
ირანმა თოჯინა ბარბი ისლამური კულტურის მტრად გამოაცხადა...
10:06:47     17-01-2012
დასავლეთი ირანზე ზეწოლას აძლიერებს. გავრცელებული ინფორმაციით, თეირანის წინააღმდეგ სავარაუდო სამხედრო აქციაში, დიდი ბრიტანეთიც მიიღებს მონაწილეობას. თუმცა, ვაშინგტონის მსგავსად, ლონდონიც აღნიშნავს, რომ ომს მოლაპარაკებები და პრობლემური საკითხის მშვიდობიანი გზებით გადაჭრა ურჩევნია. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უილიამ ჰეიგმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, ყველა ვარიანტები განიხილება. სამხედრო ჩარევამდე კი მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული ისეთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, როგორიც სანქციებია, მათ შორის, ემბარგო ირანულ ნავთობზე.
ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებამ, გარდა უკვე მრავალჯერ გაკეთებული განცხადებებისა, დასავლეთის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატავად, ამჯერად, უცნაური ნაბიჯი გადადგა: ირანულმა პოლიციამ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, დასავლური კულტურის ერთ-ერთი „სიმბოლოს“ - თოჯინა ბარბის გაყიდვა აკრძალა. ამის მიზეზად, რეჟიმის მსახურებმა სწორედ „სახიფათო დასავლური კულტურა“ დაასახელეს, რომელიც, მათი აზრით, ისლამურ ღირებულებებს ანგრევს.
ექსპერტების თქმით, ირანის ეს ნაბიჯი მორიგი პასუხია, ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების წინააღმდეგ. თუმცა, თეირანის ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველის თქმით, პოლიციის წარმომადგენლებმა, თოჯინა ბარბის დახლებიდან აღება, მას ჯერ კიდევ სამი კვირის წინ მოსთხოვეს.
ბარბის წინააღმდეგ კამპანია ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, პირველი შემთხვევა არ არის. ის რომ თოჯინა ისლამურ კულტურას ეწინააღმდეგება, ამის შესახებ ირანის ხელისუფლებამ განცხადება ჯერ კიდევ 1996 წელს გააკეთა. თუმცა, იმ დროისათვის, ბარბის ამოღება ქვეყნის მაღაზიებიდან არ უცდიათ.