ლადო ასათიანის „ფიროსმანის დუქანი“ (დაბადების დღისადმი)

  14:52:17     14-01-2012

1917 წლის 14 იანვარს, ქუთაისში, დაიბადა დიდი ქართველი პოეტი ლადო ასათიანი.

მამას მელქისედეკი ერქვა, დედას ლიდა (ქალიშვილობის გვარი ცქიტიშვილი). ოჯახი ცხოვრობდა ლეჩხუმში, სოფელ ბარდნალაში. სამი შვილი ჰყავდათ, ორი ვაჟი და ქალიშვილი. მშობლები პედაგოგები იყვნენ.

მომავალი პოეტი სწავლობდა ბარდნალის საშუალო სკოლაში. შემდეგ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში განაგრძო სწავლა და წარმატებითაც დაამთავრა. მერე ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

1937 წელს კომუნისტებმა დააპატიმრეს დედამისი, ლიდა ცქიტიშვილი, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - „ხალხის მტრის“ ბრალდებით და გადაასახლეს. სამწუხაროდ, გადასახლებიდან ვერც დაბრუნდა იგი.

პირადად ლადოს "პროლეტარული კრიტიკოსები" მისწვდნენ და საჯაროდ გაკიცხეს "მავნე ლაყბობისათვის". შემდეგ "კონტრევოლუციური ლაყბობის" ბრალდებით გარიცხეს ინსტიტუტიდან. ეს ძალიან საშიში იყო, "ხალხის მტრის" შვილი, "კონტრევოლუციურად მოლაყბე" უკვე განწირული იყო.

დაპატიმრებას კი გადარჩა, მაგრამ სამსახურში არსად მიიღეს და გაჭირვებაში ცხოვრობდა. შემდეგ, როგორც იქნა აღადგინეს ინსტიტუტში. მაგრამ, მაინც არ ასვენებდნენ "პროლეტარული კრიტიკოსები", არ მოსწონდათ მისი პატრიოტული სულისკვეთება, მისი ნაციონალისტური პოეზია.

სულ მუდამ აკრიტიკებდნენ. ის კი შეუდრეკლად ხვდებოდა არაობიექტურ კრიტიკას. პოეტს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ფიროსმანთან. ძალიან უყვარდა და აფასებდა მის შემოქმედებას. „მთვარეულივით დავემხობი თბილისის მიწას და დიდი ნიკო ფიროსმანის ნატერფალს ვკოცნი!“ ესეც არ მოსწონდა ზოგიერთს. ერთხელ პოეტი მეგობარს წერდა  აბასთუმნიდან, უკვე დაავადებული:

„რაც შეეხება მაგ კრიტიკოსს, სულელია მაგ საწყალი... როდის წერდნენ, თუ ძმა ხარ, გრიგოლ ორბელიანი და გრიშაშვილი ფიროსმანზე, ა? ან თუ გინდა სხვები წერდნენ, განა ჩემი ფიროსმანი ვინმესას ჰგავს, ან მე ისე მესმის ფიროსმანი, როგორც სხვებს ესმოდათ? ფიროსმანზე თითოოროლა სტრიქონი თუ აქვს ვინმეს აქა-იქ, თორემ მთელი თავისი შემოქმედებისათვის არავის დაუკავშირებია ფიროსმანი, მე კი ჩემს ცხოვრებასა და ამ უიღბლო კაცის ცხოვრებას შორის მოვნახე რაღაც ნათესაური. მე ფოროსმანის „პრიმიტივი“ მესმის როგორც მაღალი ხელოვნება... ფიროსმანის უზრუნველობა მინატრია მე ჩემი ლექსისთვის... რამდენი „კულტურული“ მხატვარი ინატრებდა მის სურათებს... მე მართალი კაცი ვარ, ჩემი ლექსის თემაც მუდამ საქართველოა... იჭია-ბიჭია ცრუ პატრიოტიზმი ჩემი საქმე არ არის... ასეა და ასე იქნება სიკვდილამდე! მომკლა, ბიჭო, ამდენმა სირეგვნემ!“

ლადო ასათიანის დაბადების დღის აღსანიშნავად გავიხსენოთ მისი ერთი ლექსი მიძღვნილი ფიროსმანისადმი. ეს ლექსი დაიწერა 1940 წელს. ამ დროს ლადომ იცოდა, რომ მალე უნდა შეხვედროდა თავის „ძმაკაცს“.

მართლაც, დიდი პოეტი გარდაიცვალა 1943 წლის 23 ივნისს. მისი გარდაცვალების თარიღს შარშან მივუძღვენით პუბლიკაცია. ლადო ასათიანზე საუბარი სხვა დროსაც გვექნება.

ფიროსმანის დუქანი

მე მიყვარს შენი გრილი დუქანი,
შენი სიფათი და მარიფათი,
თვალები, ცეცხლით განაშუქარი,
და წელზე ვერცხლის ქამარი ფართე.

შუა ბაზარში დუქანი გქონდა,
ბევრი რამ გქონდა ღვთის მოცემული:
ჭრელი კალმახი — არაგვის მკვიდრი,
ბოლოკი, წითლად ალმოდებული,
ქორფა მწვანილი და შუშა კიტრი,
პატარძალმა რომ დაკრიფა დილით,
ყარაჩოღელის ცრემლით რომ ტირის…

შუა ბაზარში დუქანი გქონდა,
ბევრი რამ გქონდა ღვთის ბოძებული:
დილაადრიან გადასაკრავი,
ატამი, წითლად ალმოდებული,
ხუჭუჭთმიანი პატარა კრავი
და კახურ ღვინით სავსე ტიკჭორა,
გასიებული, ვით ქვეყნის ჭორი...
შუა ბაზარში დუქანი გქონდა,
ელეთ-მელეთის ქარი რომ ქროდა,

მაგრამ ილაღე, იბედოვლათე,
„გადაგიბრუნდა ჭკვა და გონება“,
გაანიავე მთელი დოვლათი,
ქარს გაატანე მთელი ქონება...

ვერ გამოდექი და ვერ ივაჭრე,
საქვეყნოდ ჭამე კაცმა სირცხვილი
გაკოტრდი, როგორც ნოე ჩხიკვაძე,
დადექი, როგორც ნოეს წისქვილი.

არ მომანათო მაგ საღადარე
თვალები, ცეცხლით განაშუქარი,
არ შემეკითხო, რად შევადარე
ნოეს ხუხულას შენი დუქანი!

ამწვანებულა ძველი ხეხილი,
გაცოცხლებულან ძველი ბიჭები,
ხელგაშლილი და გულგაღეღილი
დგახარ და მუშტარს ეპატიჟები…

ეს რამდენი რამ დაგიხატია,
გამდიდრებულხარ ფერის დოვლათით,
ახლა ყველასთვის ცხადზე ცხადია:
არც ვაჭარი ხარ, არც ბედოვლათი!

მოვდივარ შენთან, ჩემო ძმაკაცო,
სხვა მეგობარი ქვეყნად ნუ გინდა,
მოვდივარ შენთან, ჩემო ძმაკაცო,
და ხარბად მიმაქვს შენი დუქნიდან
შუშა კიტრი და ქორფა მწვანილი,
პატარძლის ხელით გამოყვანილი...

1940 წელი