მარკ ალეგზანდერ ბოიდი „კუპიდონი და ვენერა“ (დაბადების დღისადმი)
16:33:18     16-01-2012
1563 წლის 13 იანვარს დაიბადა დიდი შოტლანდიელი პოეტი მარკ ალეგზანდერ ბოიდი (1563-1601) (Mark Alexander Boyd, გელურად Buidhe).
ბოიდების გვარი ერთ დროს ქუხდა შოტლანიაში. ისინი დიდ როლს ასრულებდნენ შოტლანდიურ პოლიტიკაში. ლეგენდის მიხედვით, ბოიდების კლანის წინაპარი იყო სიმონ ფიც-ალანი, ვაჟი ბრეტონელი არისტოკრატის ალან ფიც-ფლაალდისა. ალან-ფიც ფლაალდი უილიამ დამპყრობელს ახლდა ბრიტანეთის დაპყრობისას. გადმოცემის თანახმად, სიმონის ვაჟს ზედმეტსახელი ჰქონდა boyt - გელურად buidhe, რაც ქერათმიანს ნიშნავს. ეს წოდება გაუგვარდათ. სიმონის ძმის, უოლტერ ფიც-ალანის შთამომავალთაგან წარმოიშვა შოტლანიისა (1371-1707) და ინგლისის (1603-1649, 1660-1714) ერთ-ერთი შემდგომი სამეფო გვარი - სტიუარტები.
XV საუკუნეში ბოიდები დაუნათესავდნენ სტიუარტებს. ტომას ბოიდმა, რომელმაც 1467 წელს არანის გრაფის ტიტული მიიღო, ცოლად მოიყვანა მეფე იაკობ III -ის უფროსი და, მარია. ამ ქორწინებამ შური აღუძრა ბევრს და ბოიდების მტრების მხრიდან დიდი ინტრიგები გამოიწვია შოტლანდიაში...
პოეტი დაიბადა ეშერში, შოტლანდიაში. მამამისი, რობერტ ბოიდი, იყო უფროსი ვაჟი ადამ ბოიდისა. ადამ ბოიდი გახლდათ ძმა რობერტ ბოიდისა, რომელმაც 1536 წელს აღიდგინა გავლენა და დაიბრუნა მამულები, რომელიც დაკარგული ჰქონდათ პოლიტიკური ინტრიგების გამო.
მარკი ნათლობის სახელია, ალეგზანდერი კი, როგორც ამბობენ, ალექსანდრე მაკედონელის საპატივცემულოდ დაირქვა თავად. მის განათლებაზე ზრუნავდა ბიძამისი, გლაზგოს მთავარეპისკოპოსი ჯეიმს ბოიდი.
ფიცხი და დაუდეგარი ხასიათის ყოფილა, რამაც უამრავი პრობლემა შეუქმნა სწავლის პერიოდში. 1581 წელს იძულებული გახდა გამგზავრებულიყო საფრანგეთში, სადაც სწავლობდა ფილოსოფიას, ენებს, სამართალს. საფრანგეთში მრავალი თავგადასავალი გადახდა, ისევე, როგორც მანამდე სამშობლოში. მოღვაწეობდა დაქირავებულ სამხედროდაც. იმოგზაურა იტალიაში. წერდა ლათინურად, ასევე შოტლანდიურ დიალექტზე. წინამდებარე ლექსი „კუპიდონი და ვენერა“ დაწერილია იყოს 1600 წელს შოტლანდიურ დიალექტზე. როგორც ვთქვით, მისი შემოქმედებიდან შემორჩენილია ეს სონეტი, რომელსაც „შოტლანდიის ყველაზე ლამაზი სონეტი უწოდეს“.
სპეციალისტები ამ სონეტში ხედავენ ფრანგული პოეზიის გავლენას, კერძოდ რონსარისას. პიერ დე რონსარი (1524-1585), ცნობილი ფრანგი პოეტი, ერთი პერიოდი მოღვაწეობდა შოტლანიის სამეფო კარზე. პიერ დე რონსარი იყო ფრანგული ლიტერატურული გაერთიანების „პლეადას“ („პლეადების“ - La Pléiade) დამაარსებელი და ლიდერი, რომელიც თვლიდა, რომ ფრანგული პოეზია უნდა გამდიდრებულიყო ბერძნული და რომაული პოეზიითა და მითოლოგიით. ამავე სახელწოდების ჯგუფი ძველ ალექსანდრიაშიც (მესამე საუკუნე) არსებობდა, სადაც გაერთიანებული იყო შვიდი ბერძენი პოეტი-ტრაგიკოსი. ჯგუფის სახელწოდება წარმოქმნლილია ტიტან ატლანტისა და ოკეანიდა პლეონეს შვიდი ქალიშვილის, პლეადების ანალოგიით, რომლებიც სიკვდილის მერე ზევსმა ზეცაზე მოათავსა თანავარსკვლავედის სახით. ფრანგული „პლეადა“ დაარსდა 1553 წელს, აქაც შვიდი პოეტი იყო გაერთიანებული.
შოტლანდიელი პოეტის, მარკ ალეგზანდერ ბოიდის წინამდებარე სონეტში მართლაც გამოყენებულია რომაული მითების პერსონაჟები და თანაც, შესანიშნავად. თუმცა ეს არაფერს არ ნიშნავს, სრულიადაც არ ამცირებს ავტორს. ბოიდის ეს სონეტი ძალიან დახვეწილია და შოტლანდიური პოეზიის მარგალიტად ითვლება. თარგმანშიც ეტყობა, რომ გენიალურია. ამ ერთი ლექსითაც ჩანს, რაოდენ დიდი ნიჭის პატრონი იყო ბოიდი. ლექსი მართლაც ძალიან კარგია. სონეტი მიაჩნიათ ევროპული და შოტლანდიური ტრადიციების შერწყმის ნიმუშად, რაც დამახასიათებელია ამ პერიოდის შოტლანდიური პოეზიისათვის.
მარკ ალეგზანდერ ბოიდი გარდაიცვალა 1601 წლის 10 აპრილს.
კუპიდონი და ვენერა
(შოტლანდიური დიალექტიდან თარგმნა თამარ ერისთავმა)
ვითარც ფოთოლი, ხეს მოწყვეტილი
ვეხლები მიწას, წყალსა და კბოდეს,
ვითარც ლერწამი ქარისგან ძრწოდეს,
ისე ვარ ვნებით გადალეკილი.
და ორი ღმერთი ერთად შეყრილი
წინ მიძღვის, ეგზომ დავძრწივას ოდეს,
ერთი, - ბალღია, თვალდაშრტილი,
და ერთიც, - ქალი, ზღვებმა რომ შობეს.
ვინც ქვიშას ხნავს და ჰაერში თესავს
შეებრალება ის კაცი მტერსაც,
მაგრამ ორმაგად შესაბრალია,
ის, ვისაც ხელი ვნებამ დარია,
ვინც ქალის კვალზე ცეცხლში მდგარია,
როცა ბრმა მისი წინამძღვარია.
-------
კ უ პ ი დ ო ნ ი - რომაული მითოლოგიიდან - სიყვარულის ღმერთი, ვენერას ძე. წარმოდგენილი ჰყავდათ ფრთოსან ბიჭუნად, მშვილდ-ისრით ხელში. უმეტეს შემთხვევაში კუპიდონს სიბრმავის ატრიბუტითაც ახასიათებდნენ.
ვ ე ნ ე რ ა - რომაული მითოლოგიიდან - სილამაზის ქალღმერთი. შემდგომ იგი გაიგივებულ იქნა ბერძნული მითოლოგიის ქალღმერთ აფროდიტესტან, - სიყვარულის ღვთაებასთან. ერთ-ერთი მითის მიხედვით, აფროდიტე ზღვის ქაფისგან იშვა. ეს მითი შემდგომ ვენერას დაბადებასაც მიუსადაგეს.