ჯგუფი "ქენდი" ლონდონში მიემგზავრება

  11:36:42     13-01-2012

საბავშო ევროვიზიაში გამარჯვებული ჯგუფი "ქენდი" 13 იანვარს ლონდონში მიემგზავრება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ჯგუფის მუსიკალურმა ხელმძღვანელმა გიგა კუხიანიძემ განუცხადა, "ქენდის" წევრები ლონდონში სასწავლებლად მიემგზავრებიან.

"ბავშვები სასწავლებლად პრეზიდენტის ინიციატივით მიდიან, ისინი ერთი თვის განმავლობაში ინგლისურის კურსებს გაივლიან და უკან დაბრუნდებიან", - განაცხადა კუხიანიძემ.

როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ჯგუფის პროდუსერმა განუცხადა, "ქენდის" ლონდონიდან დაბრუნების შემდეგ შემოქმედებითი სიახლეებიც ექნებათ.

"ჩვენ ვგეგმავთ სიმღერის ჩაწერას და კლიპის გადაღებას. ჯერ დაველოდები მათ ჩამოსვლას და მერე შევუდგებით შემოქმედებით პროცესს", - აღნიშნა კუხიანიძემ.

ცნობისთვის, საბავშო ევროვიზიაში გამარჯვებულ ჯგუფ „ქენდის" საქართველოს პრეზიდენტმა 12 დეკემბერს სასახლეში უმასპინძლა და გამარჯვება პირადად მიულოცა.

პრეზიდენტი პატარებს გაესაუბრა და მათ შემდგომი წარმატებები უსურვა. ქვეყნის პირველმა პირმა ჯგუფის პროდიუსერებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ კონკურსში სხვადასხვა ქვეყნის ესოდენ დიდ მხარდაჭერას უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. ანსამბლის წევრები მიხეილ სააკაშვილმა აიპოდებით დაასაჩუქრა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პატარები სასწავლებლად სამი კვირით ლონდონში გაემგზავრებიან. თავის მხრივ, მადლობა ჯგუფის წევრებმაც გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ პრეზიდენტმა მათ ოცნება აუსრულა.

შეგახსენებთ, რომ ერევანში გამართულ მსოფლიო დონის კონკურსზე ქართულმა ანსამბლმა ორიგინალური სიმღერა შეასრულა, 13 კონკურენტ ქვეყანას შორის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა და 108 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

GHN