რუსეთმა სირიას „უჩინარი გემით“ აკრძალული იარაღი ჩაუტანა
17:43:07     13-01-2012
მოსკოვმა მაინც მიაწოდა იარაღი სირიას. რუსულმა გემმა Chariot, რომელიც რამდენიმე ათეული ტონა საბრძოლო მასალითაა დატვირთული, კვიპროსი მოატყუა და სირიაში ამოყო თავი.
ვინსენტისა და გრენლანდიის დროშის ქვეშ მცურავი გემი სანქტ-პეტერბურგიდან დეკემბრის დასაწყისში გავიდა. ის რამდენიმე დღის წინ კვიპროსმა დააკავა, მაგრამ რუსული მხარის მიერ „პატიოსანი სიტყვის“ მიცემის შემდეგ, რომ „საშიშ ტვირთს“ არ ჩაიტანდნენ სირიაში, გემი გაათავისუფლეს.
პირობის მიუხედავად, რუსულმა იარაღმა მაინც მიაღწია სირიის სანაპიროებს. გუშინ Chariot უკვე პორტ ტარტუსში იყო. ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის სამხედრო-საზღვაო დაზვერვამ მოიპოვა.
როგორც გაირკვა, Chariot-ზე, რომელიც რუსულ კომპანია Westberg-ს ექვემდებარება, 4 კონტეინერში განთავსებული 60 ტონა სამხედრო მასალა - საბრძოლო აღჭურვილობა და ამუნიციაა. დოკუმენტების თანახმად, ეს ტვირთი სირიის პორტ ლატაკიაში უნდა ჩასულიყო.
რუსული მედია ავრცელებს ვერსიას, რომ სავარაუდოდ, სამხედრო ტვირთი სირიაში არ ჩასულა და ის სადღაც ზღვაში გადაყარეს, მაგალითად, ლიბიაში, რადგან ვრცელდება ის ინფორმაციაც, რომ სანკტ-პეტერბურგის შემდეგ, გემის პირველი გაჩერება უნდა ყოფილიყო არა სირიის ტარტუსში, არამედ ლიბიის ტრიპოლიში.
საერთოდ, გემის მარშრუტი ძალიან საეჭვოდ გამოიყურება, რომლის საფუძველზეც, ირკვევა, რომ Chariot, რატომღაც, ძალიან უაზროდ დაცურავდა ხმელთაშუა ზღვაში: 3 იანვარს ჩავიდა სირიის პორტ ტარტუსში, იქიდან თურქეთის ისკენდერუნში, შემდგომ გასწია მაროკოში, - ესპანეთის მფლობელობაში მყოფ პორტ სეუტისკენ, იქიდან ისევ ისკანდერუნში დაბრუნდა, 7 იანვარს კი კვიპროსის ლიმასოლში აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, რუსეთში ასკვნიან, რომ გემს აღნიშნული სამხედრო ტვირთი სანკტ-პეტერბურგიდან არ წაუღია და სვამენ კითხვას, მაშ, ვისი სამხედრო ტვირთი ჩაიტანა სირიაში Chariot-მა?
მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ტვირთი, რომლითაც გემი სანკტ-პეტერბურგიდან გავიდა, რუსულ კომპანიას ეკუთვნის, რომელიც სახელმწიფოს შუამავალია სამხედრო პროდუქციის იმპორტის საქმეებში. ეს დოკუმენტებშიცაა აღნიშნული. გემის ეკიპაჟის ექვსი წევრი რუსეთის, ერთი კი უკრაინის მოქალაქეა.
ეჭვებს აღრმავებს ისიც, რომ Chariot-მა, როცა სირიაში ჩავიდა, ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემა გამორთო და მისი დაფიქსირება უკვე შეუძლებელია. რუსეთში ნერვიულობენ და იმედოვნებენ, რომ გემი და ეკიპაჟი ცოცხალია და მათ საფრთხე არ ემუქრებათ.
ცნობილია, რომ მოსკოვი სირიის რეჟიმის მხარდამჭერია და ბაშარ ასადის მიერ ხელისუფლების შენარჩუნება მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ამავდროულად, ევროკავშირმა სირიისათვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგო დააწესა. სავარაუდოდ, რუსული Chariot-ის „უმისამართო კრუიზი“ და უჩვეული მარშრუტი ხმელთაშუა ზღვაში სწორედ იმისთვის იყო გამიზნული, რომ მოსკოვს ისე მიეწოდებინა იარაღი სირიისთვის, რომ გემის დანიშნულების ადგილზე მისვლა შეუმჩნეველი დარჩენილიყო.