
ვის შეხვდება ივანიშვილის თამასუქი ახალ ტელევიზიაში...
14:05:36     13-01-2012
ბიძინა ივანიშვილმა, ბევრი ხვეწნა–მუდარის მიუხედავად, ტელევიზიაში სოლიდურ თანხას გადავიხდი და შემდეგ 1 ლარად დაგიბრუნებთო, ვერცერთი ტელეკომპანიის მფლობელი ვერ დაითანხმა. მიუხედავად იმისა, რომ ოლიგარქის პოზიციებს ოპოზიციური ტელევიზიები ისედაც შეუზღუდავად ახმიანებენ, ივანიშვილი ასიათასობით ლარს რეკლამირებაში მაინც ხარჯავს. პრობლემა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ რუსეთში გამდიდრებული ბიზნესმენი მედია–საშუალებებს ძვირადღირებულ რეკლამებს უკვეთავს, არამედ იმაში, რომ ზოგიერთი გამოცემა, ფულის მიღების შემდეგ, ავტომატურად ხდება მისი მხარდამჭერი და მადლიერების ნიშნად, საკუთარ გამოცემაში ივანიშვილზე კრიტიკურ აზრს აღარ აჭაჭანებს.
მიუხედავად ქართული მედია–საშუალებების დიდი ნაწილის მომადლიერებისა, ივანიშვილი საკუთარი ტელევიზიის შეძენის სურვილს ვერ იოკებს. როგორც ბოლო დღეებში გახდა ცნობილი, უახლოეს ხანში, ოლიგარქი სურვილს აისრულებს და სატელიტურ ტელეარხს გახსნის, რომლის მმართველიც, პარტიის მსგავსად, მისი მეუღლე – ეკატერინა ხვედელიძე იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, არხმა სამაუწყებლო ლიცენზია გასული წლის სექტემბერში მიიღო. ,,მედია.ჯის’’ ინფორმაციით, შპს „იგრიკას“ დირექტორი 2011 წლის 12 დეკემბრამდე ტელეკომპანია ,,მაესტროს’’ დირექტორი, ილია კიკაბიძე გახლდათ, 12 დეკემბრის შემდეგ კი – ტელერეჟისორი ლაშა შონიაა, რომელიც დეკემბრამდე „ქართულ ოცნებაში“ მუშაობდა და ტექნიკურ საკითხებზე იყო პასუხისმგებელი. ლაშა შონია ირაკლი ტრიპოლსკისთან ერთად ტელეკომპანია „მე-9 არხზეც“ მუშაობდა. იყო ტელეკომპანია „მზის“ პროგრამების დირექტორიც. შპს ,,აქცეპტის’’ 80%–ის მფლობელი (რომელსაც დეკემბრის შემდეგ კიკაბიძის ტელევიზია ეკუთვნის) ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ხვედელიძეა, ხოლო 20 პროცენტის კახა კობიაშვილი, რომელიც ივანიშვილის კომპანიებს – „ქართულ ჰოლდინგსა“ და ,,ჰოლდინგ ოცდამეერთეს“ ხელმძღვანელობს.
„იგრიკამ“, საკაბელო ქსელის გამოყენებით, მაუწყებლობის ლიცენზია 2011 წლის 9 სექტემბერს მიიღო, 23 დეკემბერს კი მას კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ თანამგზავრით მაუწყებლობის უფლება მისცა.
აქცეპტი უცხოური სიტყვაა და უნაღდო ანგარიშსწორების ერთ–ერთ ფორმას, ან გადამხდელის მიერ თამასუქზე გაკეთებულ წარწერას ნიშნავს, რომ ამ თამასუქის ვადაზე ადრე განაღდებას კისრულობს. სამართალში კი ეს ტერმინი ხელშეკრულკების დადებაზე დათანხმებას აღნიშნავს. ბიზნესმენ ივანიშვილის მეუღლის კომპანია როგორ გაამართლებს სახელწოდებას და რამდენად ნაყოფიერად ამოქმედდება ივანიშვილების თამასუქი, მალე გახდება ცნობილი, რადგან ივანიშვილი ტელევიზიისთვის ჟურნალისტებს უკვე არჩევს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოლიგარქი, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ჟურნალისტთა გარკვეული ნაწილი ჯერ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა, შემდგომ კი სოლიდური თამასუქებით დაასაჩუქრა, მის ტელევიზიაში ვერ მოხვდებიან, არა იმიტომ, რომ მათთან რაიმე პრეტენზია აქვს, ან ისინი სათანადოდ ვერ ახერხებენ მისი ფიგურის ზეკაცად წარმოჩენას, უბრალოდ, ივანიშვილს მეხოტბეები ურჩევნია ბევრ მედია–საშუალებაში ყავდეს, ხოლო საკუთარ ტელევიზიას ჯერ არშემდგარი ჟურნალისტებისგან დააკომპლექტებს. გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილი კადრებს ჟურნალისტიკის მესამეკურსელებს შორის არჩევს. იქნებ იმიტომაც, რომ მას ქართულ მედიაში, მიუხედავად იმისა, რომ ქებას ასხამენ, საკმაოდ ცუდი რეპუტაცია აქვს. ჟურნალისტებმა კარგად იციან, რომ ერთ მშვენიერ დღეს ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება ისინი სამსახურის გარეშე დატოვოს, როგორც ეს ერთხელ უკვე გააკეთა და ,,მეცხრე არხის’’ თანამშრომლებს სრულიად მოულოდნელად ამცნო: დღეიდან ტელევიზია გაუქმებულიაო. მით უმეტეს, რომ ახალ ტელევიზიას, რომელსაც ივანიშვილი მალე აამოქმედებს, მფლობელის გარდა, მმართველადაც იგივე ხალხი ეყოლება, რომლებსაც ივანიშვილივით თავი არ შეუწუხებიათ იმაზე ფიქრით, სად წავიდოდა უსამსახუროდ დატოვებული 300 თანამშრომელი.
ტელეკომპანია ,,მეცხრე არხი’’ ივანიშვილის ,,ქართუ ჯგუფმა’’ 1999 წელს დაარსა. 2004 წლის პირველ აპრილს კი ისე დახურა, რომ 300-მდე თანამშრომელს ხელმძღვანელობის განცხადება ტელევიზის დახურვის შესახებ საპირველაპრილო ხუმრობა ეგონათ. გავრცელებული იფორმაციით, ივანიშვილი განრისხება ტელევიზიაში გაშვებულმა დოკუმენტურმა ფილმმა გამოიწვია, რომელშიც საუბარი იყო მოსკოვში განხორციელებულ ტერაქტებში მაშინდელი საპრეზიდენტო კანდიდატის, ვლადიმერ პუტინის კვალზე. პუტინის განრისხებით შეშინებულ ივანიშვილს, რომლის ბიზნესიც რუსეთში სწორედ ხელისუფლების ხელშეწყობით ყვაოდა, სასწრაფოდ გადაუწყვიტავს ტელევიზიისთვის სადამსჯელო ღონისძიების გატარება და პუტინის საამებლად 300 თანამშრომელი სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილებით სახლში გაუშვა. ამის შემდეგ ჟურნალისტები, რომელთათვისაც ივანიშვილის დამოკიდებულება ტელევიზიასთან კარგადაა ცნობილი, ცხადია მშვიდად ვერ იგრძნობენ თავს მის ახალ კანტორაში. ამიტომ მიუხედავად მისი დიდი სიმპათიისა, ალბათ თავიანთ სამსახურში დარჩენას და ივანიშვილის ხელფასის იქ მიღებას არჩევენ.