
ბიძინა ივანიშვილის მორიგი ამბიცია: ქართულ საზოგადოებას სწორება ჩემს გვარზე აქვს
12:44:50     16-01-2012
ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესს 80 წლის იუბილე წუხელ გვიან ღამით მიულოცა. მსახიობს დღეს 80 წელი შეუსრულდა.
გუშინ, ქართული თეატრის დღესთან და მეღვინეთუხუცესის იუბილესთან დაკავშირებით მისულ ბიძინა ივანიშვილს ჟურნალისტებისთვის კომენტარის მიცემა მოუწია. ქართული საზოგადოება ეკატერინე ხვედელიძის პირველი სატელევიზიო კომენტარის მომსწრეც გახდა.
ვინ არის ქალი, რომელმაც ოპოზიციის ლიდერობა გადაწყვიტა და საკუთარ მეუღლეს ოცნებები უნდა აუსრულოს?
ეკატერინე ხვედელიძე მეუღლეზე, ბიძინა ივანიშვილზე 19 წლით უმცროსია.
ის ოთხი შვილის დედაა. მას შემდეგ, რაც ეკატერინე ხვედელიძემ ივანიშვილის მეორენახევრობა იტვირთა, მის მთავარ პროფესიად დიასახლისობა იქცა.
ქალისთვის ოთხი შვილის დედობა და პროფესიად დიასახლისობა კარგია, თუმცა დიასახლისობიდან ოპოზიციის ლიდერობამდე გზა ძალიან დიდია, რომელიც ივანიშვილის მეუღლეს არ გაუვლია.
ხვედელიძის შრომის წიგნაკი ცარიელია და მას სამუშაო გამოცდილება არ აქვს.
რამდენიმე თვის წინ, ქართულმა საზოგადოებამ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მხოლოდ სახელი და გვარი იცოდა. მოგვიანებით, ის ფართო საზოგადოებამ თავის ინტერვიუებითა და სატელევიზიო გამოსვლებით გაიცნო.
მისი მეუღლის შესახებ, საზოგადოებამ ახლაც არაფერი იცის. გუშინ, ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისას ბიძინა ივანიშვილმა თავისი მეუღლის პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა. „ვიღაცეები ფიქრობენ, რომ ჩემი გარემოცვა მე რაღაცეებს მაწყვეტინებს. ეს ასე არ არის. 10 წლიდან დამოუკიდებლად გავიზარდე. ის რაც არ მომწონს, ვერავინ ვერაფერს ვერ გადამაწყვეტინებს. განცხადება ეკატერინეს პარტიის თავმჯდომარეობაზე არის დროებითი და როდესაც მე აღმიდგენენ მოქალაქეობას, პარტიის თავმჯდომარე და სიის პირველი ნომერი თავად ვიქნები“–განაცხადა ივანიშვილმა.
რა იქნება იმ შემთხვევაში თუ ბიზნესმენი მოქალაქეობას ვერ მიიღებს ჯერ უცნობია, თუმცა ოლიგარქი თავის პარტიის თავმჯდომარეობაზე სხვა კანდიდატურას, გარდა მისი მეუღლისა არც განიხილავს.
ოლიგარქს ჰკითხეს ჟურნალისტებმა, რატომ არ შეარჩია თავისი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე უფრო გამოცდილი კადრი და არის თუ არა ამის მიზეზი მისი მხრიდან გარემოცვისადმი უნდობლობა?
„სხვა ალტერნატივა არც ყოფილა. პარტიის თავმჯდომარე ვიდრე მე მომეცემა ამის საშუალება უნდა ყოფილიყო ჩემი მეუღლე. ერთადერთი ალტერნატივა იყო ჩემი 19 წლის შვილი უტა, თუმცა მას კანონი უზღუდავს გარკვეულ პროცესებში ჩართვას ასაკის გამო. ამიტომ ძალიან კარგი ვარიანტი იქნებოდა ეკა, რომელიც არის ხვედელიძე–ივანიშვილი. საზოგადოებას სწორება აქვს ჩემ გვარზე“.
პირველი კომენტარი გააკეთა ასევე ეკატერინე ხვედელიძემაც. ხვედელიძის განცხადებით, ის მოუსმენს მეუღლის რჩევებს. ამას გარდა ხვედელიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიას ჰყავს ისეთი ქალები, რომლებმაც სახელწიფოსთვის ბევრი გააკეთეს და ისისც მათ რიგებში ჩადგომას გეგმავს.
საზოგადოებას ახლა ერთი კითხვა აქვს. შეძლებს თუ არა ხვედელიძე საპარლამენტო არჩევნებისთვის ჟურნალისტებთან ურთიერთობას, სატელევიზიო დებატებში ოპონირებას სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერებისთვის და მისი მეუღლის პოლიტიკური გეგმების განდობას საზოგადებისთვის.
თუმცა ხვედელიძისთვის ეს რომ იოლი არ იქნება ფაქტია, რადგან დიასახლისობისთვის საჭირო მოხერხება და უნარები მნიშვნელოვნად განსხვავდება პოლიტიკისგან.
ბოროტი ხმები კი იმას ამბობენ, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილება „საოჯახო პარტიის“ შექმნაზე იმით არის განპირობებული, რომ პარლამენტში ხმების საჭირო, სასურველი ან რეალური რაოდენობის მოპოვების შემთხვევაში, ივანიშვილი თავისი ფულის ტომრისთვის თავის მოკვრას და მისი კოალიციის დაშლას აპირებს.