
რუსუდან კერვალიშვილი: ვერ ვიტყვი, რომ ივანიშვილს ხვედელიძეზე მეტი გამოცდილება აქვს
09:16:11     13-01-2012
მმართველი გუნდის წევრი, პარლამენტის ვიცე–სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი პოლიტიკურ არენაზე, ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს, პოლიტიკურ დაძაბულობას უწინასწარმეტყველებს. კერვალიშვილის შეფასებით, ხვედელიძე საარჩევნო პერიოდში, ძალიან ბევრ მტკივნეულ ფაქტს წააწყდება, რადგან მას, დებატებში, პოლიტიკური პაექრობის გაწევა ძალიან ბევრ გამოცდილ პოლიტიკოსთან მოუწევს. „პრესა.ჯის“ კითხვებს რუსუდან კერვალიშვილი პასუხობს:
– პოლიტიკაში, რა შანსები აქვს ხვედელიძეს?
– ვფიქრობ, მთავარი მოქალაქეობის საკითხია. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ჯერჯერობით, ეს საკითხი ბოლომდეა მისაყვანი. ვერ ვიტყვი, რომ პოლიტიკაში, ივანიშვილს ხვედელიძეზე მეტი გამოცდილება აქვს. ქართულ პოლიტიკაში, ასეთი მოვლენები იშვიათი არ არის.
– თუმცა, ვინაიდან, ხვედელიძეს არანაირი პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს, როგორ ფიქრობთ, პოლიტიკურ დებატებს თავს გაართმევს?
– ძალიან კარგად მაქვს წარმოდგენილი, რომ მისთვის, საარჩევნო პერიოდში, ძალიან ბევრი მტკივნეული საკითხი იქნება. ეტყობა, ის ამისთვის ემზადება, თუმცა, ძნელი წარმოსადგენია, ეს ქალბატონი დებატებში მონაწილეობას როგორ მიიღებს, რადგან ძალიან გამოცდილ პოლიტიკოსებთან დებატებში შესვლა და პოლიტიკური პაექრობა მოუწევს.
– როდესაც, ივანიშვილმა პოლიტიკოსობის შესახებ სურვილი გამოთქვა, მის ხედვებში, მმართველმა გუნდმა, რუსულ კვალს მიაგნო. იმ ეტაპზე, თქვენ ივანიშვილის გეგმების შეფასებისას, თავს იკავებდით. ახლა რას ფიქრობთ?
– მაშინ, შეგნებულად შეფასებას არ ვაკეთებდი, რადგან “აგვისტოს ომთან” დაკავშირებით, მის ხედვებს არ ვიცნობდი. ახლა, კი შემიძლია გითხრათ, რომ ომთან დაკავშირებით, ივანიშვილისგან განსხვავებით, ჩემი დამოკიდებულება აბსოლუტურად ცალსახაა, კითხვაც კი არ მაქვს, რადგან პირადად ვიყავი პირველივე დღეს გორში, როდესაც, ომი დაიწყო. ვიცი, ჩემმა სამშობლომ რამდენი ტკივილი განიცადა. ჩვენთვის, ომი გაცილებით ადრე დაიწყო, რომელიც უკვე დიდი ხანია გრძელდებოდა. “აგვისტოს ომის” შეფასება, არ შეიძლება ორგვარი იყოს. ომის თავიდან აცილება, წარმოუდგენელი იყო. ეს ომი, მთელმა მსოფლიომ, როგორც ოკუპაცია და ეთნოწმენდა ისე შეაფასა. აქედან გამომდინარე, ამ საკითხზე, ივანიშვილთან თანხვედრა ვერასოდეს მექნება.
– მმართველი გუნდი, ივანიშვილს კონკურენტად აღიქვამს?
– ძალიან მინდა, რომ ჩვენს შორის იდეოლოგიური გამოწვევა იყოს, ანუ, ის რაც ჩვენი მოსახლეობის პირობებს გააუმჯობესებს, თუმცა, ჯერჯერობით, ამას ვერ ვხედავ. როდესაც, ჩვენთვის ივანიშვილისა და ხვედელიძის პლატფორმა ცნობილი გახდება, მაშინ, შეგვიძლია კონკურენციაზე ვისაუბროთ. ფულით შეჯიბრზე ყურადღებას არ ვამახვილებ, რადგან ფულის ნაკადის შეჩერება წარმოუდგენელია. რაც შეეხება იდეოლოგიას, ეს საინტერესო გამოწვევა იქნება. ამჟამად, მდგომარეობა აბსოლუტურად უფორმოა და ის ფორმებიც, რაც არსებობს, ჩემთვის გაუგებარია. რაც შეეხება არჩევნებისთვის ბრძოლას, მმართველ გუნდს, არც აქამდე ჰქონდა იმის ფუფუნება, რომ საქმე არ ეკეთებინა. ხელისუფლება, მუდმივად, მიმდინარე ომის რეჟიმში იმყოფება. რეზოლუციების წყალობით, მმართველი გუნდი იმ გზაზე დგას, რომელსაც ერთიანი, დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო ჰქვია. ეს კურსი არანაირად არ შეიცვლება, რადგან მას საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს, თუმცა, გასაკეთებელი კიდევ ბევრია.
– პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონებში მოსახლეობას აქტიურად ხვდება და საარჩევნო კამპანიას მართავს. ამ ფონზე კი, ივანიშვილის გუნდი, მთაწმინდის რეზიდენციიდან, რეკლამასა და პიარს, მხოლოდ მედიის საშუალებით იკეთებს. როგორ ფიქრობთ, ეს პოლიტიკური პოზა რამდენად მომგებიანი იქნება მათთვის?
– პრეზიდენტი, რეგიონებში, რომ დადის ეს სიახლეს არ წამოადგენს. სააკაშვილი საქართველოს ყველა კუთხეს იცნობს და მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ თითოეულ სოფელში რა ხდება, იცის. ვერცერთი კოშკიდან და სიმაღლიდან ეს ყველაფერი ვერ გამოჩნდება. მას საქართველო არამარტო უყვარს, არამედ ქვეყანა სტკივა. რაც შეეხება ივანიშვილის გუნდს, აჩქარება მოუწევს, რადგან ფულითა და მატერიალური რესურსებით არჩევნების მოგება შეუძლებელია. ხალხი იმას აირჩევს, ვინც იცის, რომ მათი ქვეყნისთვის მომავალია და არა წარსული.
– საპარლამენტო არჩევნებამდე, ცხრა თვეა დარჩენილი. ამ პერიოდის განმავლობაში, რას ელით?
–არჩევნებს გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩავატარებთ. ეს უდიდესი გამოწვევა იქნება, მაგრამ ჩვენი ქვეყანა, ამას ხუთიანზე ჩააბარებს. ამ რწმენას, ის მაძლევს, რომ წინა სირთულეები და ბარიერები გადალახულია.