეიტინგული საიტის შესახებ მასალები, სიცილის ობიექტად ეჩვენებათ. არადა, „ფორუმ.ჯი“ ის საიტია, რის მიხედვითაც ქართული ინტერნეტის, სოციალური ჟურნალისტიკის და ასე შემდეგ შესახებ, უამრავი დასკვნის გაკეთებაც შეიძლება და მთელი კვლევების ჩატარებაც. თუმცა, მის მომხმარებელთა ნაწილს ამის გააზრება სერიოზულად უჭირს.
სწორედ ამიტომ, მაშინ როცა, მსოფლიო ინტერნეტში გააფთრებული იდეოლოგიური ბრძოლები მიმდინარეობს და ფაქტობრივად, ინტერნეტით ხდება მსოფლიო პოლიტიკის წარმოება და მთელი რიგი გლობალური პროცესები, „ფორუმ.ჯის“ პოლიტიკის განყოფილების მომხმარებლებს სხვა საქმე არაფერი აქვთ გარდა ერთმანეთის გინებისა, ღვარძლის ნთხევისა და უსაგნო „მსჯელობისა“. ამას ემატება მოდერატორთა ნაწილი, სხვადასხვა ნიკნეიმებით (ბურზო, ჯიმი ლევი და სხვები), რომლებიც აშკარა ტენდენციურობით გამოირჩევიან, ხელმძღვანელობენ პირადი მოსაზრებებით და არ ადებენ ბანს იმ იუზერებს, ვინც ადამიანებს პირად შეურაცხყოფას აყენებენ.
მაგალითად, ადრე ერთ-ერთ თემაში, სადაც მიმდინარეობდა „პრესა.ჯის“ მასალის განხილვა, იუზერთა ნაწილმა სტატიის ავტორი ჟურნალისტის „ფეისბუქის“ პრივატული ინფორმაციიდან, რამდენიმე ფოტო მოიპარა და უცენზურო კომენტარების დართვით, „ფორუმ.ჯიზე“ გამოაქვეყნა. ამ ფაქტს კი მოდერატორთა მხრიდან აბსოლუტურად არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია და არც ის იუზერები დასჯილან, ვინც ეს ჩაიდინა. მით უმეტეს, რომ მსგავსი ქმედება, მორალურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, თავად საიტის წესებითაც იკრძალება.
მიუხედავად იმისა, რომ სტატიის ავტორმა პირადად მიწერა მოდერატორებს, მიუთითა ის იუზერები, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ, მათი მოვალეობა, როგორც ჩანს, ბატონი ივანიშვილის ოჯახის წევრების ქება-დიდება უფროა, ვიდრე იუზერთა „პოსტების“ მონიტორინგი.
ამას ემატება კიდევ ერთი უცნაური ფაქტი: საიტზე დაბლოკილი იყო ინტერნეტ-პორტალი „დრონი.ჯი“. ამიტომ აქ ვერ ხერხდებოდა „დრონის“ ვერცერთი ლინკის განთავსება, არადა, მრავალჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა პოპულარული საიტის საკმაოდ რეიტინგული მასალების წაღება სხვადასხვა იუზერებს უცდიათ, თუმცა, უშედეგოდ.
მოკლედ, „ფორუმ.ჯი“ ღლიცინისა და ერთმანეთის დაჭმის პოლიგონად არის გადაქცეული. მსოფლიო იცვლება, სოციალური მედია ვითარდება, ქართული ინტერნეტ-საზოგადოება კი ჩამყაყებულ ჭაობში რჩება.
სწორედ ამიტომაც არის, რომ ინტერნეტ სივრცის განვითარების დინამიკის დონით, თვით მეზობელმა კავკასიურმა ქვეყნებმაც კი გადაგვისწრეს, ჩვენ კი უკვე წლებია ერთ ადგილს ვტკეპნით და საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილები ვერც აქ და ვერც მით უმეტეს, საქართველოს ფარგლებს გარეთ, ვერ ვახეხებთ საკუთარი პოტენციალის რეალიზებას და 21-ე საუკუნის იმ უმძალავრესი იარაღის სათანადოდ გამოყენებას, რასაც ინტერნეტი ჰქვია.