„დამოუკიდებელი“ აფხაზეთი რუსეთმა საკუთარ ყაზარმად გადააქცია...

  16:11:30     14-01-2012

სეპარატისტული აფხაზეთის „პარლამენტმა“, თანხმობა განაცხადა, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთ–აფხაზეთის საერთო სამხედრო ბაზის აშენებასთან დაკავშირებით.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა საერთო სამხედრო ბაზის შექმნის იდეას და აღნიშნა: „რუსეთში, სადაც თანხმობა შედარებით ადრე იქნა რატიფიცირებული, მიესალმებიან აფხაზეთის მიერ გადადგმულ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს. ასეთ შემთხვევაში, გეგმები რომელზეც თანხმობა ორივე მხარემ განაცხადა, რეალობად უახლოეს მომავალში იქცევა. ამ გზით, შესაძლებელი იქნება აფხაზეთის დაცვა იმ მუქარებისგან, რომლებიც მის გარშემო ისმის“.

აღნიშნული თანხმობა, რუსეთის ფედერაციის დუმის მიერ, რატიფიცირებული 2011 წლის 22 სექტემბერს იქნა. 28 სექტემბერს კი, მას კრემლის მეთაურმა, დიმიტრი მედვედევმა მოაწერა ხელი.

შემდეგ შეათანხმეს სამხედრო ბაზების სტატუსები, რომლებსაც საქართველოს სეპარატისტული  რეგიონის ტერიტორიაზე, რუსეთი შექმნის. სამხედრო ბაზის შემადგენლობა რუსეთის ფედერაციის მიერ ჩამოყალიბდება, ამისთვის კი, უბრალოდ, სოხუმელი მარიონეტების თანხმობაა საჭირო.

ის, რომ აფხაზეთის  ოფიციალური თანხმობა უბრალო ფორმალობაა, სრულიად ნათელია. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთს თავი ერთპიროვნულ მმართველად მიაჩნია და ადგილობრივი „ხელისუფლების“ ნება–სურვილს არაფრად აგდებს. 

რუსეთი უარყოფს არა მარტო საქართველოსა და ოკუპირებული ტერიტორიების ნება–სურვილს, არამედ თვალს ხუჭავს საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებზეც. აღსანიშნავია, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სამი წლის მანძილზე, ყოველგვარი საერთაშორისო ნებართვის გარეშე იმყოფებიან.

სწორედ ამიტომ, 26 დეკემბერს გაცემულ რატიფიკაციას უბრალო, უმნიშვნელო დატვირთვა ჰქონდა და სოხუმის მარიონეტულ მმართველობას, ამ შემთხვევაში, არაფერი გადაუწყვეტია.

რუსეთს აფხაზეთისთვის საერთოდ არც კი უკითხავს, სად და როგორ შექმნას „სამხედრო ქალაქები“, ეს მას საკუთარ იმპერიასთან დაკავშირებული გეგმების ასასრულებლად ესაჭიროება. 

„დამოუკიდებელი“ აფხაზეთის ტერიტორიაზე, რიგით მეთერთმეტე სამხედრო „ქალაქი გაიხსნა“. ეს ქალაქები განლაგებულია გალის, ტყვარჩელისა და სოხუმის რაიონებიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით. რუსეთი აქ კიდევ რამდენიმე მსგავსი ტიპის სამხედრო ქალაქის მშენებლობას გეგმავს. ეს ინფორმაცია აფხაზურმა მედიამ ჯერ კიდევ 2011 წლის ოქტომბერში გაავრცელა. რუსეთს არ უკითხავს აფხაზეთის მოსახლეობისთვის სურთ თუ არა მათ, საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების გაორმაგებული რაოდენობა.

ასე რომ, დოკუმენტში, რომელშიც ნათქვამია, რომ „სამხედრო ბაზის შემადგენლობა ყალიბდება რუსეთის ფედერაციის მიერ, აფხაზეთის თანხმობით“, წინადადების მეორე ნაწილი ნამდვილად არაფერს ნიშნავს.