ივანიშვილს, საფრანგეთი, მოქალაქეობის შეწყვეტაზე უარს ეუბნება

  12:54:24     12-01-2012

ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი კვლავ საფრანგეთის მოქალაქეა და მას საფრანგეთი მოქალაქეობის შეწყვეტაზე უარს ეუბნება. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება, საფრანგეთის მთავრობამ, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელს ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობის შეწყვეტის მოთხოვნაზე უარით უპასუხა.

საფრანგეთის მთავრობის წერილში, რომელიც ივანიშვილის ადვოკატებმა გამოაქვეყნეს,  საფრანგეთის მთავრობა ადასტურებს, რომ მოქალაქეობის შესახებ ევროპული კონვენციის შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს ვერ შეუწყვეტს საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობას, სანამ ის საქართველოს მოქალაქეობას არ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მოქალაქეობა მას შემდეგ შეუწყდა, რაც განაცხადა რომ სამი ქვეყნის: რუსეთის, საფრანგეთისა და საქართველოს მოქალაქეა. ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ალბათ დიდად არ შეაწუხებდა, რომ არა კანონის შეუთავსებლობა მის პარტიულ ინტერესებთან, რის გამოც, ეჭვიანი ოლიგარქი იძულებული გახდა პარტია მეუღლისთვის ჩაებარებინა, რადგან ივანიშვილი, როგორც ცნობილია საკუთარ გარემოცვას არასდროს ენდობა. ამ ფაქტს ისიც ადასტურებს, რომ მისი არაერთი ახლობელი, მათ შორის ნათესავებიც, ივანიშვილმა ციხეში გაისტუმრა. პოლიტიკური ეიფორიით აღტკინებულმა ოლიგარქმა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენით სასამართლოს მიმართა, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინა ხვედელიძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ეკატერინა ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ნაწილში, ხოლო ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის შეწყვეტის ნაწილში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.   

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის მიერ, საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის მიღება, წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის კანონისმიერ საფუძველს, რადგან  ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, პირი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას.

ეკატერინა ხვედელიძესთან მიმართებით კი სასამართლომ აღნიშნა, რომ, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების დროს, იგი უკვე იყო როგორც რუსეთის ფედერაციის, ასევე საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის ფაქტის მოგვიანებით  შეტყობა სამართლებრივად ვერ გაუთანაბრდება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ ეკატერინა ხვედელიძის მიერ, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას და ამდენად, ბიძინა ივანიშვილისაგან განსხვავებით, მიიჩნია რომ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა არ შეესაბამება კანონმდებლობას.

ვინაიდან ეკატერინა ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა, ივანიშვილმა პარტია მას გადააბარა, იმედია ხვედელიძეც მისი ნათესავების ბედს არ გაიზიარებს და ცუდსიზმარნანახი მეუღლე ერთ მშვენიერ დღეს სამართალდამცავ ორგანოებთან არ დაასმენს საკუთარი ინტერესების საზიანოდ მოქმედებაში.