პუტინის კლანი და მისი 130-მილიარდიანი იმპერია

  22:58:33     12-01-2012

ხელისუფლებაში ყოფნის მანძილზე, ვლადიმერ პუტინმა შეძლო შეექმნა იმპერია, რომლის ღირებულებაც 130 მილიარდი დოლარია. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი The Sunday Times და ჩეხური Lidové აქვეყნებენ.

ჩეხეთში მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ოჯახების რეიტინგი შეადგინეს, რომელშიც პირველი ადგილი სწორედ „პუტინის კლანმა“ დაიკავა.
გამოცემები იტყობინებიან, რომ პუტინისა და მისი ნათესავების ქონება 130 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს 56 მილიარდით მეტია, ვიდრე მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის კარლოს სლიმის ქონება. მექსიკელი მაგნატის ფინანსური აქტივები Forbes-ის შეფასებით 74 მილიარდი დოლარია.

აღნიშნულია, რომ კომპანიები, რომლებსაც „პუტინის კლანი“ ფლობს, არ ეკუთვნის სახელმწიფოს, თუმცაღა პრემიერის სიტყვა გადამწყვეტია როგორც ფინანსურ, ისე ადმინისტრაციულ საკითხებში.

პუტინმა მოახერხა შეექმნა ფინანსური იმპერია. ამ საქმეში მან ჩართო თავისი ნათესავები და მეგობრები. საოჯახო ბიზნესში აქტიურად მონაწილეობენ მისი ახლობლები - მიხაილ შელომოვი და მიხაილ პუტინი, და რაც მთავარია, მისი მეუღლე ლუდმილა პუტინა. ჩეხური გაზეთის ინფორმაციით, ყველა მათგანს კავშირი აქვს მსხვილ ფინანსურ სტრუქტურებთან, მაგალითად ბანკი „Россия“. ეს ადამიანები „გასაოცრად იღბლიანებიც“ აღმოჩნდნენ და ყველაფერში წარმატებას აღწევენ, რასაც კი ხელს მოჰკიდებენ.

ამიტომაც დღეს არავის ეპარება ეჭვი, რომ პუტინის სურვილი - კენჭი კვლავაც იყაროს საპრეზიდენტო არჩევნებში, განპირობებულია ამ სიმდიდრისა და მის მიერ შექმნილი იმპერიის კვლავაც შენარჩუნების, კონტროლისა და კიდევ უფრო გამდიდრების სურვილით.
პუტინის მეგობრებს, ძირითადად, „ფსბ“-ს თანამშრომლები წარმოადგენენ. არსებობს რამდენიმე მათგანის „აღიარება“ იმის შესახებ, თუ რაზე მიდის პუტინი ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

ოლეგ შვარცმანი. ის პუტინის იმპერიის ერთ-ერთი საკვანძო რგოლია. ფინანსისტი მსხვილ საინვესტიციო ფონდებს „პოლიტიკური ფიგურების დავალებით“ ხელმძღვანელობს. მან პირველად ინტერვიუ ფრანგულ გაზეთებს მისცა. ჯერ კიდევ 2008 წელს ის ადასტურებდა, რომ „პუტინის მეგობრები აკონტროლებენ ეკონომიკის ყველა დარგს. ისინი თავის მხრივ თავის კლანებს ამდიდრებენ. მაგალითად, ნავთობი. ყველა ტენდერი სიყალბეა. იმისათვის, რომ ტენდერში მოიგო, ბიზნესი უნდა გაუყო იგორ სეჩინის ფრაქციას. სეჩინი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო და ცნობილია, როგორც ნავთობის სექტორის „ნათლიმამა“. მე ზუსტად ვიცი, მე თავად ვარ ამით დაკავებული“ - ამბობდა შვარცმანი.

ენერგორესურსებით უმდიდრესი ქვეყანა, ითვლება, რომ დღეს უჩვეულოდ „არაადექვატურად“ ცხოვრობს. შვარცმანმა ამის მიზეზი კარგად იცის: განვითარების დინამიკას დღევანდელი რეჟიმი აფერხებს, ავტორიტარული კლანი, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის მოდერნიზაციას. პუტინის ყოფილმა კოლეგებმა „კგბ“-დან თუ სანკტ-პეტერბურგის მერიიდან მიიტაცეს ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლება.

არიან სხვა „თვითმხლველებიც“, რომლებიც ანონიმურობის დაცვას ითხოვენ, მაგრამ უკვე ცდილობენ სადმე მაინც აღიარონ პუტინის კლანში თანამონაწილეობა, ერთგვარი, თავის დაზღვევის მიზნით, რადგან ისევე როგორც ამ კლანში მოხვედრა, იქიდან გასვლაც საკმაოდ რთული და რისკთან დაკავშირებულია.

ასეთია, მაგალითად, კონსულტანტი, რომელსაც ხშირად უმუშავია კრემლზე. ის ამბობს, რომ ყველა მდიდრის მსგავსად, მანაც, ფული უკანონო გზებით დააგროვა. რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ იცის ამის შესახებ. „ისინი არ კითხულობენ, როგორ ვაკეთებ ფულს. მე კი ვდუმვარ, როცა ოპოზიციონერებს აპატიმრებენ. ყველაფერი ძალიან მარტივია: მეშინია დავკარგო ის, რაც მაქვს.“

მოკლედ, რეჟიმმა შვა ჩინოვნიკებისა და მდიდარი მენეჯერების კლასი, რომლის ცოდვებზეც კრემლმა ყველაფერი იცის. და ვიდრე ისინი მორჩილნი არიან, ხელისუფლება მზადაა არ შეიმჩნიოს მათი დანაშაულებები.

ამ „მოჯადოებულ წრეში“ თავისი ადგილი უკავია პოლიციას, რადგან ისიც სასამართლოსა და საიდუმლო სამსახურების მსგავსად, თანამონაწილეა.

იგორ გოლოშაპოვი „კგბ“-ს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი თანამშრომელია. ის ამტკიცებს, რომ „დღეს კორუფციამ პოლიციასა და სასამართლოში არნახულ საზღვრებს მიაღწია, რადგან ის არსებობს ზევით. იმისათვის, რომ დაბალანაზღაურებადი პოლიცია შეინარჩუნონ, სამართამდამცველები ყოველი თვის ბოლოს საწარმოებში რეიდებს აწყობენ, აი, როგორ ხდება ეს: გინდათ დაიქვემდებაროთ მომგებიანი კომპანია? ამისათვის საკმარისია იყიდოთ პროკურორი და საჭირო ადამიანი შსს-დან. ისინი შეადგენენ საკუთრების უფლების დამადასტურებელ ყალბ დოკუმენტს, მივლენ კომპანიის მთავარ ოფისში, ქუჩაში გაყრიან თანამშრომლებს და ძალით მიიტაცებენ საწარმოს. ასეთ თავდასხმებს არა განსაკუთრებული, არამედ, თითქმის, უკვე, რიგითი ჩინოვნიკებიც აწყობენ. ხშირად ამ დიდ კლანში მცირე კლანებს შორის გარჩევებიც ხდება ხოლმე და გაზეთების ფურცლებზე გადანაცვლებული ამ ბრძოლების ჩახშობა პუტინს ხშირად უწევს.“
პირობა ასეთია: ან ითანამშრომლებ, ან… გაქრები.

პუტინი არ ეხება ძალოვნებს. ისინი მისი რეჟიმის დასაყრდენები არიან, განსაკუთრებით, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში. სწორედ ყოფილი ძალოვნები იკავებენ სახელმწიფო აპარატში წამყვან პოსტებსაც. ეს ადამიანი „უბრალო მოკვდავებს“ ვეღარ ენდობა.
რეგიონალურ ხელმძღვანელებთან მიმართებაშიც იგივე ხდება, მოქმედებს პრინციპი - „ხელი ხელს ჰბანს“.

ანატოლი ერმოლინი, დუმის ყოფილი დეპუტატი ყვება, რომ კრემლსა და რეგიონალურ ჩინოვნიკებს შორის არსებობს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც „ფსბ“-ს დახმარებით შეიძლება დაკავდე მახინაციებით, „ზევით“ ამაზე თვალს დახუჭავენ, მაგრამ ერთი პირობით: ხალხი მორჩილებაში უნდა გყავდეს. თუ რომელიმე ასეთი ჩინოვნიკი „ხალხის დამორჩილიების საქმეში“ გადააჭარბებს, მასთან მაშინვე „პიარშიკს“ აგზავნიან.

როდემდე შეეგუებიან რუსები ასეთ უკანონობას? ამას კრემლი გრძნობს და როგორც აღმოჩნდა, „ფერადი რევოლუციების“ შიშს უკვე, წლებია, შეპყრობილი ჰყავს. ყოფილი მრჩევლები ადასტურებენ, რომ განსაკუთრებულ პანიკაში, პუტინი, უკრაინის „ნარინჯისფერი რევოლუციის“ დროს იყო.

და რა გააკეთა პუტინმა მაშინ, ამის თავიდან ასარიდებლად?

შეიმუშავეს რადიკალური ავტორიტარული სტრატეგია: კონტროლი აიღეს არასამთავრობო სექტორზე, მიიღეს კანონები, რომლებიც ოპოზიციას ექსტრემისტული ტერმინოლოგიის გამოყენებას უკრძალავს, თანაც ამ კანონებით ექსტრემიზმად შეიძლება ჩაითვალოს ყველაფერი… შექმნეს პროპუტინისტური ახალგაზრდული მოძრაობა, რომლის უმთავრესი მისიაც ხალხის ქუჩაში გასვლის შემთხვევაში ხალხის კონტროლი და საკუთარ „არეალში“ მოქცევაა. ეს ორგანიზაციებია „ნაში“, „ანტიფაშისრები“,  რომლებიც, თავის მხრივ, კადრებს „პატრიოტული რევოლუციისთვის“ ამზადებენ.

რაც მთავარია, იმავე პუტინის კლანს მეტ-ნაკლებად ჩამოშორებული ადამიანები ადასტურებენ, რომ კრემლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური „იარაღი“ ხალხის „მტრული დასავლეთით“ დაშინებაა. ამ კამპანიამ ფრთები 2005 წელს გაშალა და დღემდე ძალაშია.

იმისათვის, რომ არ დაუშვას მცირე კონკურენციაც კი პუტინის კლანი გადავიდა მეორე ფაზაზე: დაიწყო „პოტიომკინის დემოკრატიის“ შექმნა. ამაზე კრემლის პოლიტოლოგები ყვებიან: საჭირო იყო „ედინაია როსიას“ გამარჯვება, ტყავიდან ამოძრომა გვიხდებოდა, ზოგიერთი პარტიების აკრძალვა და „მტრული დასავლეთის“ ფაქტორის გაძლიერება.

„ჩვენ ვცდილობდით შეგვექმნა პროპუტნისტური იმპერია“. არჩევნებს ისეთი მასშტაბებით ვაყალბებდით, რომ თვით ხელისუფლების მომხრე ამომრჩეველიც კი გაოგნებული იყო.

კრემლის „ბნელი ლაბირინთების“ მნახველებს მიაჩნიათ, რომ პუტინი, რომელმაც თავისი იმპერია შექმნა, უკვე, ერთგვარად, სიტუაციის მძევალიცაა - ნებაყოფლობითაც და ამის გარეშეც. ძალაუფლების დაკარგვა მისთვის კატასტროფის მომასწავებელია.