მოსკოვი უკვე ღიად ემუქრება კიშინიოვს

  08:59:57     12-01-2012

რუსეთი უკვე ღიად ემუქრება მოლდოვას 2008 წლის აგვისტოს ომის განმეორებით, თუმცა ამ ომის „რუსული კონტექსტით“:

„თუ კიშინიოვში ვინმეს აღიზიანებს რუსი სამშვიდობოები, მაშინ, სცნონ დნესტრისპირეთის სახელმწიფოებრიობა და რაც უფრო ჩქარა მოხდება ეს, მით მალე დასრულდება რუსული სამშვიდობო მისია. ისე, რუსი სამშვიდობოები სამხრეთ ოსეთში სააკაშვილისათვის არ გამხდარა ბარიერი, რათა 2008 წელს ოპერაცია „სუფთა ველი“ ჩაეტარებინა. რით დამთავრდა მაშინ ქართველი პრეზიდენტის ავანტიურა, ყველას გვახსოვს“ - აცხადებენ რუსი ექსპერტები.

მოსკოვს უკვე ძალიან არ მოსწონს მოლდოვას “თავგასულობა”, რომელსაც, მას შემდეგ, რაც 1 იანვარს დნესტრის საშვიდობო პოსტზე რუსმა სამშვიდობოებმა მოქალაქე მოუკლეს, გამოეხმაურა აშშ, გერმანია, ევროკავშირი… მოსკოვს არ მოსწონს, რომ მოლდოვა „ევროკავშირის ფულით აპირებს რეალური რეინტეგრაცია მოახდინოს დნესტრიპისრეთისა“. მით უფრო, რომ ამ ყველაფერმა უკვე დოკუმენტური ასახვა ჰპოვა და გუშინ ევროკავშირმა გაეროსთან ერთად კიშინიოვს 13 მილიონი ევროს გამოყოფაზე ხელშეკრულება გაუფორმა. ეს ფული კიშინიოვსა და ტირასპოლს შორის ნდობის გამყარებაზე უნდა დაიხარჯოს.

რუსულმა მედიამ კარგად შეისწავლა ამ თანხის დანიშნულება, განსაკუთრებით კი მოლდოვას პრემიერ-მინისტრის სიტყვები მოხვდა გულზე: „ქვეყნის რეინტეგრაცია მოლდოვას რესპუბლიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია“ - განაცხადა მან. ევროპული ფული დაიხარჯება სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც „მოლდოვას ეკონომიკურ, სოციალურ და საინფორმაციო სივრცეში დნესტრისპირეთის რეგიონის რეალური რეინტეგრაციის პირობას შექმნის“.

თავის მხრივ, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა კიშინიოვში განაცხადა, რომ ევროკავშირი კვლავაც დაეხმარება მოლდოვას დნესტრისპირეთისათვის განკუთვნილი პროექტების რეალიზებაში.

სწორედ ამის მერე გაკეთდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იმის შესახებ, რომ „დაუშვებელია, როცა თავად მოლდოვაში და მის გარეთ არსებობენ ძალები, რომლებიც თავისი პოლიტიკური გამორჩენის გამო ძაბავენ სიტუაციას, არ ფიქრობენ ამის შედეგებზე და უსაფრთხოების ზონაში დაძაბულობის ესკალაციას ახდენენ“ - ნათქვამია ლავროვის უწყების განცხადებაში.

მოსკოვი მიიჩნევს, რომ მისი ჯარისკაცები პირნათლად ასრულებენ  სამშვიდობო მისიას, ხოლო 1 იანვარს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა მოლდოვას სპეცსამსახურებისა და მათი რუმინელი კოლეგების მიერ წინასწარ, კარგად დაგეგმილი პროვოკაციაა. რუსი ექსპერტები პრაქტიკულად არ მალავენ, რომ სამშვიდობო მისია მხოლოდ საფარველია, რეალურად კი, რუსეთს რეგიონიდან გასვლა არ სურს, ყოველ შემთხვევაში, მანამდე, ვიდრე მოლდოვა დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ამის შემდგომი „გასვლაც“, ალბათ, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან „გასვლის“ იდენტური იქნება.

„სურთ განდევნონ რუსეთი რეგიონიდან და წაართვან დნესტრისპირეთს სახელმწიფოებრიობა… დღეს ეს ერთი უბრალო მოქალაქე, ხვალ ათობით მესაზღვრე იქნება, ზეგ კი ახალი ფართომასშტაბიანი კონფლიქტი, თითქმის, ევროპის შუაგულში… დნესტრისპირეთი შემდგარ სახელმწიფოა, მისი ფორმალური აღიარების მიუხედავად. ეს ისევე ცხადია, როგორც ის, რომ რუსეთის სამშვიდობო მისიას დნესტრზე არ აქვს ალტერნატივა“ - აცხდებს უახლესი სახელმწიფოების საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი ალექსეი მარტინოვი. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ მოსკოვიდან უკვე დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობის ოფიციალურად აღიარების მუქარაც გაისმა.