პორტრეტები ივანიშვილის მავზოლეუმიდან

  17:34:22     16-01-2012

ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა, როცა პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით განაცხადა, დაგვპირდა, რომ მის გუნდში გამოჩნდებოდნენ ახალი სახეები.

ოლიგარქი დიდხანს აკვირდებოდა ოპოზიციურ სპექტრს და ცდილობდა „სანდო“ და რეიტინგული პოლიტიკური ორგანიზაცია ენახა დაფინანსების მიზნით, თუმცა ამაოდ.

ამის შემდეგ, ოლიგარქი თავად მოდის პოლიტიკაში, საზოგადოების მოლოდინი კი ასეთი იყო. ბიზნესმენი გუნდს ახალი სახეებით დააკომპლექტებს და მასთან არ იქნებიან გამყიდველი, „გადამგდები“ ან კორუმპირებული ჩინოვნიკები.

საზოგადოების მოლოდინი არ გამართლდა, რადგან ბიზნესმენის გუნდში ის ადამიანები ირიცხებიან, რომლებმაც ქართულ საზოგადოებას თავი პარტიიდან პარტიაში „ხტუნვით“, კორუფციით, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით და ჩრდილოელი მეზობლის მეხოტბეობით დაამახსოვრეს.

ვინ არიან პირები, რომლებსაც ოლიგარქმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ თემატური ჯგუფების თავკაცობა ანდო?

„ქართული ოცნების“  ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელობა ოთარ ხუფენიას დაევალა.

ალასანიას „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ხუფენია, ედუარდ შევარდნაძის მთავრობის დროს საპენსიო ფონდის ხელმძღვანელი იყო. სწორედ ხუფენიას სახელს უკავშირდება გაუცემელი პენსიებისა და „მკვდარი სულების“ სკანდალი. 

ხუფენია ამ დრომდე არ აღიარებს, რომ ის კორუმპირებული ჩინოვნიკი იყო, თუმცა გასული საუკუნის მიწურულს ათი ათასობით გარდაცვლილ პენსიონერს უგზავნიდა კუთვნილ პენსიას. ბუნებრივია პენსიის ადრესატები მათთვის განკუთვნილ თანხას საფლავში ვერ მიიღებდნენ და მილიონობით ლარი ხუფენიას ჯიბისკენ მიედინებოდა.

საგარეო პოლიტიკის ჯგუფი – ხელმძღვანელი თედო ჯაფარიძე. ჯაფარიძეც ხუფენიას მსგავსად, ედუარდ შევარდნაძის მთავრობის დროინდელი ჩინოვნიკია.  ჯაფარიძის კარიერა 1972 წლიდან იწყება, თსუ–ს ზეპირი მეტყველების ლაბორატორიის ლაბორანტობიდან.  

პოლიტიკაში კი 1989  წლიდან ერთვება. ჯაფარიძის შრომითი საქმიანობა მრავალფეროვანია. ის ძირითადად დიპლომატიურ სამსახურში მუშაობდა, მაღალ თანამდებობებზე კი, 1991 წლიდან გადადის საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სტატუსით.

მას ეკავა საქართველოს რესპუბლიკი ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწის პოსტიც. მოგვიანებით გახდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს, პრეზიდენტის თანაშემწე უშიშროების საკითხებში და საბჭოს მდივანი. ჯაფარიძემ, სახელმწიფო უწყებებში მუშაობის კარიერა 2004 წელს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობით დაასრულა.

ივანიშვილის პირობა „ახალი სახეები“ არც ამ შემთხვევაში გამართლდა.

ოლიგარქის გუნდში ირიცხება და რეგიონალური პოლიტიკისა და ეროვნული უმცირესობების ჯგუფს ხელმძღვანელობს ექსპერტი მამუკა არეშიძე. მამუკა არეშიძემ ქართულ საზოგადოებას თავი მწვავე და გაუაზრებელი განცხადებებით დაამახსოვრა. ცოტა ხნის წინ არეშიძემ განაცხადა: „აფხაზეთში დღეს არსებული სიტუაცია არანაირი ოპტიმიზმის საბაბს არ გვაძლევს. ქართული საზოგადოება მიეჩვია იმ აზრს, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდება, ოღონდ ეს შეიძლება გაიწელოს მრავალი წლის განმავლობაში. ამ მხრივ აფხაზეთის საკითხი ბევრად უფრო რთულად დგას, ვიდრე სამხრეთ ოსეთის, რადგან ამ ტერიტორიის დაბრუნება საქართველოს შემადგენლობაში უფრო რეალურს ჰგავს, ვიდრე აფხაზეთის.“

მაშინ არეშიძის ამ განცხადებას „მტრის წისქვილზე წყლის დასხმა უწოდეს“, მტერში კი რუსეთი მოიაზრებოდა. ამასთან, მამუკა არეშიძეა ერთ–ერთი დამფუძნებელი ორგანიზაცია „თავისუფალი აზრის სახლის“. აღნიშნული ორგანიზაციის მთავარ მიზანს საქართველოს ნეიტრალურ ქვეყნად გარდაქმნა წარმოადგენს. თავის დროზე, პრესაში იწერებოდა სტატიები იმის შესახებ, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას ალექსანდრე ებრალიძე და ვლადიმერ ხომერიკი აფინანსებდნენ.

კულუარული ინფორმაციით ისიც გახდა ცნობილი, რომ ორგანიზაცია „თავისუფალი აზრის სახლის“ ოფისი,  რომელიც ნიკოლაძის #7 მდებარეობს, მოქანდაკე ზურაბ წერეთელს ეკუთვნის. ზურაბ წერეთელი ამ დრომდე, რუსეთში მოღვაწეობს, მის ერთ–ერთ ნამუშევარს, რუსეთის პრემიერის ვლადიმერ პუტინის მონუმენტი წარმოადგენს.  

უკვე ნახსენები ორგანიზაციის მთავარი საბჭოს გენერალური მდივანია გიორგი ვოლსკი, რომელსაც ოლიგარქმა ივანიშვილმა კონფლიქტების მოგვარების ჯგუფის ხელმძღვანელობა ჩააბარა.

ვოლსკი გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის მრჩეველია პოლიტიკურ საკითხებში. ის ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში მუშაობდა. მათ შორის: საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში, გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში ნიუ იორკში და საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ენის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ჯგუფს ზაზა  ფირალიშვილი ხელმძღვანელობს. ფირალიშვილი თბილისის ივანე ავახიშვილის სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტის პროფესორია.

კიდევ ერთი დეტალი. ბიზნესმენის გარემოცვაში აღმოჩნდნენ ის ადამიანები, ვინც ამ დრომდე სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციაში ირიცხებოდნენ.

ოლიგარქი ცდილობს თავი აარიდოს ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობას, თუმცა მის გუნდში ირიცხებიან ის ადამიანები, რომლებიც ოლიგარქის პოლიტიკაში გამოჩენამდე ნინო ბურჯანაძის პარტიის „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ დარბაზის წევრები იყვნენ.  მათ შორის არის სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების ჯგუფს ხელმძღვანელობს.

ახალგაზრდობისა და სპორტის ჯგუფი კი უმცროს–უფროსი „გრეჩიხების“ ახლო მეგობარმა და მწერალმა ბასა ჯანიკაშვილმა ჩაიბარა. ჯანიკაშვილი ასევე ოლიგარქის საკონსულტაციო ჯგუფის წევრია.

მოკლედ, ივანიშვილმა დანაპირები ვერ შეგვისრულა, რადგან მის გუნდში სხვადასხვა ჯგუფს ამ დრომდე ის ადამიანები ხელმძღვანელობენ, რომლებიც ქართული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი და ზოგ შემთხვევაში მივიწყებულებიც კი არიან. ერთადერთი დანაპირები, რაც ოლიგარქმა შეასრულა თავის პარტიის  სიის პირველი ნომერი და მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძეა.