
ბოიკოტი პუტინს - ბრიტანელი დეპუტატი მის პერსონა „ნონ-გრატად“ გამოცხადებას მოითხოვს
11:32:15     14-01-2012
ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა, არ დაუშვან ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე. ბრიტანეთის პარლამეტის დეპუტატი ლეიბორისტული პარტიიდან დენის მაკშეინი უახლოეს მომავალში აპირებს შესთავაზოს კოლეგებს, მკვეთრი სიგნალი გაუგზავნონ რუსეთის პრემიერს და ღიად უთხრან, რომ არ ღირს მისი დასწრება ოლიმპიადაზე და ეს არასასურველი იქნება.
ამის შესახებ მაკშეინმა Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა. მას სურს ამ საკითხზე პარლამენტს კენჭისყრაც შესთავაზოს. დეპუტატის ინიციატივის საფუძველი კი არის ის, რომ მოსკოვი სისტემატურად არღვევს ადამიანის უფლებებს.
ამავდროულად, პარლამენტარი განმარტავს, რომ ლონდონში არანაირი ანტირუსული განწყობილებები არ არსებობს და მისი ნაბიჯი მიმართულია არა მთლიანად რუსეთისა და მით უმეტეს, მისი ოლიმპიელების ან ტურისტების, არამედ პირადად პუტინის წინააღმდეგ. მისი თქმით, ბრიტანეთის ამჟამინდელი ხელისუფლება ხმამაღლა აკრიტიკებდა მუამარ კადაფის თუ ბაშარ ასადს, მაგრამ ის ჩუმდება, რომცა საუბარი რუსეთს ან ჩინეთს ეხება.
„მოვიდა დრო, დავიცვათ ბრიტანული ღირებულებები და არა ფეხქვეშ გავეგოთ პუტინს იმ იმედით, რომ ის სირიის ან ირანის საკითხში ჩვენთან ურთიერთქმედებას მოახდენს“ - განაცხადა მაკშეინმა.
ბრიტანელმა დეპუტატმა მსგავსი ისტორიული მაგალითიც მოიყვანა: 1980 წელს პრემიერმა მარგარეტ ტეტჩერმა გაბედა ბოიკოტი გამოეცხადებინა მოსკოვის ოლიმპიადისათვის, - მას შემდეგ, რაც საბჭოთა ჯარები ავღანეთში შევიდნენ. „მე ვიმედოვნებ, რომ ბატონმა კემერონმა, თუკი მას სურს მიბაძოს „რკინის ლედის“, პუტინს უნდა უთხრას „არა“ “ - განაცხადა ბრიტანელმა დეპუტატმა, რომელიც თვლის, რომ ბრიტანეთის ამჟამინდელი ხელისუფლებას ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს: ადამიანის უფლებების ყველა დარღვევა, როგორც ჩანს, ერთნაირი არ არის: როცა დევიდ კემერონი გასულ წელს რუსეთში ჩავიდა, მაგნიტსკის თემა საჯაროდ არ წამოწეულა, რაც სამწუხაროა, - განაცხადა მან.
Guardian კი წერს, რომ ბრიტანეთის მთავრობა უარს ამბობს წამოჭრას ასეთი საკითხები, რადგანაც არ სურს პოლიტიკური დაძაბულობა შექმნას მოსკოვთან ურთიერთობაში და ნეგატიურად იმოქმედოს იმ ბრიტანული კომპანიების საქმიანობაზე, რომლებიც ბიზნესს რუსეთში აწარმოებენ.
მაკშეინი მოუწოდებს ბრიტანეთს, შეუერთდეს 60 რუსი ჩინოვნიკის წინააღმდეგ სანქციებს, ე.წ. „მაგნიტსკის სიას“, რომელიც აშშ-სა და რიგ ევროპულ ქვეყნებშია მიღებული.
ბრიტანეთი ოფიციალურად ამ სანქციებს არ მიერთებია, მაგრამ როგორც გაზეთი Observer წერს, არსებობს „დახურული სია“ რუსი ჩინოვნკებისა, რომლებიც მაგნიტსკის საქმის მონაწილენი არიან და მათ ქვეყანაში შესვლა აკრძალული აქვთ.
მაკშეინი თვლის, რომ სანქციები აუცილებელია კორუმპირებული რუსი ჩინოვნიკების წინააღმდეგ, რომლებიც ბრიტანეთში ცხოვრებით დასატკბობად ჩადიან, პარალელურად კი რუსეთის მოქალაქეების საბაზისო უფლებებს არღვევენ.
როგორც რუსული Газета.Ru წერს, ინტერვიუ დენის მაკშეინთან ჟურნალისტმა ლუკ ჰარდინგმა ჩაწერა, რომელიც ადრე მოსკოვში Guardian-ის სპეცკორესპონდენტად მუშაობდა. 2010 წელს კი ჰარდინგს რუსეთში შესვლა აუკრძალეს. როგორც საგარეო უწყებამ განმარტა, ამის მიზეზი იყო ჟურნალისტის აკრედიტაციასთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა თავად ჟურნალისტი თვლიდა, რომ მას ქვეყანაში შესვლა მისი სტატიების გამო აუკრძალეს. ის ხშირად ინტერესდებოდა „პუტინის სიმდიდრით“. თუმცა სკანდალის შემდეგ ჰარდინგს ახალი ვიზა მაინც მისცეს.