
ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის პერიმეტრი გადათხარეს და ქართველებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ
17:46:29     12-01-2012
რუსი ოკუპანტები აფხაზეთში "სასაზღვრო" პერიმეტრს თხრიან, რომ ქართულმა მოსახლეობამ ზუგდიდთან დაკავშირება ვეღარ შეძლოს, მათ კი, ვინც ოკუპანტებს არ ემორჩილება სასტიკად უსწორდებიან. როგორც ცნობილია ოკუპანტებმა ამის გამო 18 ქართველი დააპატიმრეს. ,,პრესა.ჯი’’ გალში მიმდინარე მოვლენებზე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სამეგრელო–ზემო სვანეთში, თორნიკე კილანავას ესაუბრა.
– ბატონო თორნიკე, რა ინფორმაციას ფლობთ გალში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით?
– ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან ხდება ე.წ. საზღვრის პერიმეტრის გადათხრა. მათ სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით, ყველა მისასვლელი აქვთ გადათხრილი. ასევე, ადგილობრივი მოსახლეობა გაფრთხილებულია, რომ არ ამოავსონ ეს თხრილები და არ ისარგებლონ ამ გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გატარებული იქნება სხვადასხვა სახის სადამსჯელო ღონისძიებები. ამას, რა თქმა უნდა, მოსახლეობამ გაუწია წინააღმდეგობა.
ერთ–ერთ პიროვნებას, რომელიც ტრაქტორით ცდილობდა თხრილის ამოვსებას, კუთვნილი ტრაქტორი ჩამოართვეს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ოკუპანტები ცდილობენ ადგილობრივ მოსახლეობას არ მისცენ ზუგდიდის მიმართულებით სასოფლო–სამეურნეო პროდუქტის გატანის შესაძლებლობა. ძირითადად, საუბარია თხილის მოსავალზე, რომლის ადგილზე დაბინავებაც მოსახლეობას არ სურს, რადგან ეს ხდება მათი დაყაჩაღების მიზეზი. თანაც თხილის ჩასაბარებელი ფასი ზუგდიდში უფრო მაღალია და შესაბამისად, მოსახლეობა ცდილობს, როგორმე ეს პროდუქტი ზუგდიდში გადაიტანოს.
– ანუ თხილის მოსავალს უკავშირდება საზღვრის ჩაკეტვა?
– არამარტო თხილის გატანის საშუალებას არ აძლევენ, ყველანაირი მიმოსვლა აკრძალულია. მოსახლეობას არ ეძლევა გადაადგილების საშუალება იმ შემთხვევებშიც კი, როცა ეს უკავშირდება ჯანმრთელობის პრობლემებს.
– რა ზომებს შეუძლია მიმართოს ქართულმა მხარემ სეპარატისტულ აფხაზეთში ქართველების დასაცავად, გარდა იმისა, რომ საქმის კურსში ჩააყენოს საერთაშორისო ორგანიზაციებს?
– სამწუხაროდ, ერთადერთი ფორმატი, რომლითაც ქართული მხარე ახერხებს მოსახლეობის ინტერესების დაცვას, ეს არის საერთაშორისო მოლაპარაკებები. ჩვენს მიერ აბსოლუტურად ყველა ინციდენტზე ინფორმირებული არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ამ რეგიონში მუშაობენ.
– უცნობია იმ 18 ადამიანის ბედი, რომელიც ოკუპანტებს დაკავებული ჰყავთ?
– ჩვენი ინფორმაციით, ზოგიერთი მათგანი უკვე გათავისუფლებულია. მათ გადაახდევინეს ჯარიმები და ალბათ სხვებსაც ასეთი ბედი ეწევათ.
– რამდენად ხშირია მოსახლეობის უფლებების დარღვევა სეპარატისტულ აფხაზეთში?
– მსგავსი ინციდენტები წლების განმავლობაში გრძელდება. სისტემატიური ხასიათი აქვს ოკუპანტების მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების შეზღუდვას, ეს არის გადაადგილების უფლება, საცხოვრებელი პირობები, ასევე, განათლების უფლება. ქართული მოსახლეობის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად ირღვევა. იმდენად ნათელი მაგალითებია ადამიანის უფლებების დარღვევის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ადგილზე მუშაობენ, უფრო ქმედითუნარიანები უნდა იყვნენ, მეტად უნდა ახდენდნენ რეაგირებას ასეთ ფაქტებზე. ჩვენთვის მათ მორალურ მხარდაჭერას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.